ახალგაზრდა კლიმატის ელჩები მწვანე ბანაკში შეიკრიბნენ

გაეროს განვითარების პროგრამა, კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები ხელს უწყობენ გარემოსდაცვით განათლებასა და ახალგაზრდულ აქტივიზმს

24 June 2022
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

ოცდაათზე მეტი ცამეტიდან თექვსმეტ წლამდე ახალგაზრდა ერთ კვირას ბაკურიანში გაატარებს და მწვანე ბანაკის საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩაერთვება.

ახალგაზრდა მოხალისეები და ეკო-ლიდერები საქართველოს 12 მუნიციპალიტეტს წარმოადგენენ - ახმეტას, გარდაბანს, გორს, გურჯაანს, ზუგდიდს, თბილისს, თელავს, ლაგოდეხს, სენაკს, სიღნაღს, ქობულეთსა და ხობს. მწვანე ბანაკში ისინი ინტერაქტიულ საგანმანათლებლო აქტივობებში, დისკუსიებში, როლურ თამაშებსა და ლაშქრობებში  ჩაერთვებიან.

ბანაკის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საგანმანათლებლო აქტივობებს უძღვებიან მოწვეული ექსპერტები, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტომ მოამზადა საველე გასვლა მეტეოროლოგიურ საგუშაგოზე.

მწვანე ბანაკი ტარდება UNDP-ის ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

გარემოსდაცვითი განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა ამ მრავალმხრივი პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებას.

მწვანე ბანაკის ბევრი მონაწილე ადრეც იყო ჩართული ამ პროგრამის აქტივობებში, მათ შორის, სასკოლო კონკურსებში, ახალგაზრდულ კამპანიებში და მოხალისეობრივ საქმიანობაში.

ბანაკის გახსნაზე, რომელიც 20 ივნისს გაიმართა, კლიმატის ელჩებს შეხვდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი.

მათ ახალგაზრდა თაობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ბანაკის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ მომავალშიც გააგრძელონ განათლება და აქტივიზმი მდგრადი და კლიმატგონივრული საზოგადოების ასაშენებლად.  

„გარემოსდაცვითი განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისთვის. საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ შესაბამისი სასწავლო პროგრამები სკოლებში დანერგოს და კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს“
სოლომონ პავლიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
„ახალგაზრდა კლიმატის ელჩები არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას იღებენ. ისინი თანამშრომლობასა და აქტივიზმს სწავლობენ, ემზადებიან, რომ საზოგადოებაში წამყვანი ადგილი დაიკავონ. ყოველ ჩვენგანს შეუძლია ბევრი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი პირადი ნახშირბადის კვალი შევამციროთ, თუმცა მხოლოდ ეს კლიმატის ცვლილებას ვერ შეაჩერებს. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მხრივ გადამწყვეტ როლს ასრულებს. ვისურვებდით, რომ მომავალში, ჩვენი კლიმატის ელჩები ზრდასრული აქტივისტები, ინფლუენსერები, ამომრჩევლები და ლიდერები გახდნენ და იმ ცვლილებას მიაღწიონ, რომელიც ჩვენს პლანეტას გადაარჩენს“.
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

მწვანე ბანაკის მუშაობის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პროექტები და ინიციატივები განხორციელდება, რასაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შეუწყობს ხელს.   

საკონტაქტო ინფორმაცია