UNDP-ის დოკუმენტური სერია გვაცნობს კლიმატურ გადაწყვეტებს მსოფლიოს 12 ქვეყნიდან
Climate Action Explained
21 მარტი 2024
Climate Action Explained
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა დოკუმენტური სერია, Climate Action Explained, რომელშიც ასახულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით.
დოკუმენტური ფილმები ხაზს უსვამს, რომ კლიმატის ცვლილების გამწვავების პირობებში, ერთ ქვეყანაში უკვე არსებული და გამოცდილი გადაწყვეტები სხვაგანაც უნდა გამოვიყენოთ, რისთვისაც კლიმატური ინიციატივების მასშტაბის გაზრდა იქნება საჭირო.
დოკუმენტურ სერიაში განხილულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის ადაპტაცია, ტყის აღდგენა, მდგრადი ენერგიის ადგილობრივი გამოყენება და ახალგაზრდული აქტივიზმის ხელშეწყობა.
სერიის ოთხივე ეპიზოდს წარადგენს ცნობილი მსახიობი და UNDP-ის კეთილი ნების ელჩი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ. ის მაყურებელს მეგზურობას უწევს და მასთან ერთად მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოგზაურობს: ბოსნია და ჰერცოგოვინა, განა, ეგვიპტე, ეკვადორი, ზიმბაბვე, ინდოეთი, კამბოჯა, კენია, პანამა, საქართველო, ტუვალუ და ურუგვაი.
„კლიმატური კრიზისი უკვე სახეზეა. ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ცუდი ამბავი ისაა, რომ დაუყოვნებელი და გააზრებული ქმედების გარეშე, კლიმატური კატასტროფები კიდევ უფრო გახშირდება და გამძაფრდება. თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს - წარმატება შესაძლებელია! ჩვენს დოკუმენტურ სერიაში მოთხრობილი ისტორიები ნათლად გვიჩვენებს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს პასუხები კლიმატის ცვლილებაზე და შეგვიძლია უკეთესი და უფრო უსაფრთხო მომავლის აშენება,” - აღნიშნა კოსტერ-ვალდაუმ.
Climate Action Explained საქართველოში
საქართველოს გამოცდილება გაშუქებულია დოკუმენტური სერიის ეპიზოდში, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობას ეძღვნება. ფილმი გვიყვება ახალგაზრდა კლიმატის ელჩებზე, რომლებიც თავისი ხედვებითა და აქტიური საქმიანობით კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობას უწყობენ ხელს.
„ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია, და მის შედეგებსაც ხედავენ. სწორედ ეს უბიძგებს მათ აქტიური ქმედებისკენ. ახალგაზრდების ხელშეწყობა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ფიქრს არ გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ კლიმატურ გამოწვევებს დღეს და ყოველდღე უნდა ვპასუხობდეთ. მოვუსმინოთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, გავაძლიეროთ მათი ხმა და მათთან ერთად ვიშრომოთ მდგრადი და უსაფრთხო მომავლისთვის“, - განაცხადა დაგლას უებმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
დოკუმენტური სერიის პრემიერა და გავრცელება
დოკუმენტური სერია Climate Action Explained უკვე ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, ხოლო მომავალი თვეების მანძილზე მსოფლიოს სხვა ენებზეც გადაითარგმნება. მისი პრემიერა შედგა 2024 წლის 21 მარტს, UNDP-ის კიდევ ერთ მასშტაბურ კლიმატურ საინფორმაციო კამპანიასთან, „ამინდის ბავშვებთან“ (Weather Kids) ერთად. კამპანიაში „Weather Kids“ მონაწილეობენ ბავშვები, რომლებიც 2050 წლის ამინდის პროგნოზს წარადგენენ და მაყურებლებს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. კამპანია „Weather Kids“ ხორციელდება მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან (WMO) და Weather Company-სთან თანამშრომლობით. ისევე როგორც დოკუმენტური სერია Climate Action Explained, ის მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებასა და გაერთიანებას კლიმატური მიზნების მისაღწევად.
