ჩვენ გადავამუშავებთ! პლასტმასით დაბინძურებასთან ბრძოლა საქართველოში

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ქცევითი ექსპერიმენტი, რომელიც გერმანიისა და კატარის მხარდაჭერით ჩატარდა, ხელს უწყობს პლასტმასას ნარჩენების მართვის დანერგვას ბათუმისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში

16 May 2023

ნარჩენების სეპარირების კონტეინერები. ბათუმი

ფოტოს ავტორი: UNDP Georgia/ირაკლი ძნელაძე

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ შეაჯამა ქცევითი ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც 2021-2023 წლებში, გერმანიისა და კატარის ხელშეწყობით, ბათუმსა და თბილისში ჩატარდა და პლასტმასას ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების დანერგვას ისახავდა მიზნად.

ამ ინოვაციურმა და ადამიანებზე ორიენტირებულმა ინიციატივამ აჩვენა, რომ მდგრადი მუნიციპალური პრაქტიკა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სწორად წარმართული კომუნიკაცია სწორედ ის გზაა, რომელსაც პლასტმასას ნარჩენების შემცირებამდე და მათი მართვის გაუმჯობესებამდე მივყავართ. 

ექსპერიმენტის შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტებში საგრძნობლად გაუმჯობესდა პლასტმასას ნარჩენების მართვა, მოსახლეობამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ნარჩენების მდგრადი მართვის მნიშვნელობის შესახებ და უშუალოდ ჩაერთო პლასტმასას ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და გადამუშავების საქმეში. ექსპერიმენტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, რამაც ნარჩენების მდგრადი მართვის მუნიციპალური პროგრამების პერსპექტივა შექმნა.

ექსპერიმენტის შედეგების განხილვა შედგა 15 მაისს გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა უმასპინძლა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, კატარის ელჩი საქართველოში ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავა და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი. მიღებას დაესწრნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

ღონისძიების მსვლელობაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელშიც UNDP-ის ექსპერიმენტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები აისახა.

თავის სიტყვაში, ნიკ ბერესფორდმა ხაზი გაუსვა, რომ პლასტმასას ნარჩენებით დაბინძურებასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით. „ჩვენი თანმშრომლობა გერმანიასთან, კატართან და ბათუმის მუნიციპალიტეტთან იმის მაგალითია, თუ რამდენად დიდი პერსპექტივის შექმნა შეუძლია შედარებით მცირე, თუმცა კარგად დაგეგმილ ინიციატივას. ბათუმელების მზაობა პლასტმასას ნარჩენების დახარისხების მიმართ განსაკუთრებით მაღალია, რადგან მათ სუფთა ქალაქში ცხოვრება სურთ. ბათუმის თვითმმართველობამ ეს შესაძლებლობა მყისიერად გამოიყენა და ჩვენი ექსპერიმენტი ნარჩენების გადამუშავების მუნიციპალურ პროგრამას დაუკავშირა. ეს გვაჩვენებს, რომ გადამუშავების სისტემის განვითარება შესაძლებელია ნარჩენების მართვის საბაზისო სერვისის პირობებშიც კი“, - განაცხადა ბერესფორდმა.

ნარჩენების მართვის ექსპერიმენტის წარმატება და სამომავლო პერსპექტივები ღონისძიების სხვა მონაწილეებმაც აღნიშნეს. 

გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ეს კარგი მაგალითია, თუ რა როლს ასრულებს ინოვაცია და ექსპერიმენტი გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებისას.

კატარის ელჩმა აღნიშნა, რომ პროექტის შედეგებმა შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს მსგავს ინიციატივებს საქართველოს სხვა რეგიონებში. 

ბათუმის მერმა ხაზი გაუსვა ბათუმის მუნიციპალიტეტის მზაობას მდგრადი და მწვანე ურბანული განვითარებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელების შედეგად, ბათუმი საქართველოს ყველაზე მწვანე, სუფთა და მდგრადი ურბანული სივრცის სახელს დაიმკვიდრებს.   

###

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ექსპერიმენტი 2021-2023 წლებში ხორციელდებოდა. ექსპერიმენტის საწყის ეტაპზე, ბათუმისა და თბილისის სამიზნე უბნებში პლასტმასას ნარჩენების შეგროვებისთვის 40 კონტეინერი დამონტაჟდა, რასაც მიზნობრივი საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო კამპანია მოჰყვა. 

შედეგად, მხოლოდ ბათუმში, პლასტმასას ნარჩენების შეგროვება 16-ჯერ გაიზარდა, 50-დან 800 კილოგრამამდე კვირაში.

ამ წარმატებაზე დაყრდნობით, UNDP-მ გააგრძელა ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის“ (GRF) ფარგლებში, ხელი შეუწყო პლასტმასას ნარჩენებისა და მუყაოს გადამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარების შესყიდვას და ნარჩენების მართვის მუნიციპალური გეგმის შემუშავებას.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი და კლიმატგონივრული ეკონომიკის მშენებლობის გზაზე. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, UNDP ხელს შეუწყობს ნარჩენების მდგრადი მართვის დანერგვას, მდგრადი წარმოებისა და მოხმარების დამკვიდრებას და სხვა ინიციატივებს, რომლებიც გარემოს დაცვასა და ადამიანებისა და პლანეტის კეთილდღეობას ემსახურება. 

###

საკონტაქტო ინფორმაცია: