დაცული ტერიტორიების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამასთან და კავკასიის ბუნების ფონდთან ერთად, ხაზს უსვამს გარემოს დაცვისა და ცხოვრების მწვანე წესის მნიშვნელობას
გარემოსდაცვითი კამპანია „ჩემი ფანჯრიდან“ განგაშის ზარს ჩამოკრავს
24 July 2022
ჩვენ ვხედავთ სამყაროს ჩვენი ოთახების ფანჯრებიდან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს ხშირად ვერ ვამჩნევთ. ყოველწლიურად, დედამიწა 10 მილიონ ჰექტარამდე ტყეს კარგავს. 8 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი ოკეანეებში იყრება. კლიმატის ცვლილება სურსათისა და სუფთა წყლის ნაკლებობით, კატასტროფებით, დაავადებებითა და ეკონომიკური ზარალით გვემუქრება. ჩვენს თვალწინ ეკოლოგიური კრიზისი ვითარდება, რომელიც თითოეული ადამიანისგან დაუყოვნებელ რეაგირებასა და მტკიცე მოქმედებას ითხოვს.
ამ შემაშფოთებელ შეტყობინებას გვიგზავნის ფოტოგამოფენა, ინსტალაცია და პერფორმანსი „ჩემი ფანჯრიდან“, რომელიც 24 ივლისს თბილისში, დედაენის ბაღში გაიმართა.
გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ სიმბოლური „ოთახის“ ფანჯრიდან გაიხედონ და თავად გადაწყვიტონ, როგორი სამყაროს ხილვა ენდომებოდათ მომავალში - სუფთა და ჯანსაღი პლანეტის, თუ დაბინძურებული, პლასტიკითა და ტოქსინებით მოწამლული სივრცის.
ოთახის გარშემო განთავსებული ფოტოგამოფენა საქართველოს ულამაზეს დაცულ ტერიტორიებს ასახავს, რათა კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი საგანძურის დაცვა.
აქვე წარმოდგენილია ადამიანების ფანჯრებიდან გადაღებული ფოტოები, რომლებიც ბუნებრივ გარემოზე ადამიანის ზემოქმედების კვალს გვიჩვენებს. ზოგი ფოტო ხელუხლებელ ბუნებას ასახავს, ზოგიც - დაბინძურებულ და დეგრადირებულ გარემოს.
ეს ფოტოები სოციალური მედიით ჩატარებული ფოტოკონკურსის შედეგად შეგროვდა. კონკურსის მონაწილეები ფოტოებს საკუთარი ფანჯრებიდან იღებდნენ და ფოტოკონკურსის გვერდზე ათავსებდნენ. ფოტოკონკურსმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთი თვის მანძილზე, მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 50-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო.
გარემოსდაცვითი კამპანია „ჩემი ფანჯრიდან“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის/UNDP, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის/GEF და კავკასიის ბუნების ფონდის/CNF ხელშეწყობით განხორციელდა. კრეატული იდეის ავტორია ფოტოგრაფი ლევან ქაშიბაძე.
გამოფენის გახსნას და თეატრალურ პერფორმანსს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამისა და კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ფოტოკონკურსის ყველა მონაწილეს მიულოცეს და სამი გამარჯვებული ფოტოს ავტორები გამოაცხადეს.
“დაცული ტერიტორიების სააგენტოს გაცნობიერებული აქვს საქართველოს უნიკალურ ბუნების მნიშვნელობა და მის დაცვას ახორციელებს. თუმცა, დაცვა შეუძლებელია საზოგადოების ჩართულობის გარეშე. პროექტი “შენი ფანჯრიდან” სრულად აკმაყოფილებდა ჩვენ ინტერესს, რომ საზოგადოებას მეტი ყურადღება მიექცია თავისი ქმედებებისთვის, ვინაიდან ჩვენ ყველა ჩვენი ნაბიჯით ან პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას ვახდენთ გარემოზე. საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. დღეს, დაცული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის მთლიანი ფართობის 11.5 პროცენტს იკავებს. ამ ბუნებრივი საგანძურის დასაცავად, ყველა უნდა გავერთიანდეთ, შევიმუშაოთ და განვახორციელოთ მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკა, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი და არჩევანი მწვანე გადაწყვეტების სასარგებლოდ გავაკეთოთ“.ბესიკ კუსიდი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
„ყოველ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში. პლანეტის გადარჩენა მიუღწეველ ამოცანად გვეჩვენება, თუმცა ეს დიდი საქმე პატარა ნაბიჯებით იწყება. პროექტი „ჩემი ფანჯრიდან“ გვაჩვენებს, რომ პრობლემების აღიარება და მათ გადასაწყვეტად ხმის ამაღლება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ გზაზე“.ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
ორდღიანი ფოტოგამოფენა და ინსტალაცია „ჩემი ფანჯრიდან“ 25 ივლისს, დღის ბოლოს დაიხურება, თუმცა გარემოს დაცვასთან და ბუნებრივი საგანძურის გადარჩენასთან დაკავშირებული საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა და კავკასიის ბუნების ფონდი/CNF ერთად გააგრძელებენ საქართველოს 12 ყველაზე მსხვილი დაცული ტერიტორიის ხელშეწყობას, მოდერნიზებასა და მართვის გაუმჯობესებას. ეს ერთობლივი დახმარება ეყრდნობა 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ნიკო თევდორაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, niko@tevdorashvili.com
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org