სავალდებულო გენდერული კვოტა საქართველოში. 2022

სავალდებულო გენდერული კვოტა საქართველოში. 2022

28 November 2022

ანალიტიკურ სამაგიდო კვლევაში გაანალიზებულია გენდერული  საარჩვენო კვოტების ეფექტიანობა და მათი გავლენა საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებაზე 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩვენების მაგალითზე.

კვლევაში ასევე შესულია რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისა და კანონმდებლების მიმართ კვლევაში გამოყენებულია 2020 წლის შემდგომ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები და  განხილულია დროის ამავე პერიოდში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები.

კვლევა შესრულდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა/NDI და გაეროს განვითარების პროგრამის/UNDP დაკვეთით, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ხელშეწყობით.

ძირითადი მიგნებები:

  • გენდერული თანასწორობა, მათ შორის, პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება  საზოგადოების მოთხოვნაა. საქართველოში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს საზოგადოების მხარდაჭერასა და მაღალ მოთხოვნას გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ამავეს ადასტურებს აღნიშნული კვლევაც. 
  • პოლიტიკურ პარტიებში სავალდებულო გენდერული კვოტის მიმართ დამოკიდებულება, ზოგადად, დადებითია. ამ მექანიზმის შემოღებამ ბევრი ახალი, კარგი და აქტიური ქალი გამოკვეთა, რომლებიც ადრე მხოლოდ პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ.
  • გამოწვევად რჩება სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედების ვადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დროებითი მექანიზმია, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ქვეყნებში, სადაც განსაზღვრულია სავალდებულო გენდერული კვოტა, კანონმდებლობა მის მოქმედებას არ ზღუდავს  გარკვეული ვადით.
  • გამოწვევად რჩება სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორცია. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, მაგრამ პარლამენტში ისინი მხოლოდ 19.1%-ით არიან წარმოდგენილნი. მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკაში ქალთა 50%-იან წარმომადგენლობას ისახავს მიზნად, საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორცია არ კმარა არსებითი თანასწორობის მისაღწევად, ასევე, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა თანაბარი წარმომადგენლობის ჯეროვნად ხელშეწყობისთვის.
  • წამახალისებელი ფინანსური მექანიზმის არსებული მოდელი არაეფექტიანია და საჭიროებს გადახედვას. 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მხოლოდ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ და ერთმა საარჩევნო ბლოკმა ისარგებლეს კანონში არსებული  ფინანსური წამახალისებელი მექანიზმით და უფრო მეტი ქალი კანდიდატი დაასახელეს, ვიდრე სავალდებულო გენდერული კვოტა მოითხოვდა. არსებული პრაქტიკის კვლევა ცხადყოფს, რომ წამახალისებელი ფინანსური მექანიზმი საჭიროებს გადახედვასა და დახვეწას.
  • პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ან სუსტად აქვთ გაწერილი და დანერგილი შიდაპარტიული გენდერული პოლიტიკა. გამოწვევად რჩება მდგრადი პოლიტიკური პარტიები, ძლიერი შიდა დემოკრატიით, რომლებსაც გააზრებული აქვთ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და საკუთარი როლი აღნიშნული საკითხების მოგვარებაში.
  • პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ქალ კანდიდატთა მოძიების, მოზიდვის, ჩართვისა და დაწინაურების მკაფიოდ გაწერილი წესები, რაც აფერხებს მეტი ქალის ჩართვას პოლიტიკურ ცხოვრებაში. არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს შემუშავებული და დანერგილი პარტიის წევრთა პროფესიული განვითარების სისტემა.
  • ქალი კანდიდატების/პოლიტიკოსებისთვის საჯაროობა განსაკუთრებით რთულია. ისინი აწყდებიან განსხვავებული ტიპისა და შინაარსის კრიტიკას (ასაკი, გარეგნობა, პირადი ცხოვრება). პრობლემური საკითხია სათანადო მექანიზმების არარსებობა ან არაეფექტიანობა ასეთ შემთხვევებზე რეაგირებისათვის, როგორც შიდაპარტიულ, ისე სახელმწიფო დონეზე.

ძირითადი რეკომენდაციები:

  • პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი შინაარსობრივი მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა. ამისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნან, განავითარონ და დანერგონ შიდაპარტიული გენდერული პოლიტიკა, მათ შორის, შიდაპარტიული გენდერული კვოტის დანერგვით, რესურსების თანაბარი გადანაწილებით, კანდიდატთა მოზიდვითა და პროფესიული განვითარების სისტემათა შემუშავებით. 
  • მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საკანონმდებლო ჩარჩო და გაიზარდოს სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედების ვადა. არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდებულია, საარჩევნო კოდექსში გაუქმდეს ჩანაწერი სავალდებულო გენდერული კვოტის კონკრეტული ვადით (2028 და 2032 წლები) შეზღუდვის შესახებ.
  • მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საკანონმდებლო ჩარჩო და გაიზარდოს სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორცია. კერძოდ, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდებულია, საარჩევნო კოდექსით საქართველოს პარლამენტის 2024 წლისა და მომდევნო არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში განისაზღვროს ყოველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის წარდგენა, ხოლო 2032 წლიდან დაინერგოს პარიტეტის პრინციპი (ორი კანდიდატიდან ერთი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი). ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის 2025 წლისა და მომდევნო არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ორი კანდიდატიდან ერთი წარედგინოს განსხვავებული სქესის პირი.
  • მნიშვნელოვანია, გადაიხედოს წამახალისებელი ფინანსური მექანიზმის მოქმედების ვადა და, მისი მიზნობრიობის გაზრდისთვის, შეიცვალოს ფინანსური მექანიზმი.