საჯარო სამსახურის საერთაშორისო დღე საქართველოში

საქართველოს საჯარო სამსახურის ბიურო, დიდი ბრიტანეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, მდგრადი და პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნის მიღწევებსა და გამოწვევებს განიხილავს

23 June 2023
UN Public Service Day 2023 in Georgia
ფოტოს ავტორი: UNDP/ ნინო ზედგინიძე

გაეროს საჯარო სამსახურის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში გაიმართა სამუშაო კონფერენცია საქართველოში მდგრადი და პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნისა და განვითარების შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს საჯარო სამსახურის ბიურო, დიდი ბრიტანეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. კონფერენციას დაესწრნენ საჯარო უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნეს თეიმურაზ ჩიხრაძემ, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, და რევაზ ჯაველიძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

მონაწილეებს მიმართეს მარკ კლეიტონმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, და ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში. მათ ხაზი გაუსვეს საჯარო სამსახურის გადამწყვეტ მნიშვნელობას დემოკრატიული, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში.

„ეფექტიანი საჯარო სამსახური წარმატებული საზოგადოების საფუძველია. მიმდინარე რეფორმა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს საჯარო სამსახურს, ხელს უწყობს მის ინსტიტუციურ სრულყოფას და მეტ შესაძლებლობას ქმნის საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის.“
თეიმურაზ ჩიხრაძე, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი
„ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს გაუმკლავდეს მზარდი და კონკურენტუნარიანი სამყაროს გამოწვევებს, ამავდროულად ინკლუზიური გზით მიაწოდოს მომსახურება საკუთარ მოსახლეობას, სჭირდება მაღალკვალიფიციური, პროფესიონალური და ეფექტური საჯარო სამსახური. გაერთიანებული სამეფო ამაყობს საქართველოს საჯარო სამსახურთან პარტნიორობით, რომელიც იზრდება და ვითარდება. ჩვენი პარტნიორობა უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტების ემყარება და სრულ შესაბამისობაშია ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებთან”.
მარკ კლეიტონი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.
„ეფექტიანი საჯარო სამსახური საკვანძო როლს ასრულებს სახელმწიფოს წარმატებულ განვითარებაში. ჩვენი თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთსა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან აძლიერებს საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემას, ხელს უწყობს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტურობას, და ამავდროულად, უზრუნველყოფს საჯარო მოხელეებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნას მმართველობის ყველა დონეზე."
ნიკ ბერესფორდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

კონფერენციის მსვლელობაში, გაიმართა პანელური დისკუსია სახელმწიფო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. დისკუსიების მონაწილეებმა იმსჯელეს რეფორმის წარმატებებსა და გამოწვევებზე და ასევე განიხილეს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილოება მიიღეს ლელა ჩიქოვანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზვიად ბარქაიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, და მანანა ნარიმანიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

კონფერენციაზე შექმნილმა სადისკუსიო პლატფორმამ ხელი შეუწყო ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც მნიშვნელოვანია ეფექტიანი საჯარო სამსახურის განვითარებისთვის, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქართველი ხალხის საჭიროებებსა და მისწრაფებებთან.

###

გაერთიანებული სამეფო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლიდან მხარს უჭერენ სახელმწიფო მმართველობის რეფორმას საქართველოში. ეს დახმარება ხორციელდება საქართველოს საჯარო უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში და მიზნად ისახავს რეფორმის რამდენიმე საკვანძო მიმართულების მხარდაჭერას. მათ შორისაა პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა, საჯარო სამსახურის რეფორმა და სახელმწიფო სერვისების განვითარება. აღნიშნული ინიციატივის მეორე ეტაპი, რომლის ღირებულება 2,550,000 ბრიტანულ ფუნტს შეადგენს, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

###

საკონტაქტო ინფორმაცია