გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა ხელს უწყობენ გარემოსადმი მეგობრული მეწარმეობის განვითარებას
განაცხადების მიღება: მწვანე მეწარმეები და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ფოთიდან და ხობიდან – ეს თქვენი შანსია!
10 ივლისი 2025
თუ ამზადებთ ეკომეგობრულ პროდუქტებს, იყენებთ ეკომეგობრულ მასალებსა ან მეთოდებს, სთავაზობთ ეკომეგობრულ სერვისებს ან ქმნით ხელოვნების ნიმუშებს — ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
თუ თქვენი საქმიანობა გარემოზე წნეხს ამცირებს და საზოგადოებისთვის სასარგებლოა — გამოგვეხმაურეთ!
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. ტრენინგები, მასალები და ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.
პროგრამისა და კონკურსის შესახებ
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება”, რომელიც ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მდგრად ადგილობრივ განვითარებას, კლიმატ-მედეგი და მდგრადი პრაქტიკების დანერგვას უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში, ვიწყებთ ახალ ინიციატივას ადგილობრივი მწვანე მეწარმეებისა და შემოქმედების მხარდასაჭერად. თუ ხართ ინდივიდუალური მეწარმე, მეწარმეთა მცირე ჯგუფი, უბრალოდ დამწყები თუ შემდგარი შემოქმედი, და გსურთ თქვენი საქმიანობა გახადოთ უფრო მდგრადი — ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
ამ ინიციატივით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას და ფართოდ დანერგვას, რომლებიც შექმნილია მდგრადობის პრინციპებზე დაყრდნობით -რაც ნიშნავს, რომ ისინი ამცირებენ გარემოზე ზემოქმედებას და სათბურის აირების ემისიებს, პასუხისმგებლიანად იყენებენ რესურსებს, ხელს უწყობენ სოციალურ კეთილდღეობას და ეკონომიკურ მდგრადობას. ასეთი გარემოსა და კლიმატისადმი მეგობრული გადაწყვეტილებები მზადდება განახლებადი, გადამუშავებული, ხელახლა გამოყენებული, ბუნებრივი ან ბიოდეგრადირებადი მასალების გამოყენებით, საჭიროებს ნაკლებ ენერგიასა და წყალს და შექმნილია იმგვარად, რომ იყოს გამძლე, მარტივად შეკეთებადი ან ხელახალი გამოყენებისთვის თავსებადი — რაც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებსაც ეხმიანება. ამ ინიციატივით, ჩვენ ხელს ვუწყობთ არა მხოლოდ მდგრად წარმოებას და მოხმარებას, არამედ კლიმატზე ორიენტირებულ შემოქმედებასა და მეწარმეობას.
როგორ დაგეხმარებათ ჩვენი პროგრამა:
- შეიძენთ ახალ უნარებსა და პროფესიულ თავდაჯერებულობას.
- გაზრდით თქვენს სამომხმარებლო ბაზას, აღმოაჩენთ თქვენი პროდუქციის პოტენციურ მომხმარებლებს.
- შეძლებთ გაზარდოთ თქვენი ბიზნესის მომგებიანობა ისე, რომ შეინარჩუნოთ მწვანე განვითარების ღირებულებები.
- წვლილს შეიტანთ ფოთისა და ხობის მწვანე, ჭკვიანი და სამართლიანი მომავალის შექმნაში.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- ადგილობრივ ხელოსნებს, არტისტებსა და მეწარმეებს ფოთიდან და ხობიდან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ეკომეგობრული პროექტების შექმნით ან მუშაობის სტილით;
- ხელოსნებს, შემოქმედებს და მეწარმეებს, ვინც ამზადებენ ეკომეგობრულ პროდუქციას ან/და იყენებენ ეკომეგობრულ მასალებს (მაგ., მრავალჯერადი, პლასტიკისგან თავისუფალი, ხელახლა გამოყენებული, გადამუშავებული, ბუნებრივი, ბიოდეგრადირებადი, რესტავრირებული)
- შემოქმედებს, ვისაც სურს, რომ მათი შემოქმედება გახდეს მდგრადი ტურიზმის ნაწილი (მაგ., გამოფენები, გამოცდილებები)
- მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ამზადებენ ეკომასალებს ან იყენებენ ეკომეთოდებს/ტექნიკას (მაგ., ეკო შეფუთვა, დიზაინი, მასალები)
- განსაკუთრებულად ველით ქალებს, ახალგაზრდებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სარგებელის მიღებასა და განვითარების პროცესებში სხვა ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს
რას მიიღებთ პროგრამაში მონაწილეობით?