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე Climate Promise.
გლობალური პერსპექტივა
დოკუმენტური სერია Climate Action Explained გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას გაეროს 30-ე გლობალური კლიმატური კონფერენციისთვის, COP30-თვის მზადების პერიოდში. ეს მასშტაბური კლიმატური ღონისძიება 2025 წელს, ბრაზილიაში გაიმართება.
COP30, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მე-10 წლისთავს ეძღვნება, კრიტიკული შესაძლებლობაა მსოფლიოს გაერთიანებისთვის კლიმატის ცვლილების გამოწვევის გარშემო, რათა გლობალური ტემპერატურის მატება 1.5°C-ს არ გასცდეს. ამ მიზნის მისაღწევად, COP30-ის მონაწილე ქვეყნები კიდევ ერთხელ წარადგენენ თავის განახლებულ ვალდებულებებსა და სამოქმედო გეგმებს პარიზის შეთანხმების მიმართ. ეს სამოქმედო გეგმები, რომლებიც ცნობილია, როგორც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDCs), კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საკვანძო ინსტრუმენტია.
„კლიმატის ცვლილება შემაშინებლად და ყოვლისმომცველად გვეჩვენება, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს გადაწყვეტები, რომლებიც ამ გამოწვევის გადასაჭრელად გვჭირდება. ამას ჩვენი ახალი დოკუმენტური სერია ადასტურებს და კლიმატური გადაწყვეტების შექმნის პროცესში განვითარებადი ქვეყნების წამყვან როლს წარმოაჩენს. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ უკვე არსებული გადაწყვეტების მასშტაბები გავაფართოოთ“, - განაცხადა ქეისი ფლინმა, UNDP-ის გლობალურმა დირექტორმა კლიმატის ცვლილების საკითხებში.
კლიმატის ჰაბი
UNDP-ის ახლად დაარსებული „კლიმატის ჰაბი“ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანას დახმარების უპრეცენდენტო პაკეტს სთავაზობს. 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პორტფელი გრანტებით ფინანსდება. ჰაბის საქმიანობა ეყრდნობა UNDP-ის გამოცდილებასა და ექსპერტიზას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, ენერგეტიკა, სიღარიბის დაძლევა, ჯანმრთელობა, კლიმატის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა.
კლიმატური დაპირება
UNDP-ის გლობალური ინიციატივა „კლიმატური დაპირება" (Climate Promise) მსოფლიოში ყველაზე დიდი შეთავაზებაა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) შესრულების მხარდასაჭერად. ამ ინიციატივის ხელშეწყობით მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების 85 პროცენტმა ისარგებლა და განახლებული NDC დოკუმენტები მოამზადა. შედეგად, ქვეყნების 91 პროცენტმა უფრო ამბიციური გეგმები დაისახა კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროში, ხოლო 93 პროცენტმა კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სფეროში. Climate Promise-ის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტების უმეტესობაში (95%) მეტ ყურადღება ეთმობა გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხებს. ეს დოკუმენტები ასევე გამოირჩევა უფრო მაღალი ხარისხის მონაცემებითა და სიღრმისეული ანალიზით.
კლიმატური პროგრამები საქართველოში
UNDP-ის კლიმატური პროგრამები საქართველოში მიზნად ისახავს სისტემური მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად. ეს საქმიანობა, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის, იაპონიის, შვედეთისა და შვეიცარიის მხარდაჭერით ხორციელდება, ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მოქალაქეების ერთიან ძალისხმევას კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
საკონტაქტო ინფორმაცია
აშშ-ში: მემედ ერდოღანი | mehmet.erdogan@undp.org I +1 917 256 9945
ევროპაში: ფლორინ მარინ | florin.marin@undp.org I +40 722 418 457
საქართველოში:
- სოფო ჭიჭინაძე | sophie.tchitchinadze@undp.org I + 995 599 196907
- ირა სულავა | irine.sulava@undp.org I +995 599 579105