ტექნოლოგია ხელს უწყობს ბათუმში საცობების შემცირებას

პოლონეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის მერიამ ჭკვიანი შუქნიშნები დაამონტაჟა

10 October 2022
Photo: UNDP Georgia/Mamuka Chkhikvadze
ფოტოს ავტორი: UNDP/მამუკა ჩხიკვაძე

ბათუმში 35 დატვირთული გზაჯვარედინია, სადაც მანქანებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაზრდილი რაოდენობის გამო, ხშირად საცობი იქმნება. აქედან რვა გზაჯვარედინზე ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდა, რაც მოძრაობის უკეთ დარეგულირებას და საცობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

მოძრაობის კონტროლის თანამედროვე სისტემა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რის შედეგად მას სხვადასხვა მოწყობილობიდან, მათ შორის ვიდეო-კამერებიდან და GPS-დან მიღებული მონაცემების სწრაფი გადამუშავება შეუძლია. ასეთი ტიპის შუქნიშანი მოძრაობის სიმჭიდროვესა და სისწრაფეს აღრიცხავს, ამ მონაცემებს ერგება და რეგულირებას ისე აკეთებს, რომ მოძრაობა არ შეფერხდეს.

ჭკვიანი შუქნიშნები აღჭურვილია ეკო-ნათურებითა და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით, რაც ფუნქციების დამატების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, მომავალში, ჭკვიანი შუქნიშანი შეძლებს პრიორიტეტული ტრანსპორტის იდენტიფიცირებას (გადაუდებელი დახმარების მანქანები და სხვა) და მისთვის თავისუფალი და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობის მინიჭებას.

ბათუმში ამ ინოვაციური პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა პოლონეთის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა/UNDP და ბათუმის მერიის თანამშრომლობის შედეგად.

პროექტის ტექნიკურ შესრულებაში ჩართულები იყვნენ პოლონური კომპანია Spinnea და ქალაქის მუნიციპალური სამსახური „ბათუმის ავტოტრანსპორტი“.

68,000 აშშ დოლარის  ღირებულების პროექტი შესრულდა UNDP-პოლონეთის თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება.

„ბათუმი სწრაფად მზარდი ტურისტული ჰაბი, საზღვაო პორტი და ტრანზიტული სატრანსპორტო კორიდორია. ეს მრავალმხრივი ურბანული ფუნქციები სატრანსპორტო ნაკადის მუდმივ ზრდას იწვევს. ტრანსპორტის რეგულირების თანამედროვე სისტემის დანერგვა ბათუმისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. სმარტ შუქნიშნების გამოყენებით, ქალაქი შეძლებს ყველაზე დატვირთული გზაჯვარედინების განტვირთვას და როგორც საზოგადოებრივი, ისე კერძო ტრანსპორტის გაუმჯობესებას“.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი
„პოლონეთი პარტნიორობასა და დახმარებას უწევს საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებულ ბევრ სფეროში, მათ შორის ურბანული ინოვაციების დანერგვაში. მოხარული ვარ, პოლონეთის გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ბათუმი შეძლებს ტრანსპორტის უკეთ რეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას“.
პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი
„სმარტ ქალაქები შორეული მომავალი როდია. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია მდგრადი ურბანული განვითარების გზაზე. UNDP-პოლონეთის თანამშრომლობის მეშვეობით, პოლონეთი თავის გამოცდილებას უზიარებს საქართველოს და ხელს უწყობს ჭკვიანი, მწვანე და მდგრადი მიდგომების დანერგვას ქვეყნის ყველაზე დიდ საზღვაო პორტში“.
მაგდალენა კუდლიჩკა, UNDP-სა და პოლონეთის რეგიონული პროექტის „Polish Challenge Fund“-ის მენეჯერი UNDP-ის რეგიონულ ჰაბში
„მწვანე ქალაქი ბათუმის ხედვა და მისწრაფებაა. UNDP სიამაყით უჭერს მხარს ამ მიზნის მიღწევას. ჩვენი დახმარება ისეთ ურბანულ გადაწყვეტებზე ვრცელდება, როგორიცაა მობილობის გაუმჯობესება, მდგრადი ტრანსპორტის განვითარება და ნარჩენების მდგრადი მართვა“.
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

ბათუმი საქართველოს წამყვანი ურბანული ცენტრია, რომელმაც მდგრადი ურბანული განვითარების გზა აირჩია და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

2015 წელს, UNDP-სა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის/GEF დახმარებით, ბათუმში ურბანული მობილობის კვლევა ჩატარდა, რომელმაც 78 სატრანსპორტო ზონა მოიცვა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, შემუშავდა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა, რომელიც პარკირების ახალი სისტემის შემოღებას, საზოგადოებრივი ტრასპორტის ოპტიმიზაციასა და ველოსიპედებით გადაადგილებისთვის განკუთვნილი სივრცეების გაფართოებას გულისხმობს.

სწორედ ამ რეფორმისა და UNDP-ის მხარდაჭერით შემუშავებული რეკომენდაციების  საფუძველზე, 2018-2020 წლებში ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა/EBRD ბათუმს 40 დაბალემისიიანი და 8 ნულოვანემისიიანი ავტობუსი გადასცა. ამის შედეგად, სამარშრუტო მინივენების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა, ხოლო ავტობუსის 19 მუნიციპალური მარშრუტიდან 13-მა სპეციალურ ზოლებზე, „ბასლეინებზე“ გადაინაცვლა.

2021-2022 წლებში, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ შეისწავლა, თუ რამდენად მზადაა ბათუმის მოსახლეობა პლასტიკური ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და გადამუშავებისთვის. კვლევის შედეგების საფუძველზე, ბათუმის რამდენიმე უბანში გაიხსნა დამატებითი პუნქტები ნარჩენების დახარისხებისთვის, მუნიციპალური დასუფთავების სამსახურები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, ხოლო პლასტიკური ნარჩენების შეგროვება 16-ჯერ გაიზარდა და კვირაში 50 კილოგრამიდან 800 კილოგრამს მიაღწია. ამავე დახმარების ფარგლებში, ბათუმის მერია ნარჩენების მდგრადი მართვის გეგმას შეიმუშავებს, რაც კიდევ უფრო დააახლოებს ქალაქს მწვანე და მდგრადი ურბანული სივრცის სტანდარტებთან.         

საკონტაქტო ინფორმაცია: