გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის თანაშემწე და UNDP-ის რეგიონული ბიუროს დირექტორი ივანა ჟივკოვიჩი საქართველოსთან პარტნიორობას ადასტურებს

29 მაისი 2025
UNDP Regional Director Ivana Živković at the meeting with Georgian women entrepreneurs
ფოტოს ავტორი: UNDP/გელა ბედიანაშვილი

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის თანაშემწემ და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ივანა ჟივკოვიჩმა, საქართველოში ვიზიტი დაასრულა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული და ინკლუზიური განვითარების გზაზე და განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობის მნიშვნელობა.

„ოცდაათ წელზე მეტია, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოსთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს ეროვნული პრიორიტეტების მიღწევას. მზად ვართ გავაღრმავოთ ეს პარტნიორობა და წვლილი შევიტანოთ ინკლუზიური და მდგრადი მომავლის მშენებლობაში“, - განაცხადა ივანა ჟივკოვიჩმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, UNDP-ის რეგიონული დირექტორი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა. 

შეხვედრების მსვლელობაში, მან ხაზი გაუსვა UNDP-სა და საქართველოს ხანგრძლივ თანამშრომლობას, რომელიც განვითარების კომპლექსურ გამოწვევებთან გამკლავებასა და მწვანე და მდგრადი მომავლის მშენებლობას ისახავს მიზნად.

ჟივკოვიჩმა აღნიშნა UNDP-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა სტრატეგიული დოკუმენტებისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და გარდაქმნას განაპირობებს. მათ შორისაა დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050 და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი პარიზის შეთანხმების მიმართ.   

UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსთან პარტნიორობა სამომავლო პერსპექტივაში განიხილა და ხუთწლიან პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან დასძინა, რომ UNDP გააღრმავებს ქვეყნის მხარდაჭერას კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, მწვანე და სამართლიანი გადასვლის, ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერისა და ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. 

ჟივკოვიჩმა ისაუბრა საქართველოს განვითარების პოტენციალზე შუა დერეფანთან მიმართებაში და ხაზი გაუსვა UNDP-ის აქტიურ დახმარებას ამ უნიკალური შესაძლებლობის სრულად გამოყენებისთვის.

UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა ასევე გაამახვილა ყურადღება დაუცველი სოციალური ჯგუფების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერაზე.

თბილისში ყოფნისას, ივანა ჟივკოვიჩი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლევან ჟორჟოლიანს.

ჟივკოვიჩი ასევე შიდა ქართლის რეგიონს ეწვია, სადაც ევროკავშირისა და გერმანიის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნო და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, მათ შორის მეწარმე ქალებს შეხვდა. შიდა ქართლში განხორციელებული პროექტების შედეგებმა ნათლად აჩვენა UNDP-ის საქმიანობის მნიშვნელობა უფლებების დაცვის, მედეგობის განმტკიცებისა და ცხოვრების დონის ამაღლების მიმართულებით. 

„კონფლიქტით დაზარალებული თემები მრავალმხრივ გამოწვევებს უმკლავდებიან. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებას და საბაზისო სერვისებზე წვდომა უზრუნველვყოთ, რაც თავის მხრივ, სოციალურ და ეკონომიკურ ჩართულობას განაპირობებს. ნათლად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციულია UNDP-ის მხარდაჭერა ამ მიზნების მისაღწევად”, - აღნიშნა ჟივკოვიჩმა.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს ერთგული პარტნიორია განვითარებისა და დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე. UNDP-ის საქმიანობა მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება და ხელს უწყობს თანასწორობასა და კეთილდღეობას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

„ოცდაათ წელზე მეტია, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოსთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს ეროვნული პრიორიტეტების მიღწევას. მზად ვართ გავაღრმავოთ ეს პარტნიორობა და წვლილი შევიტანოთ ინკლუზიური და მდგრადი მომავლის მშენებლობაში.“
ივანა ჟივკოვიჩი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის თანაშემწე, UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორი

დამატებითი ინფორმაცია:

ივანა ჟივკოვიჩი გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის თანაშემწე და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელია. იგი გაეროს ევროპისა და შუა აზიის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის თანათავმჯდომარეა, რომელიც კოორდინირებას უწევს რეგიონში მოქმედი გაეროს სააგენტოების საქმიანობას.

წარმოშობით ხორვატიიდან, ჟივკოვიჩი 25-წლიანი გამოცდილების მქონე კარიერული დიპლომატია. მისი პროფესიული გამოცდილება განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.   

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანი სააგენტოა, რომელიც სიღარიბით, უთანასწორობითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უსამართლობას ებრძვის. ექსპერტებისა და პარტნიორების ფართო ქსელის მეშვეობით, UNDP მსოფლიოს 170 ქვეყანაში მუშაობს და ხელს უწყობს ერთიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტების შემუშავებას ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org