ადამიანი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სათემო პროექტებში ქალები ლიდერობენ

7 March 2022

ფოტოს ავტორი: ანკა გუჯაბიძე/UNDP

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ადამიანთა ქცევა და ცხოვრების წესი გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. თუმცა, 36 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი პირადი გადაწყვეტილებები კლიმატის ცვლილებას ბევრს ვერაფერს დააკლებს (წყარო: "რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილების შესახებ." EU/UNDP/REC. 2020).

შორენა ჩაფურიშვილი და ბევრი სხვა აქტიური და გამბედავი ქალი საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ კლიმატისადმი მედეგი სამყაროს შექმნის საქმეში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

ფოტოს ავტორი: ანკა გუჯაბიძე/UNDP

ფარული საფრთხე

ზემო ხოდაშნის ხევის დამშრალ კალაპოტს რომ მიუყვები, წყალდიდობაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობ. ადიდებულ წყალზე, დატბორილ სახლებსა თუ ჩამოშლილ ხიდებზე აქ არაფერი მიანიშნებს. თუმცა, ეს მწირი მდინარე, რომელიც წლის უმეტეს დროს თითქმის შეუმჩნევლად მიედინება, გაზაფხულზე მძლავრ ნაკადად იქცევა ხოლმე და მიმდებარე სოფლებს ტბორავს.

შორენა ჩაფურიშვილი, ქალაქ ახმეტას მაცხოვრებელი, ადგილობრივი აქტივისტი და ორგანიზაცია „კახეთი“-ს ხელმძღვანელი, გვიყვება, რომ წყალდიდობამ წლების მანძილზე იმატა და უფრო დამანგრეველი გახდა. „სულ რაღაც 10 წლის წინ, ეს მდინარე გაცილებით მცირე ზომის იყო. ძველი ჯებირის ნაშთი ახლაც ჩანს. ადრე ეს ჯებირი მდინარეს აკავებდა, ახლა თითქმის კალაპოტის ცენტრშია მოქცეული.“

შორენა ამბობს, რომ საძოვრები და სავარგულები განსაკუთრებით ხშირად იტბორება. ადიდებულ წყალი სახლებსა  და გზებსაც აზიანებს. სამი მიმდებარე დასახლების - აწყურის, ოჟიოსა და ზემო ხოდაშნის 2,000-ზე მეტ მაცხოვრებელზე წყალდიდობა საკმაოდ მძიმე აისახება.

ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო ზარალი წყალდიდობის დამანგრეველი შედეგების მხოლოდ ერთი მხარეა. ზემო ხოდაშნის ხევის ერთ-ერთი შენაკადი ალავერდის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ მიედინება და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მე-11 საუკუნის ამ დიდებულ ძეგლს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

„ხევი რომ ადიდება, ეს პატარა  შენაკადიც დიდდება. ალავერდი ამ შენაკადის პირზეა. წყალდიდობა ტაძრის ეზოსა და გალავანს აზიანებს," - ამბობს შორენა.

ფოტოს ავტორი: ანკა გუჯაბიძე/UNDP

ფოტოს ავტორი: ანკა გუჯაბიძე/UNDP

წყალი თუ წყალდიდობა?

საქართველოში 26,000-ზე მეტი მდინარე მოედინება. მათი უმეტესობა მთაში იღებს სათავეს და თავისი მაცოცხლებელი ძალით დაბურულ ტყეებს, ნაყოფიერ  დაბლობებსა და უნიკალურ ეკოსისტემებს ასაზრდოებს. სწორედ მდინარეები გვაწვდიან წყალსა და ენერგიას, სიცოცხლისა და კეთილდღეობის წყაროს. თუმცა, ხანდახან მდინარის დაუოკებელი, შმაგი ძალა ადამიანის საწინააღმდეგოდ ტრიალდება.

წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყერი და ღვარცოფი საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. წყალდიდობები ჩვენს ქვეყანას წელიწადში დაახლოებით 190 მილიონი აშშ დოლარი უჯდება. მეცნიერთა ვარაუდით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებით მიყენებული ზარალი მომავალი 10 წლის მანძილზე 12 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც ქვეყნის მიმდინარე წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 80 პროცენტს შეადგენს.

2019 წელს, საქართველომ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კატასტროფებისგან ადამიანებისა და ეკონომიკის დაცვის მიზნებს ემსახურება. ეს შვიდწლიანი ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 74 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს მთვარობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროგრამას აფინანსებენ კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები.

პროგრამის  ფარგლებში, საქართველოს 11 მდინარის აუზში, სადაც კატასტროფათა რისკი განსაკუთრებით მაღალია, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სხვადასხვა მექანიზმი დაინერგება. მათ შორისაა ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების თანამედროვე ქსელი, ადრეული გაფრთხილების კარგად  გამართული სისტემა და სხვადასხვა სახის კატასტროფისგან დამცავი ინფრასტრუქტურა. ამის შედეგად, 1.7 მილიონი ადამიანი, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 46 პროცენტი, უკეთ იქნება დაცული კლიმატის ცვლილების საფრთხეებისგან.

პროგრამის განხორციელების შედეგად, ასევე  გაიზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა, გაუმჯობესდება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული განათლება, ხოლო რისკის ზონების მაცხოვრებლები შეძლებენ ადგილობრივი მექანიზმების დანერგვას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კატასტროფებისგან თავდაცვისთვის.

ზემო ხოდაშნის ხევის მიმდებარე სოფლები და საქართველოს ბევრი სხვა დასახლება სწორედ ამ საქმიანობის ცენტრშია.

ფოტოს ავტორი: ანკა გუჯაბიძე/UNDP

გზა კლიმატისადმი მედეგი საზოგადოებისკენ

„ნაპირგამაგრება და ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის დანერგვა უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ ადამიანებთანაც უნდა ვიმუშაოთ, რათა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე, შევატყობინოთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კატასტროფის დროს“, - ამბობს შორენა ჩაფურიშვილი.

UNDP-გან მიღებული გრანტის მეშვეობით, შორენა თემზე დაფუძნებული სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნას აპირებს, რომელიც სამ სოფელს მოემსახურება და ადგილობრივ მოსახლეობას წყალდიდობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის.

„ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სკოლებთან და სათემო ორგანიზაციებთან. ამ მხრივ, ქალებსა და ახალგაზრდობას განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება. მათ საზოგადოებრივი აზრის შექმნა, ოჯახებამდე ამბის მიტანა და ინფორმაციის გავრცელება შეუძლიათ," - აღნიშნავს შორენა.

ქალები მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული განათლებისა და ცნობიერების ამაღლების სფეროში. სწორედ ქალები უძღვებიან ადგილობრივი პროექტების უმეტესობას, რომლებიც UNDP-ისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

შორენას ინიციატივამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დიდი ინტერესი გამოიწვია. თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი სკოლები და მოქალაქეები მზად არიან აქტიურად ჩაერთონ სწრაფი რეაგირების ჯგუფის  მუშაობაში, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

შორენა ჩაფურიშვილისა და ბევრი სხვა აქტივისტის საქმიანობა იმედს გვაძლევს, რომ ადგილობრივი ინიციატივების შედეგად, საქართველოში მცხოვრები ადამიანები არა მარტო მეტ ინფორმაციას მიიღებენ კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ, არამედ გაერთიანდებიან კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების ასაშენებლად.