თუ შეირჩევით, თქვენ გახდებით თქვენზე მორგებული პროგრამის მონაწილე, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- უნარების განვითარება – 3 თვიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, მათ შორის ტრენინგები მწვანე მეწარმეობაზე, ციფრულ მარკეტინგზე, ეკო შეფუთვაზე, ბრენდინგზე, ფასებზე, ამბების მოყოლასა და გაყიდვებზე, მათ შორის ტურისტებისა და ონლაინ მომხმარებლებისთვის.
- შემოქმედებითი ლაბორატორიები და პროფესიული წრეები – უსაფრთხო სივრცე იდეების გასატესტად, უკუკავშირის მისაღებად და ადგილობრივ და ეროვნულ თანამოაზრეებთან თანამშრომლობისა და გაცვლისათვის
- მწვანე შოურუმი და პოპ-აპ სივრცეები – შესაძლებლობა, წარადგინოთ და გაყიდოთ თქვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზრებსა და კულტურულ ღონისძიებებზე
- მენტორობა – მენტორების დახმარებით, პროფესიონალური ფოტოების, ვიდეოების შექმნა და ბრენდის ისტორიის სოციალური მედიისა და სხვა პლატფორმებზე წარმოჩენა
- კავშირები და ქსელები – შეხვედრები ბიზნესებთან, ტურისტულ ოპერატორებთან, ელ. კომერციის პლატფორმებთან და შესაძლოა, მყიდველებთან და პარტნიორებთან, როგორც მუნიციპალიტეტში ასევე მის გარეთაც
- საწყისი მხარდაჭერა – შიდა კონკურსის საფუძველზე, შერჩეული მონაწილეები მიიღებენ მათზე მორგებულ მხარდაჭერას საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად
ინიციატივის ადგილი დიდ სურათში
ჩვენ შევიმუშავეთ ფოთის „საზოგადოებაზე ორიენტირებული ეკო-ჭკვიანი ქალაქის“ და ხობის „საზოგადოებაზე ორიენტირებული ეკო-ჭკვიანი გარდაქმნის“ პორტფელები, სადაც მდგრადი ტურიზმის, ბიზნესისა და ადგილობრივი თემების გაძლიერება ხდება სხვადასხვა ინტერვენციების გზით. გვინდა, რომ მწვანე და შემოქმედებითი საქმიანობა ფოთსა და ხობში გახდეს უფრო ხილვადი, დაფასებული, მომგებიანი და მდგრადი.
გვჯერა, რომ თქვენი წარმატება წვლილს შეიტანს ისეთი მუნიციპალიტეტის შექმნაში, რომელიც პატივს სცემს გარემოს და კულტურას, ქმნის შემოსავალს და მხარს უჭერს და ახალისებს ადგილობრივ ნიჭს.
გვჯერა, რომ მდგრადობა მხოლოდ სიტყვა კი არა, არამედ ცხოვრების წესი და შესაძლებლობების წყაროა.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა?
დაინტერესდით? გთხოვთ, შეავსოთ მარტივი აპლიკაციის ფორმა 2025 წლის 28 ივლისის ჩათვლით.
აპლიკაციის შევსებას მხოლოდ 10–15 წუთი სჭირდება. აპლიკაციის შევსებით ადასტურებთ მზადყოფნას, რომ სრულად ჩაერთვებით პროგრამაში. ყველა შერჩეულ მონაწილეს დავუკავშირდებით აგვისტოს შუა პერიოდისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
თუ გჭირდებათ დახმარება ან გაქვთ კითხვები, გთხოვთ, მოგვწეროთ: ketevan.vardosanidze@undp.org
ერთად გავამწვანოთ მომავალი!