ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში

კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა თავისი ბიზნეს წარმატება გალა-ჩვენებაზე წარმოაჩინეს

4 March 2024
Fostering Women’s Empowerment in Conflict-Affected Communities
ფოტოს ავტორი: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერება მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტით დაზარალებული თემების მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ქალებს, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში გამყოფი ხაზების სიახლოვეს ცხოვრობენ. ჩვენი დახმარების მთავარი მიზანი ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის განმტკიცება, მეწარმეობის ხელშეწყობა და პროფესიული ზრდისა და დასაქმებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა.

2023 და 2024 წელს, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობითა და ადგილობრივ არასამათავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ქალთა მხარდაჭერის ინიციატივების მთელი რიგი განხორციელდა. ამ ინიციატივებმა საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო საზოგადოების ათამდე პროექტს, რომელთა შედეგებით 1,500-ზე მეტმა დევნილმა და კონფლიქტით დაზარალებულმა ქალმა ისარგებლა. თითქმის ასმა ქალმა მიიღო სამეწარმეო დახმარება საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, 30-მდე მონაწილე ჩაერთო სტაჟირებისა და საგრანტო პროგრამებში.

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობა გავრცელდა იძულებით გადაადგილებული პირების კოლექტიურ ცენტრებზეც, სადაც ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა და სხვა სახის დახმარებამ უკეთესებისკენ შეცვალა 753 დევნილი ქალის ცხოვრება.

ხელები მშვიდობისთვის

ზუგდიდში დაფუძნებული ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისთვის“ ევროკავშირის, UNDP-სა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ორგანიზაციის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პროექტი შთამაგონებელი და ტრანსფორმაციული აღმოჩნდა კონფლიქტით დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის.

პროექტის ფარგლებში, ოცზე მეტმა ქალმა სხვადასხვა სახის ხელსაქმე შეისწავლა და მეწარმეობისთვის საჭირო უნარებსაც დაეუფლა. მონაწილეებს შორის იყვნენ მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები და ადრე დაოჯახებული ქალები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლისა თუ პროფესიული განვითარების გაგრძელება ვერ შეძლეს.

თეორიული და პრაქტიკული ტრენინგის დასრულების შემდეგ, რამდენიმე მონაწილემ საკუთარი საქმე მალევე წამოიწყო ან უკვე არსებულ საწარმოებში დასაქმდა. 

ბევრი მონაწილისთვის, რომლებიც ადრე მხოლოდ ოჯახზე ზრუნვის საქმეში იყვნენ ჩართული, ეს პროფესიული, ანაზღაურებადი საქმიანობის პირველი გამოცდილება იყო.

პროექტის შედეგების წარდგენა 23 თებერვალს, ზუგდიდში გამართულ გალა-ჩვენებაზე შედგა.  საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც 250-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, ორიგინალური დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის დეფილე გაიმართა, საბავშვო კუთხე გაიხსნა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა გიორგი ვარდიშვილმა, UNDP-ის კონფლიქტების პრევენციისა და კონფლიქტის შემდგომი აღდგენის მიმართულების ხელმძღვანელმა. მან ხაზი გაუსვა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას კრიზისების მიმართ მდგრადობის შექმნისთვის.

„ეკონომიკური გაძლიერება უკეთესობისკენ ცვლის კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა ცხოვრებას და საფუძველს უყრის საზოგადოების მდგრადობას კრიზისების მიმართ. ასეთი ინიციატივების შედეგები მხოლოდ ეკონომიკური სარგებლით არ შემოიფარგლება. ისინი აძლიერებენ ადამიანებს და მომავლის იმედს აჩენენ. გაეროს განვითარების პროგრამა მომავალშიც გააგრძელებს ევროკავშირთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.“
გიორგი ვარდიშვილი, UNDP-ის კონფლიქტების პრევენციისა და კონფლიქტის შემდგომი აღდგენის მიმართულების ხელმძღვანელი
დამატებითი ინფორმაცია:

„EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი ხელს უწყობს ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროების შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის: