საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა იწყებენ საჯარო დისკუსიათა ციკლს ადამიანის უფლებების შესახებ

28 April 2023
Human Rights Talks 2023
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწყებენ საჯარო დისკუსიათა ციკლს „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება.

ციკლის პირველ შეხვედრას, რომელიც 28 აპრილს თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა, უფლებადამცველები, სტუდენტები, მკვლევარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პირველი დისკუსიის თემა „ადამიანის უფლებები, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი“ ცნობილმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, ლევან ბერძენიშვილმა წარადგინა. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების საკვანძო მნიშვნელობას დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოებისთვის და აღნიშნა, რომ კოლექტიური ძალისხმევა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.       

თავის მისასალმებელ სიტყვაში, ნიკ ბერესფორდმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, განაცხადა: 

„ადამიანის უფლებების დაცვა აუცილებელია უფრო თანასწორი და სამართლიანი სამყაროს შესაქმნელად. „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“ ხელს შეუწყობს ამ მიზნის მოღწევას სხვადასხვა პერსპექტივებისა და გამოცდილების გაერთიანებით. ვამაყობთ ევროკავშირთან პარტნიორობით ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში.“

აგატა ნიებოიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში გუნდის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა, რომ: 

„ევროკავშირი ხელს უწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას ადამიანის უფლებების შესახებ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ინფორმირებული გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის მიმართულებით. „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“ მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელიც ხელს უწყობს კონსტრუქციულ მსჯელობას, გამოწვევების გამოვლენასა და გადაწყვეტილებების შემუშავებას.“

შეხვედრების ციკლი „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“ 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა სოციალური და გენდერული თანასწორობა, გარემოსდაცვითი სამართალი, შრომითი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალი იქნება ყველა  დაინტერესებული პირისთვის.

###

ადამიანის უფლებები ყველასთვის (HumanRights4All) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივაა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებასა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება. ინიციატივას ახორციელებს გაეროს ორი სააგენტო  - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისი (OHCHR) ეროვნულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.   

###

საკონტაქტო ინფორმაცია: