მწვანე და თანასწორი გარემო ყველასთვის

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩაერთნენ

21 July 2022
Tebeland, a daycare center for people with disabilities
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმერ ვალიშვილი

ბორჯომში განლაგებული დღის ცენტრი „თებე“ 30-ზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირს ემსახურება და სოციალური ინტეგრაციის, რეაბილიტაციისა და დასაქმების სივრცეს სთავაზობს. წელს „თებემ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად მიწის ნაკვეთი მიიღო, სადაც სოჭის, ფიჭვის, არყისა და ენდემური ნაძვის მოსაშენებლად მცირე ზომის სანერგე მეურნეობა, „თებელენდი“ მოაწყო. ამ ინკლუზიური მწვანე პროექტის მიზანია შშმ პირთა ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობაში, მათ შორის ბორჯომის ტყის აღდგენაში.

სანერგე მეურნეობის მოწყობა და აღჭურვა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტს სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებისთვის“, რომელმაც დამატებითი ხელშეწყობა ბორჯომის მერიისგან და გერმანული „Arbeiter-Samariter-Bund“-გან მიიღო.

შშმ პირებმა და „თებელენდის“ თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი მცენარეთა მოვლისა და ტყის აღდგენის საკითხებში და ასევე გაეცნენ, თუ რა როლს ასრულებს ტყე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვის საქმეში. თებელენდელები ბაკურიანსაც ეწვივნენ, სადაც მსგავსი სასათბურე მეურნეობა მოინახულეს და ნერგების მოვლა ისწავლეს.

სასათბურე მეურნეობის გახსნის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა „თებელენდის“ სტუმრების რიცხვი, რამაც დადებითად იმოქმედა შშმ პირთა სოციალურ ინტეგრაციაზე. „თებელენდი“ ხშირად მასპინძლობს ბორჯომის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებიც აქ შშმ პირების მოსანახულებლად და სათბურში დასახმარებლად მოდიან.

ხეების ზრდასთან ერთად, იზრდება „თებელენდიც“. მისი მწვანე, თანასწორი და ინკლუზიური სივრცე ყველასთვის ღიაა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხმა იშვიათად ისმის მაშინ, როდესაც სუფთა და ჯანსაღ გარემოზე ვსაუბრობთ. შშმ პირები ასევე იშვიათად არიან ჩართული კლიმატის ცვლილებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ჩვენი სათემო პროექტი ადასტურებს, რომ შშმ პირები აუცილებლად უნდა იყვნენ მწვანე და მდგრადი გადაწყვეტების ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ბორჯომის წარმატებული მაგალითი სხვა მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება”.
ნინო ანთაძე, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP) უკვე ათ წელზე მეტია მხარს უჭერს გარემოსდაცვით ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი თემების დონეზე ხორციელდება. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის ხელშეწყობა, განახლებად ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მდგრადი ურბანული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა. 

საკონტაქტო ინფორმაცია