თანასწორობის პრინციპით

ანა ნაცვლიშვილი და ნინო წილოსანი

30 June 2022

ნინო წილოსანი, პარტია "ქართული ოცნება" და ანა ნაცვლიშვილი, პარტია "ლელო"

ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

2020 წლის არჩევნების შედეგად, ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობა 14 პროცენტიდან თითქმის 20 პროცენტამდე გაიზარდა, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, პარლამენტარი ქალები თვლიან, რომ ეს უდაო წარმატება საკმარისი არაა.

მათი მოსაზრებებისა და პოზიციის გასაგებად, ორ საკმაოდ განსხვავებულ პარლამენტარს გავესაუბრეთ - მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ნინო წილოსანს და ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრს ანა ნაცვლიშვილს.

ორივე პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო (2020) და ადგილობრივ (2021) არჩევნებზე გენდერული კვოტირების შემოღებამ საბოლოოდ შეცვალა ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული ტენდენცია, რომელიც მმართველობაში ქალთა არასაკმარის წარმომადგენლობას უკავშირდება.

„რომ არა გენდერული კვოტირება, ბევრი პოლიტიკური პარტია თავს არც კი შეიწუხებდა, რომ ქალი პოლიტიკოსები საარჩევნო სიაში შეეყვანა“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

წილოსანის აზრით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა გადაჯაჭვულია ეკონომიკურ გაძლიერებასთან. „საქართველოში, ქალების 60 პროცენტი არაა ჩართული ფორმალურ დასაქმებაში. ისინი არც  დასაქმებულები არიან და არც სამუშაოს ეძებენ. ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, ასეთი ქალების ნაწილი მაინც ეკონომიკურ აქტივობაში რომ ჩართულიყო. იმისთვის, რომ ქალებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში, მათ ხელი უნდა შევუწყოთ და მათზე მორგებული სერვისები და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა შევთავაზოთ“.

წილოსანიც და ნაცვლიშვილიც თვლიან, რომ საპარლამენტო სკამების ერთი მეხუთედი საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქალებმა რეალური გავლენა იქონიონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალებს არც ეკონომიკურ რესურსებზე მიუწვდებათ ხელი საკმარისად.

ორივე პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ ქართულ პოლიტიკას მეტი ქალი სჭირდება, რაც უთანასწორობის დაძლევას და განსხვავებული პერსპექტივის შექმნას შეუწყობს ხელს.

თუმცა, ორივე აღნიშნავს, რომ ქალთა პოლიტიკური საქმიანობა ბევრ სირთულესა და გამოწვევას უკავშირდება. სხვა პრობლემებთან ერთად, ქალებს მუდმივად უწევთ ბრძოლა დისკრიმინაციასთან და გენდერულ სტერეოტიპებთან.

„ხშირად მიფიქრია, კაცი რომ ვყოფილიყავი, ამას არ მეტყოდნენ ან ასე არ მომექცეოდნენ. უკრაინის ომის დროს, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ბუჩასა და ირპენში რომ მივემგზავრებოდი, ბევრი მეუბნებოდა - ქალი ხარ, სად მიდიხარ, კაცი პოლიტიკოსები წავიდნენ“
პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი

ის უხილავ დისკრიმინაციაზეც საუბრობს.

„ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და კარგად ვიცი, თუ რამდენად რთულია პოლიტიკოსისა და მშობლის როლის შეთავსება. პოლიტიკური პროცესი ხშირად სპონტანურად ვითარდება, მნიშვნელოვანი შეხვედრები არასამუშაო დროს ინიშნება. თუ შეხვედრას ვერ ესწრები, გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთანაც ვერ ჯდები. როდესაც ქალები ასეთ საკითხებზე საჯაროდ ვსაუბრობთ, პასუხად ვიღებთ - სწორედ ამიტომ ქალი სახლში უნდა იჯდეს. ეს გამოსავალი არაა. გარემო და ამ გარემოს შემქმნელი ადამიანები ქალების საჭიროებებს უნდა ითვალისწინებდნენ. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკა ქალების გარეშე დარჩება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ქალების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები კარგი არავისთვისაა“.

წილოსანის სიტყვებით, პოლიტიკისთვის დამახასიათებელი კრიტიკა და სიძულვილი, ქალებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.

„შესაძლოა, კაცების შემთხვევაშიც იგივე მოხდეს, თუმცა საქართველოს სოციალური და კულტურული მოცემულობის გამო, სიძულვილის ენა პოლიტიკოს ქალებს მეტად აზარალებს. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში დისკრიმინაციული ტერმინოლოგიისა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ ხშირია. პოლიტიკური კულტურა ჯერაც დასახვეწია“.

თუმცა, გარკვეული მიღწევები ასევე სახეზეა.

„ჯერ კიდევ ათი წლის წინ, საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავდა გამოთქმა „რა უნდა ქალს პოლიტიკაში?“. ახლა პირიქით, ხალხი მეუბნება, რა კარგია ქალი რომ ხარ, ძალიან მოგვწონხარო“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

საზოგადოების დამოკიდებულების ეს ცვლილება ყველა მამაცი და ნიჭიერი პოლიტიკოსი ქალის მიერ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. ჩვენს ორივე რესპონდენტს სჯერა, რომ ქალთა სოლიდარობა, მათი პარტიული მიკუთვნების მიუხედავად, ბევრი პოლიტიკური გამოწვევის გასაღებია.

„რაც არ უნდა ძლიერი იყო, შედეგს მარტო ვერ მიაღწევ. პარლამენტარი ქალები ერთმანეთს ვამხნევეთ და ადამიანურად გვერდში ვუდგავართ, თუმცა პოლიტიკურად შესაძლოა, სხვადასხვა პოზიციაზე ვიყოთ. სწორედ ამიტომ, პოლიტიკაში მეტი ქალი უნდა მოვიდეს. დაძაბულ მომენტებში, ქალები უფრო ვახერხებთ, რომ ტოქსიკური დაპირისპირების ველზე არ გადავიდეთ. განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებზე ვრჩებით, თუმცა ვცდილობთ, ეს პირად დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. ეს მაგალითები მარწმუნებს, რომ ქალებს დადებითი გავლენა აქვთ პოლიტიკაზე, როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

წილოსანი იხსენებს, რომ ქალთა ერთიანობამ და შეჯერებულმა პოზიციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გენდერულ კვოტირებაზე შეთანხმების პროცესში.

„პარლამენტარმა ქალებმა ჩვენი ძალების კონსოლიდირება მოვახდინეთ. ეს გამოცდილება დაგვეხმარა, რომ სხვა ინიციატივებიც უფრო თამამად დაგვეყენებინა დღის წესრიგში. საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი ქალებისა და კაცების თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ. ამ ჩანაწერზე დაყრდნობით, სახელმწიფოს დაევალა გენდერული კვოტირების შემოღება და სხვა ზომების გატარება იმისათვის, რომ თანასწორობის კონსტიტუციური უფლება უზრუნველეყო“
პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი

„ამ კანონის მიღებამ სოციალური და კულტურული გარდატეხა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით“.

როგორც წილოსანისთვის, ისე ნაცვლიშვილისთვის, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება წარმატებული კარიერის მიტოვებას და ცხოვრების ძირეულ ცვლილებას ნიშნავდა.

ნინო წილოსანი პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოვიდა. 2016 წელს, მან პარლამენტში თავისი მშობლიური კუთხის, გურიის მაჟორიტარად იყარა კენჭი. მისთვის საპარლამენტო საქმიანობა სწორედ ამომრჩევლის წარმომადგენლობისა და ინტერესთა დაცვის საშუალებაა.

ანა ნაცვლიშვილი განათლებით იურისტი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენელია. პოლიტიკური კარიერა მან 2020 წელს დაიწყო, ხოლო მანამდე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობდა. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური საქმიანობა მეტ შესაძლებლობასა და ხელსაწყოს აძლევს იმისთვის, რომ თავისი იდეები ცხოვრებაში გაატაროს და რეალურ ცვლილებას ჩაუყაროს საფუძველი.

ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოსა და აგრარული საკითხების კომიტეტს ხელმძღვანელობს. პირადი წარმატების საზომი მისთვის ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავება და გატარებაა.

ანა ნაცვლიშვილი ცდილობს პოლიტიკა და პოლიტიკოსები ადამიანებს დაახლოვოს. მისი მიზანია უფრო სისტემური და სტრატეგიული პოლიტიკური ველის შექმნა, სადაც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი და უსაფრთხოება, ტრადიციულ თემებთან ერთად, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ნაწილი გახდება.

ორივე პარლამენტარი დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ საქართველომ რეალურ გენდერულ თანასწორობას მიაღწიოს. ორივე საკუთარი მაგალითით უბიძგებს ქალებს, რომ მეტი გამბედაობა და აქტიურობა გამოიჩინონ.

ორივე თვლის, რომ ქალებს შეუძლიათ დიდი წარმატება მოუტანონ თავის პარტიებსა და ქვეყანას.