საქართველოს ციხე-სიმაგრეების ისტორია და მომავალი

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტმა ჩაატარა საკომიტეტო თემატური მოკვლევა საქართველოს ციხე-სიმაგრეების მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ

19 October 2022
Chailuri Fortress, Kakheti region, Georgia
ფოტოს ავტორი: Guram Graphy/საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა შეისწავლა ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობების - ციხე-სიმაგრეების, კოშკებისა და გალავნების რევიტალიზაციის პერსპექტივები, რაც დაცვასთან და აღდგენასთან ერთად, ამ ულამაზესი ისტორიული ძეგლებისთვის ახალი ფუნქციებისა და დანიშნულების შეძენას გულისხმობს. რევიტალიზაციის შედეგად, ისტორიული ძეგლი ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ცენტრად იქცევა, რაც დადებითად აისახება მიმდებარე რეგიონის განვითარებაზე.

ოთხთვიანი თემატური საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, პარლამენტმა შეისწავლა, თუ როგორ უნდა წარიმართოს რევიტალიზაციის პროცესი, რა სახის პოლიტიკა უნდა გატარდეს ისტორიული ძეგლების დაცვისთვის, რა გამოცდილება აქვს ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, და რა როლი ეკისრება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

თემატური საკომიტეტო მოკვლევა „საქართველოს ციხე-სიმაგრეები ახალი შინაარსის მოლოდინში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარდა.

მოკვლევის შედეგების წინასწარი წარდგენა 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა. პარლამენტის წევრები და საქართველოს მთავრობის, სამეცნიერო წრეების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოკვლევის ძირითად მიგნებებს გაეცნენ და ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.

თემატური მოკვლევის მიგნებებზე ისაუბრეს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა და მოწვეულმა ექსპერტმა, ხელოვნებათმცოდნემ თათია ღვინერიამ.

თემატური მოკვლევის სრული ანგარიში ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

„ქართული მიწის ყოველი სანტიმეტრი გაჟღენთილია ათასწლოვანი ისტორიით. მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ისტორიული და კულტურული ძეგლები მილიონობით ტურისტს იზიდავს. ზოგი მათგანი აღდგენას საჭიროებს, რათა ეს სიმდიდრე მომავალ თაობებს შევუნახოთ. ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ეკონომიკური ინიციატივები ხელს უნდა უწყობდეს ამ ძვირფასი ძეგლების დაცვას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მათი მნიშვნელობის შესახებ. ამის უზრუნველყოფა სწორედ პარლამენტის დანიშნულებაა, რისთვისაც მას შესაბამისი მექანიზმებიც გააჩნია“.
ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

თემატური მოკვლევები პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და პარლამენტის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და ექსპერტების ჩართულობას ემსახურება. ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი 2018 წელს დაინერგა, რაშიც საქართველოს პარლამენტს ევროკავშირმა და UNDP-მ შეუწყეს ხელი. მას შემდეგ, სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტის ინციატივით, რამდენიმე თემატური მოკვლევა განხორციელდა, მათ შორის გარემოს დაცვასთან, ბიზნესის განვითარებასთან და პანდემიაზე რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას ისახავს მიზნად.

საკონტაქტო ინფორმაცია: