გაერო და განვითარების პარტნიორები იღებენ ვალდებულებას კვლავ მხარი დაუჭირონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნას

გაერო განაგრძოს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მხარდაჭერას

23 May 2022

ახალგაზრდა მეწარმე ქალი

ფოტოს ავტორი:ნინო ზედგინიძე/UN

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, განვითარების პარტნიორთან ერთად, გამოხატა მზაობა განაგრძოს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მხარდაჭერა.

20 მაისს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ერთობლივი პროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა საქართველოში“ მიღწეული შედეგები შეაჯამა.

შეხვედრა გახსნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა. მონაწილეებს მიმართეს  საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილმა,  პარლამენტის წევრმა  რატი იონათამიშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. ღონისძიების მონაწილეებს ვიდეო ჩანაწერით მიმართა მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის პროგრამების ხელმძღვანელმა ნანედ რავამ.

ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე  და განსაზღვრეს სფეროები, რომლებიც შემდგომ მოგვარებას მოითხოვს.

გაეროს ერთობლივი პროგრამა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2020-2022 წლებში მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა. ინიციატივის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ექვსი სააგენტო - გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR). გაეროს სააგენტოები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და შშმ პირთა ორგანიზაციებთან.

გაეროს ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავდა შშმ პირთა სოციალური დაცვის გაძლიერებას, რისთვისაც მრავალსექტორული მიდგომა იქნა გამოყენებული. პროგრამის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებას, ინკლუზიური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინფორმაციასა და სერვისებზე წვდომის გაზრდასა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას. პროგრამის ყველა აქტივობა შესაბამისობაში იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (UN CRPD) მოთხოვნებთან და ამ მხრივ, საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან.

„გაეროს ერთობლივმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო ტრანსფორმაციულ და მდგრად ცვლილებებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან“, - განაცხადა საბინე მახლმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა. „ინკლუზიური კანონმდებლობის შემუშავებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენის სისტემის რეფორმირების მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ.  საქართველოში შშმ პირები უხილავი სოციალური ჯგუფი აღარაა, რაც ხელს უწყობს ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების რეალიზება და გენდერული ნიშნით ძალადობისგან დაცვა და მისი პრევენცია“.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ასევე აღნიშნა, რომ ,,დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად და სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ სფეროში ცვლილების მისაღწევად”.

2020 წლიდან, გაეროს ერთობლივი პროგრამა უზრუნველყოფდა რეფორმების მხარდაჭერას საქართველოში ხელსაყრელი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემოს შექმნისთვის და ადვოკატირებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღებას. ამ საქმიანობამ ხელი შეუწყო საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (CRPD) სტანდარტებთან და ამავე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა გაეროს კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის  მნიშვნელოვანი მექანიზმი - შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი კომიტეტი, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის იმპლემენტაციის წლიური სამოქმედო გეგმები და შემუშავდა მისაწვდომობის ეროვნული მარეგულირებელი ბაზა.

გაეროს მხარდაჭერით ასევე განახლდა და შემუშავდა შესაბამისი ეროვნული პოლიტიკა, მათ შორის, სამოქმედო გეგმები და საგანმანათლებლო პლატფორმები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვისა და ანტენატალური ზრუნვის ხელმისაწვდომობას და გენდერული ნიშნით ძალადობის იდენტიფიკაციისა და მართვის მექანიზმებს უზრუნველყოფს.

შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მოდელის საფუძველზე განხორციელდა შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის სისტემის პროცესისა და პროცედურების ჩამოყალიბება, გამოცდა და დახვეწა შშმ პირთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით.

შემუშავდა  შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შეფასების ახალი სისტემის დანერგვის მექანიზმები, მათ შორის (1) გზამკვლევი შეფასებისთვის საჭირო სპეციალისტების შტატის ფორმირებისთვის, (2) სისტემის მონიტორინგისა და სპეციალისტების ზედამხედველობის კონცეფცია, (3) ინფორმაციის მართვის სისტემა, და (4) საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.

პილოტური ინიციატივების ფარგლებში, შეფასების ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით, შეფასდა 1500-ზე მეტი შშმ პირის (მათ შორის ბავშვების) მდგომარეობა.

გაეროს ერთობლივი პროგრამის განხორციელების შედეგად, ასევე გაიზარდა იურიდიული პროფესიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მომზადება და ცოდნა გაეროს კონვენციით განსაზღვრული სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იურიდიული დახმარების სამსახურს, როგორც შშმ პირთათვის იურიდიული სერვისის ძირითად მიმწოდებელს, და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა გადამზადებას.

შეიქმნა და შესაბამისი დახმარება მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო კომიტეტმა, რომელიც შშმ პირთა სხვადასხვა თემის 10 წარმომადგენელს, მათ შორის შშმ მშობლებსა და ბავშვებს აერთიანებს.

409,000-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის შშმ ქალებმა და გოგოებმა, აიმაღლა ცოდნა შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ.

გაეროს ერთობლივი პროგრამის განხორციელებამ ხელი შეუწყო შშმ პირთა მიმართ პოლიტიკის გაუმჯობესებას და საზოგადოებრივი დამოკიდებულების ცვლილებას. ცნობიერების ამაღლების ინიციატივებმა, მათ შორის შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების შესახებ, ერთი მილიონი ადამიანი მოიცვა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა რამდენიმე მიზნობრივი ინიციატივა, რომელიც  შშმ პირთა სოციალური სერვისების გაუმჯობესებასა და დასაქმების ზრდას ემსახურებოდა. ახალციხისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გაძლიერდა შშმ პირთა სოციალური სერვისები, ამბროლაურსა და ხობში სოციალური ინკლუზიის ცენტრები შეიქმნა, ხოლო აფხაზეთში შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, შეიქმნა ხელსაყრელი პირობები შშმ პირთა დასაქმებისთვის და მათი დამოუკიდებლად ცხოვრების უზრუნველყოფისთვის.

გაეროს ერთობლივი პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაზე გამართული მსჯელობა ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის განხორციელებას და ამ პროცესში ჩართულობის გაზრდას. სხვა საკითხებთან ერთად, ეს მოიცავს ახლადშექმნილი უწყებათაშორისო კომიტეტის ეფექტურობის ზრდას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის სფეროებში ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობას და შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის გარდაქმნას.    

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ქეთევან გიოშვილი, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ghioshvili@un.org