საინფორმაციო კამპანიამ „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ 80,000 ადამიანი მოიცვა

გაეროს განვითარების პროგრამა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ოთხთვიანი კამპანიის შედეგების აჯამებენ

22 December 2021

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) საინფორმაციო კამპანიის „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ შედეგებს აჯამებენ. ოთხთვიანი ინიციატივა მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას კორონავირუსის ვაქცინების შესახებ და ცრუ ინფორმაციის გაქარწყლებას, რომელიც ხელს უშლის ვაქცინაციის პროცესს. ინფორმაცია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში ვრცელდებოდა.

კამპანიას „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ უამრავი მხარდამჭერი შეუერთდა. მათ შორის,  ევროკავშირი (EU), დანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდი. კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში საქართველოს საჯარო უწყებები, კერძო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდა აქტივისტები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ჩაერთნენ.

საინფორმაციო კამპანია 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე  მიმდინარეობდა და საქართველოს 10 რეგიონში 80,000-ზე მეტი ადამიანი მოიცვა.

ქალაქებსა და სოფლებში 68 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელთაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ათასობით წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს  მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებმა, დევნილებმა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებმა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრების ბენეფიციარებმა.

საქართველოს რკინიგზის აქტიური ხელშეწყობით, საინფორმაციო ლიფლეტები მატარებლებში გავრცელდა, რომლებიც ყოველდღიურად 3,000-მდე მგზავრს ემსახურება.

ახალგაზრდა მოხალისეებმა, რომელთა მობილიზება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ლიბერტი ბანკის ხელშეწყობით განხორციელდა, ვაქცინების შესახებ ინფორმაცია 30,000-ზე მეტ ადამიანს გააცნეს.

4,500-ზე მეტი სტუდენტი, სპორტსმენი, ფერმერი და საჯარო მოხელე ონლაინ შეხვედრებში ჩაერთო.

როგორც პირისპირ, ისე ონლაინ შეხვედრებზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ცნობილი ექიმები პასუხობდნენ. საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას სოციალური ქსელების მეშვეობით მიმართავდნენ. ფეისბუკით, ინსტაგრამითა და ტვიტერით გავრცელებული პოსტებს დაფარვა ასობით ათას მომხმარებელს აღწევდა.

საჯარო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც შეხვედრების ორგანიზებაში, ისე ინფორმაციის გავრცელებაში. კამპანიის შეუერთდნენ საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია, სოფლის განვითარების სააგენტო, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო, სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტი, იუსტიციის სახლი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, დევნილ ქალთა ასოციაცია „ერთობა“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ფონი „ტასო“ და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.

„საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვაქცინაციის დონის ასამაღლებლად. თუმცა, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებისთვის მეტი უნდა გაკეთდეს. მზად ვართ, ყველა სოფელი მოვიაროთ, რათა სანდო ინფორმაცია თოთოეულ ადამიანთან მივიტანოთ და ყველას ავუხსნათ, რომ დროული ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ინფორმაცია ჩვენი საუკეთესო იარაღია. ჩვენმა კამპანიამ აჩვენა, რომ საქართველოში ბევრი თავდადებული ადამიანია, რომელიც მზადაა დღე და ღამე გაასწოროს იმისთვის, რომ პანდემია შეაჩეროს და ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინოს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოში დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ მაღალია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაციის არასაკმარისი დონეა. დეკემბრის მდგომარეობით,  სრულად აცრილია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 37.9 პროცენტი.

საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ გაეროს გლობალური მოწოდების სულისკვეთებას ეხმიანება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინაცია დააჩქარონ, ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდონ, პანდემიით გამოწვეული დამანგრეველი კრიზისი დაძლიონ და სოციალური და ეკონომიკური აღდგენა უზრუნველყონ.

საკონტაქტო ინფორმაცია