საჯარო მოხელეები ვირუსისგან დაცვის საშუალებებს მიიღებენ

გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, 8,000 საჯარო მოხელე უსაფრთხოდ შეასრულებს თავის მოვალეობებს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე

Posted 1 December 2020

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ საჯარო მოხელეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობას 99,000 აშშ დოლარის ღირებულების დამცავი საშუალებები გადასცა.

ვირუსისგან დაცვის საშუალებები გადაეცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. დახმარებას ასევე მიიღებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები საქართველოს ყველა რეგიონში. სულ ამ  დახმარებით 8,000 საჯარო მოხელე ისარგებლებს.

1 დეკემბერს UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და პანდემიის დროს შემოღებული წესების სრული დაცვით შეხვდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ფინანსური დეპარტამენტის უფროსს ოთარ ნამიჭეიშვილს.

გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებაში შედის 15,000 პირბადე, 3,000 სახის ფარი, 3,500 დამცავი მოსაცმელი, ხელთათმანები, დეზო-ბარიერები და სადეზინფექციო საშუალებები. დახმარება განკუთვნილია არასამედიცინო სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის, რომელთა სამსახურეობრივ მოვალეობებში შედის მოქალაქეთა უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი მომსახურებითა და სერვისებით. გაზაფხულზე ასეთივე სახის დახმარება გადაეცა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 1,000 თანამშრომელს, რომელთა ხარისხიანი და შეუფერხებელი საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის.

“ათასობით საჯარო მოხელე უბრალოდ ვერ შეასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს სახლიდან მუშაობის რეჟიმში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ მოსახელობას მომსახურებაში და ამავდროულად შევამციროთ ინფექციის გავრცელების საფრთხე“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარება საქართველოს უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები (UNDP, UNICEF, UNFPA) გაეროს COVID-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდიდან მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით ახორციელებენ.

პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამამ ინიციატივების მთელი რიგი განახორციელა. მათ შორისაა - მუნიციპალური თავშესაფრების მომარაგება და აღჭურვა, დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრის ხელშეწყობა, 64 მუნიციპალიტეტში 23,000 ადგილობრივად წარმოებული სახის ფარის დარიგება, 5,715 მარტოხელა მოწყვლადი მოხუცის საკვებით მომარაგება და მათთვის შინმოვლის მომსახურების უზრუნველყოფა, ცხელი ხაზის 144 აღჭურვა ციფრული GPS დაფებით, 500-მდე მოწყვლადი შინამეურნეობის უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო მასალებითა და მცენარეთა მოვლის საშუალებებით, იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელშეწყობა და მომარაგება, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ემსახურებიან, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში.

გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობა მისი სხვადასხვა პარტნიორის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მათ შორისაა ავსტრია, აშშ-ის განვითარების სააგენტო, დანია, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ნორვეგია, შვედეთი და შვეიცარია.

საკონტაქტო ინფორმაცია