მრავალრიცხოვანი კრიზისები ხელს უშლის განვითარებას. 10-დან 9 ქვეყნის შემთხვევაში, ადამიანური განვითარების მაჩვენებელი გაუარესებულია. UNDP-ის ადამიანური განვითარების ანგარიში 2022

ადამიანებისა და პლანეტის მომავლის გადასარჩენად, მსოფლიო პარალიზებული მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს და განვითარების ტრაექტორია გადატვირთოს

20 September 2022
Uncertain Times, Unsettled Lives: Shaping our Future in a Transforming World

გაურკვეველი დრო, გაუმართავი ცხოვრება: მომავლის შექმნა ცვალებად მსოფლიოში

მსოფლიო გამუდმებით ებრძვის სხვადასხვა სახის კრიზისს, ხან ერთ ცეცხლს აქრობს, ხან მეორეს, მაგრამ პრობლემების წყაროს გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას ვერ ახერხებს. კურსის რადიკალური ცვლილების გარეშე, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი გაჭირვება და უსამართლობა დაგვემუქროს, გვაფრთხილებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ანგარიში.

ადამიანური განვითარების ახალი ანგარიში „გაურკვეველი დრო, გაუმართავი ცხოვრება: მომავლის შექმნა ცვალებად მსოფლიოში“ აცხადებს, რომ გაურკვევლობა ფენა-ფენა გროვდება და იხლართება, რაც უპრეცენდენტოდ ცვლის ადამიანების ცხოვრებას. ბოლო ორი წლის მანძილზე, მილიარდობით ადამიანმა დამანგრეველი კრიზისი განიცადა, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემია და უკრაინის ომი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით  განვითარდა. ამას დაემატა სოციალური და ეკონომიკური ძვრები, საფრთხის შემცველი პლანეტარული ცვლილებები და პოლარიზაციის საყოველთაო ზრდა.

უკვე მეორე წელია იკლებს ადამიანური განვითარების ინდექსი, რომელსაც UNDP 32 წელია ითვლის და რომელიც ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობის, განათლებისა და ცხოვრების დონის მაჩვენებლებს აღრიცხავს. ადამიანური განვითარება 2016 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა, რაც აფერხებს და საფრთხეს უქმნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

ადამიანური განვითარების უკუსვლა პრაქტიკულად გლობალური პროცესია. ქვეყნების 90 პროცენტის შემთხვევაში, ადამიანური განვითარების მაჩვენებლები ან 2020 ან 2021 წელს შემცირდა, ხოლო 40 პროცენტის შემთხვევაში - ინდექსის შემცირება ორივე წელს აღინიშნებოდა, რაც კრიზისის გაღრმავებაზე მიუთითებს.

ქვეყნების ნაწილი თანდათან გამოდის კრიზისიდან, თუმცა ეს პროცესი არათანაბარი და ნაწილობრივია, რაც კიდევ უფრო აღრმავებს უკვე არსებულ უთანასწორობას ადამიანურ განვითარებაში. ლათინური ამერიკის, კარიბების, სუბ-საჰარის აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნები  განსაკუთრებით მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

„მსოფლიო ცდილობს უპასუხოს ერთმანეთის მიყოლებით განვითარებულ კრიზისებს. ცხოვრების ხარჯების კრიზისისა და ენერგეტიკული კრიზისის მაგალითზე ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ მყისიერი ზომების გამოყენება, მაგალითად წიაღისეული საწვავის სუბსიდირება საკმაოდ მაცდურია, თუმცა ეს ხელს უშლის და აჭიანურებს გრძელვადიან სისტემურ ცვლილებებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გავატაროთ“, - აცხადებს UNDP-ის ადმინისტრატორი აჰიმ შტაინერი.

„ჩვენ კოლექტიურად პარალიზებულები ვართ და სათანადო ცვლილებებს ვერ ვახორციელებთ. სამყაროში, რომელსაც გაურკვევლობა განსაზღვრავს, ჩვენს საერთო, ურთიერთდაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად გლობალური სოლიდარობის განახლება გვჭირდება“.

ადამიანური განვითარების ანგარიში იკვლევს, თუ რატომ ვერ ხერხდება აუცილებელი ცვლილებების განხორციელება, და ამ მხრივ, რამდენიმე ძირითად მიზეზზე მიუთითებს. მათ შორისაა დაუცველობა და პოლარიზება, რომლებიც ერთმანეთს ასაზრდოებენ და ხელს უშლიან სოლიდარობასა და კოლექტიურ ქმედებას, რომლებიც კრიზისებთან გასამკლავებლად გვჭირდება. ანგარიშის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ მწვავე პოლიტიკური შეხედულებები მეტი ალბათობით ახასიათებთ მათ, ვინც თავს განსაკუთრებით დაუცველად მიიჩნევს.

„პროგრესის ორმაგი პარადოქსი დაუცველობასა და პოლარიზაციასთან ჯერ კიდევ პანდემიამდე შეიმჩნეოდა. დღეს, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი სტრესს განიცდის, ხოლო სხვა ადამიანების მიმართ ნდობას მესამედზე ნაკლები გამოხატავს, ვხედავთ, რომ ადამიანებისა და პლანეტის კეთილდღეობაზე გამიზნული პოლიტიკის მიღება  ჩიხშია შესული“, -  ამბობს აჰიმ შტაინერი.

„ეს დამაფიქრებელი ანალიზი გვეხმარება, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ და ამჟამინდელი გლობალური გაურკვევლობის დასაძლევად ახალი კურსი დავსახოთ. გვაქვს ვიწრო ფანჯარა, რათა ჩვენი სისტემები გადავტვირთოთ და ისეთი მომავალი ავაშენოთ, რომელიც გადამწყვეტ კლიმატურ ქმედებასა და ყველა ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას დაეყრდნობა”.

ანგარიშის მიხედვით, ახალი კურსის დასახვისთვის აუცილებელია ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთის მხრივ ინვესტიციებს დაეფუძნება - განახლებადი ენერგიიდან პანდემიისადმი მზაობამდე, ხოლო მეორეს მხრივ, დაზღვევას - მათ შორის, სოციალურ დაცვას. ამის შედეგად ჩვენი საზოგადოებები მზად იქნებიან გაურკვევლობის მდგომარეობაში მყოფი სამყაროს ცვლილებებისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  სხვადასხვა სახის ინოვაციას - ტექნოლოგიურს, ეკონომიკურს და კულტურულს, ასევე შეუძლია საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდა სამომავლო გამოწვევებზე საპასუხოდ.

„გაურკვევლობის დასაძლევად, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი საერთო ძალისხმევა ადამიანური განვითარების სფეროში და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებით“, ამბობს ანგარიშის წამყვანი ავტორი პედრო კონსეკაიო.

„ეს პარამეტრები კვლავ მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ პლანეტა და აღვჭურვოთ ადამიანები შესაბამისი ხელსაწყოებით, რათა მათ თავი უფრო დაცულად იგრძნონ, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაიბრუნონ და მომავალს იმედით შეხედონ“.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

ნიუ იორკში:

კაროლინა გივენ სჯოლანდერი, UNDP-ის კომუნიკაციების სპეციალისტი, +1 347 908 4008, carolina.given.sjolander@undp.org

ვიქტორ გარიდო დელგადო, UNDP-ის მედიის სპეციალისტი, +1 917 995 1687, victor.garrido.delgado@undp.org

თბილისში:

სოფო ჭიჭინაძე, UNDP-ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, +995 599196907, sophie.tchitchinadze@undp.org