ახალი კვლევა შეისწავლის საჯარო მოხელეთა დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ

პარტნიორობა უფლებებზე დაფუძნებული საჯარო სამსახურისთვის: საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს თანამშრომლობას დიდი ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, ნორვეგიასთან, შვედეთთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან

29 February 2024
Georgian Civil Servants' Views on Human Rights and Gender Equality

რას ფიქრობენ საქართველოს საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, გამოქვეყნა ახალი კვლევის ანგარიში საჯარო სამსახურში ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ. 

კვლევითი ორგანიზაციის 'Applied Research Company' მიერ ჩატარებული კვლევა განხორციელდა დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ნორვეგიისა და შვედეთის მხარდაჭერით.

კვლევა მიმოიხილავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მოსაზრებებს მათი სამუშაო პირობების შესახებ, შეისწავლის საჯარო მოხელეთა აღქმებსა და დამოკიდებულებებს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და გამოავლენს არსებულ გამოწვევებს საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობისა და საჯარო სექტორში არსებული მიდგომებისა და პრაქტიკის მხრივ.

კვლევის ანგარიშის საჯარო წარდგენაზე, რომელიც 29 თებერვალს გაიმართა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, მაია დვალიშვილმა ხაზი გაუსვა პროფესიონალი საჯარო მოხელეების ინფორმირებულობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის საქმეში.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევის თანახმად, საჯარო მოხელეთა დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ დადებითი ტენდენციებისკენ იხრება. საჯარო სამსახურში არსებული სამუშაო პირობები, რესპონდენტების აღქმით, თანასწორობის პრინციპს ეფუძნება, თუმცა ქალი და კაცი საჯარო მოხელეების სამუშაო გამოცდილებებს შორის განსხვავებებიც იკვეთება. ასევე, გამოკვეთილია გამოწვევები, რაც მომავალი გეგმებისა და გაუმჯობესების გზების დასახვის საშუალებას იძლევა."
მაია დვალიშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე
„ჩვენი კვლევა გამოავლენს, რომ ადამიანის უფლებათა პრინციპების გაცნობიერება და პრაქტიკაში დანერგვა გამოწვევად რჩება. ამ ხარვეზების აღმოფხვრით და ინკლუზიური პოლიტიკის ხელშეწყობით, შევძლებთ გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ სამართლიანი საზოგადოებისკენ, სადაც ყველა ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული.“
დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში; ნიკოლას სენდროვიჩმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და განვითარების სექციის ხელმძღვანელმა; კრის რეილიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა; და რებეკა ლიმ, ნორვეგიის ელჩის მოადგილემ საქართველოში.

კვლევის მიგნებები:

კვლევის მიგნებები ეფუძნება საქართველოს 103 საჯარო დაწესებულებაში ჩატარებულ რაოდენობრივ გამოკითხვასა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს. სულ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1,162 საჯარო მოხელე და ჩატარდა 20 ჩაღრმავებული ინტერვიუ.

კვლევის მიგნებების თანახმად, საქართველოს საჯარო მოხელეები მტკიცედ უჭერენ მხარს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს. რესპონდენტების უმეტესობა თვლის, რომ დისკრიმინაცია და უფლებების დარღვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთეს ასეთი შემთხვევების აღსაკვეთად. 

მიუხედავად ამისა, კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ სტერეოტიპები და ცრუ წარმოდგენები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო მოხელეთა დამოკიდებულებებისა და აღქმების ფორმირებაში, რაც განსაკუთრებით ისეთი სოციალური ჯგუფების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება, როგორებიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და ლგბტქი+ თემი.

კვლევის რესპონდენტთა აზრით, ყველაზე ხშირად საქართველოში ირღვევა თანასწორობის (40%), ჯანსაღ გარემოში ცხოვრების (32%), სიცოცხლის (31%), პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის (25%) და პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის (25%) უფლებები. 

ყველაზე დაუცველ ჯგუფებად რესპონდენტები მიიჩნევენ ლგბტქ+ თემს (44.6%), ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაოზე დასაქმებულებს (44.4%) და მარტოხელა დედებს (32.2%).

საჯარო მოხელე ქალები მეტად ინფორმირებულები არიან მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების შესახებ და მეტ სენსიტიურობას ავლენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტქი+ თემის სამართლებრივი თუ უფლებრივი საჭიროებების მიმართ.

კვლევაში ასევე გამოავლენს, თუ რამდენად ინფორმირებულნი არის საჯარო მოხელეები ადამიანის უფლებების შესახებ და რა საჭიროებები არსებობს სექტორის შიგნით შესაბამისი განათლებისა და ტრენინგის მიმართულებით.

კვლევის სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის: