საგრანტო კონკურსი ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით

ევროკავშირი და UNDP ხელს უწყობენ საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ინკლუზიური და სამართლიანი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას

3 აპრილი 2026
ფოტოს ავტორი: UNDP/გელა ბედიანაშვილი

გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის დაფინანსებული ერთობლივი პროგრამის, „მწვანე, ინკლუზიური და ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“, ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ნარჩენების ინკლუზიური და სამართლიანი მართვის სისტემების ჩამოყალიბების მხარდასაჭერად.

ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მგვ ნარჩენების მართვის ინკლუზიური, სამართლიანი და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად, იგი მოიაზრებს მჭიდრო თანამშრომლობას არასაჯარო ორგანიზაციებთან, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ფინანსებზე წვდომის გასაფართოებლად და მგვ ღირებულებათა ჯაჭვში თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად.

კონკურსის მიზანი

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს აღნიშნული ორგანიზაციების ხელშეწყობას, განახორციელონ პრაქტიკული და გაზომვადი ღონისძიებები ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენების და/ან გადამუშავების მიმართულებით. განმცხადებლებმა უნდა დაასაბუთონ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული აქტივობები ეხება კონკურსით განსაზღვრული ნარჩენის შვიდი ნაკადიდან სულ მცირე ერთს:

  • ბატარეები და აკუმულატორები
  • ტყვიის მჟავას ბატარეები
  • ზეთები
  • ელექტრო ნარჩენები
  • შესაფუთი მასალები
  • საბურავები
  • ავტომობილები

პრიორიტეტულად განიხილება ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, წყაროსთან განცალკევებული შეგროვების სისტემების განვითარებას ან გაძლიერებას, და/ან წინასწარი დამუშავებისა და გადამუშავების შესაძლებლობების გაფართოებას, რაც ნარჩენების ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემცირებას და რესურსების აღდგენის ზრდას უზრუნველყოფს.

საგრანტო პროგრამა დააფინანსებს როგორც კაპიტალურ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში, ასევე ოპერაციული პროცესების ეფექტიანობის გაზრდას და ინოვაციური სერვის მოდელების დანერგვას, თუ ისინი პირდაპირ უკავშირდება ნარჩენების მართვის სისტემების (შეგროვება, შენახვა, ტრანსპორტირება, დამუშავება, გადამუშავება, ხელახალი გამოყენება და/ან აღდგენა) გაძლიერებას.

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ სხვადასხვა პროფილის მქონე ორგანიზაციებს, რომელთა გამოცდილებაც მოიცავს თემთან ურთიერთობას, ადგილობრივი და/ან ინოვაციური სერვისების დანერგვას, თანამშრომლობითი მოდელების შექმნას და ა.შ.  აუცილებელია, შემოთავაზებულმა პროექტმა მკაფიოდ წარმოაჩინოს, რომ დაგეგმილი აქტივობები ხელს უწყობს კონკურსით განსაზღვრული ნარჩენების ნაკად(ებ)ის მართვას ე.წ. 4R პრინციპიდან (შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება ან აღდგენა) სულ მცირე ერთ-ერთის შესაბამისად. 

პროგრამის ფარგლებში, პროექტის განმახორციელებელი გუნდი უზრუნველყოფს შერჩეული გრანტის მიმღებების ტექნიკურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას, ასევე მონიტორინგს, რაც ხელს შეუწყობს პროექტების ეფექტიან განხორციელებასა და დასახული მიზნების მიღწევას.

ვისთვისაა განკუთვნილი კონკურსი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ:

  • საქართველოში დარეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) და/ან არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსი
  • ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • პროექტის განსახორციელებლად მინიმუმ 10 პროცენტიანი თანადაფინანსების უზრუნველყოფის მზაობა

განცხადების წარდგენა

  • განცხადებები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: circulareconomy.ge@undp.org
  • ელ. ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: “Waste Reduction and Circular Economy Development Grants Programme”
  • შევსებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც PDF (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული), ისე Word ფორმატებში.
  • დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ქვემოთ თანდართულ დოკუმენტებში.
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 1 მაისი, 18:00 (თბილისის დროით).

საკონტაქტო ინფრომაცია

განაცხადთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: circulareconomy.ge@undp.org