“პროფესიას არ აქვს გენდერი” - ინტერაქტიული დისკუსია გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის საელჩოს ხელშეწყობით
საქართველოს ახალგაზრდები თანასწორ შესაძლებლობებს ითხოვენ
12 დეკემბერი 2025
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და შვედეთის საელჩომ საქართველოში შექმნეს დინამიკური სადისკუსიო სივრცე გენდერული სტერეოტიპებისა და პროფესიული არჩევანის შესახებ მსჯელობისთვის.
დისკუსიაში 50-მდე სტუდენტი და უფროსკლასელი ჩაერთო. ახალგაზრდებმა თავისი შეკითხვები, მოსაზრებები და იდეები გენდერული თანასწორობის ექსპერტებს, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებსა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მეწარმეებს გაუზიარეს.
მსჯელობა ისეთ მწვავე საკითხებს შეეხო, როგორებიცაა საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები, პროფესიების დაყოფა „ქალისა და კაცის საქმედ“, ქალთა როლი თანამედროვე ეკონომიკისა თუ ტექნოლოგიების განვითარებაში, ყოველდღიური დისკრიმინაცია ოჯახებში, სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე და თანასწორობის მიღწევის ქმედითი გზები ციფრული გარდაქმნის პირობებში.
„აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდების ენერგიითა და მოტივაციით. ისინი მომავლისთვის ემზადებიან და მათი ხედვა სრულიად ნათელია: თანასწორობისა და ადამიანების უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოება, რომელიც ინკლუზიურობასა და სამართლიანობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ელიზაბეთ ბრანდბერგმა, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა და ელჩის მოადგილემ.
„პროფესიული არჩევანის შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი პრაქტიკაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ხმის ჩახშობისთვის. კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა მხოლოდ პირადი წარმატების, არამედ ფინანსური დამოუკიდებლობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების მიღწევის საშუალებაა. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება და შესაძლებლობა, რათა პროფესიული განვითარების საკუთარი გზა აირჩიოს. ახალგაზრდა ქალებმა და კაცებმა სრული მხარდაჭერა უნდა მიიღონ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ“, - აღნიშნა დაგლას უებმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
ახალგაზრდებთან დისკუსიას ქართულ სოციალურ მედიაში კარგად ცნობილი ელენე რუხაძე (Foxy Eleniko) გაუძღვა. გამომსვლელებს შორის იყვნენ ნატო კვაჭანტირაძე - ადამიანური კაპიტალის ექსპერტი, მარიამ გაგუა - DwellUP-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, და ანა ლობჟანიძე - UNDP-ის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.
დისკუსიის მონაწილეები გაეცნენ შვედეთისა და გაეროს ხელშეწყობით ჩატარებულ კვლევას, „ქალები, კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“. მათ ასევე კერძო სექტორში დასაქმების თანამედროვე შესაძლებლობებსა და მომავლის პროფესიებზე ისაუბრეს. ჯგუფური მუშაობის მსვლელობაში, ახალგაზრდებმა განათლების, დასაქმებისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისთვის საკუთარი იდეები და რეკომენდაციები შეიმუშავეს.
დისკუსია „პროფესიას არ აქვს გენდერი“ გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება.
გენდერული თანასწორობა საქართველოში
კვლევა IMAGES 2024: კაცები, ქალები და გენდერული თანასწორობა საქართველოში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივითა და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოს საზოგადოებაში არსებულ აზრთა მრავალფეროვნებას და გენდერული თანასწორობის მიმართ არაერთმნიშვნელოვან დამოკიდებულებას ავლენს.
გამოკითხულთა ნახევარს მიაჩნია, რომ ქალს და კაცს თანაბარი წარმატებით შეუძლიათ მართონ ბიზნესი. ამ მოსაზრებას ქალები კაცებზე მეტად ემხრობიან. პასუხებს შორის გენდერული სხვაობა 20%-ს შეადგენს.
ქალები ბიზნესში ლიდერობას მეტი თავდაჯერებულობით უყურებენ. 2019 წელს, ქალების 56% თვლიდა, რომ კაცების მსგავსად, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ბიზნესში, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი 62%-მდე გაიზარდა. კაცების შემთხვევაში პირიქით, ამ დებულების მხარდაჭერა 54%-იდან 44%-მდე შემცირდა. ასევე გაიზარდა იმ კაცების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ბიზნესში კაცი უკეთესი ლიდერია.
ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მეტად უჭერენ მხარს გენდერულ თანასწორობას, როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 18-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ქალების მხოლოდ 28.6% და კაცების 49% ეთანხმება დებულებას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. 30-54 წელი და 55+ ასაკობრივ ჯგუფებში ეს მონაცემი იზრდება.
დამატებითი ინფორმაცია
გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის გაეროსა და შვედეთის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება. პროგრამას გაეროს სამი სააგენტო ახორციელებს: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org