ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: იპოვო შენი ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფცია დაინერგება

12 August 2022
Youth workers at the Kachreti Community College. Photo: Gogita Bukhaidze/UNDP
ფოტოს ავტორი: UNDP/გოგიტა ბუხაიძე

განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე მეთოდები ინერგება, რომელთა მიზანია და ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა განათლებისა და პროფესიული წარმატების მიმართ. რეფორმის შედეგად,  უნდა გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა და შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ მხრივ არსებულ განსხვავება.

დღეს საქართველოში ახალგაზრდების 34 პროცენტი არაა ჩართული არც განათლებაში, არც პროფესიულ ტრენინგსა თუ დასაქმებაში, მაშინ როდესაც ევროკავშირში, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 13 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ზოგ რეგიონში, ახალგაზრდების უმუშევრობა 40 პროცენტს აღწევს (ევროკავშირში, საშუალოდ 13.3 პროცენტი). საქართველოში, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5 პროცენტი აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში (ევროკავშირში, საშუალოდ 48 პროცენტი).

ასეთი თვალსაჩინო განსხვავების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა ხშირ შემთხევაში სრულად ვერ პასუხობს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მისწრაფებებს, ხოლო სწავლების მეთოდები მოძველებულია და არაფორმალური განათლების ელემენტებს ნაკლებად შეიცავს.

არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობენ სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფციის დანერგვას. ინიციატივაში ასევე ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მზიანი სახლი“, რომელიც ახალგაზრდული მუშაკების ტრენინგსა და გადამზადებას უზრუნველყოფს.

2022 წელს, 18 ახალგაზრდულმა მუშაკმა პროფესიული გადამზადება გაიარა, ხოლო ცხრა სკოლასა და კოლეჯში ახალგაზრდული კლუბები გაიხსნა.

ივლისსა და აგვისტოში, 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო არაფორმალურ და ინტერაქტიულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც ახალგაზრდული მუშაკების ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის ხელშეწყობით გაიმართა.

ივლისში, კაჭრეთის სათემო კოლეჯ „აისის“ ტერიტორია ჯადოსნურ სამყაროდ იქცა, სადაც სათავგადასავლო თამაშის მონაწილეებს დაკარგული განძის ძიება, ფიზიკური წინაღობების გადალახვა და ინტელექტუალური თავსატეხების ამოხსნა მოუწიათ.

აგვისტოში, ქობულეთში გაიმართება ახალგაზრდების შეხვედრა ცნობილ მწერლებსა და პოეტებთან. კოლეჯის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მათი თაობის გამოწვევებზე ისაუბრებენ, ხოლო დამწყები პოეტები შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. შეხვედრის ორგანიზატორი და მასპინძელია კოლეჯი „ახალი ტალღა“.

“ევროკავშირი ხელს უწყობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის კავშირის განმტკიცებას. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ მაღალი ხარისხის განათლებასა და ტრენინგზე და ადვილად შეძლონ სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლა“.
ნინო ყოჩიშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ოფიცერი
„მეტი ახალგაზრდის დასაქმება - ღირსეული ხელფასითა და კარიერული პერსპექტივებით - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და UNDP, ჩვენს ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერენ ახალი და უფრო ეფექტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. ახალგაზრდების დასაქმება ქმნის უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ხელს უწყობს უფრო დიდი და დინამიური ეკონომიკის განვითარებას, რაც სიკეთეს მოუტანს თითოეულ ადამიანს“.
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
„ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების განვითარება და გაძლიერება, რომლებიც მათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კოლეჯში მიღებული ფორმალური განათლება არაფორმალური განათლების კომპონენტებით გაამდიდრონ“.
თამუნა ხალიჩაშვილი, ახალგაზრდული მუშაკი

სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, განახლდება ახალგაზრდული კლუბების მუშაობაც, ხოლო ახალგაზრდული მუშაკები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების პირად განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას.

ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1,000,000 აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიულ განათლებაში ახალი შესაძლებლობებისა და სერვისების შექმნას და პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მდგრად და თანასწორ განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სასწავლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

საკონტაქტო ინფორმაცია: