ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის

სოფლის განვითარების კონფერენცია საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით გაიმართა

26 November 2023
Georgia's Rural Development Conference 2023

სოფლის განვითარების კონფერენცია 2023

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველო ინსტიტუციურ რეფორმებს ახორციელებს, რათა სათანადოდ მოამზადოს სახელმწიფო უწყებები ამ მნიშვნელოვანი გარდაქმნისთვის. სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორი ამ მხრივ საყურადღებო ადგილს იკავებს. 

შესაბამისი პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მოიწვია სოფლის განვითარების კონფერენცია, რომელსაც სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები დაესწრნენ.

ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირის დაფინანსებით. კონფერენცია გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.

ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, და კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ. 

მათ ხაზი გაუსვეს სოფლის მდგრადი განვითარების საკვანძო მნიშვნელობას ისეთი პრიორიტეტული სფეროების წარმატებისთვის, როგორებიცაა საქართველოს რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. 

„ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სოფლის განვითარების პროგრამების განხორციელების, ინსტიტუციური რეფორმების გატარებისა და ევროპული მიდგომების დანერგვის მიმართულებით. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ჩვენი მიზანია მიღწეულ წარმატებაზე დაფუძნებით, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, ერთად დავსახოთ სოფლის განვითარების პრიორიტეტები და შევიმუშაოთ ახალი პროგრამები ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის შესაბამისად."
ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარება უშუალოდ აისახება ამ ადამიანების კეთილდღეობაზე, ქმნის მეწარმეობისა და განათლების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს გარემოს დაცვას. ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები სოფლის განვითარების ეროვნული ჩარჩოს დაახლოებისთვის ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკასთან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ მნიშვნელოვანი სფეროს წარმატებისთვის. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირის LEADER პროგრამა - ქვემოდან ზევით ინიციატივა სოფლის განვითარების მხარდასაჭერად ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების მეშვეობით. ველით, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოში ამოქმედდება გამართული მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო დაფინანსებას LEADER-ით წახალისებული სოფლის განვითარების პროექტებისთვის.“
კატალინ გერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე

კონფერენციის მსვლელობაში გაიმართა რამდენიმე პანელური დისკუსია ქართველი და ევროპელი ოფიციალური პირების, სოფლის განვითარების სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით. მსჯელობა შეეხო სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ჭრილში. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს პოლიტიკის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკასთან, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა ევროკავშირის მწვანე შეთანხმების შესაბამისად, მონიტორინგისა და კონტროლის სისტემებში ციფრული გადაწყვეტების დანერგვა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება.

ექსპერტებმა ავსტრიიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან ისაუბრეს მათი ქვეყნების გამოცდილებაზე ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნების წინასწარი დახმარების ინსტრუმენტის (IPARD) დანერგვისას.

დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, შეაჯამა კონფერენციის შედეგები და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანასწორი და მდგრადი სოფლის განვითარების მიმართულებით.

„საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს ააშენოს ძლიერი სოფლის ეკონომიკა ადამიანების საუკეთესო ინტერესებისა და ქვეყნის კეთილდღეობის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერებას, უზრუნველვყოთ მუდმივი ყურადღება გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან, ჩავრთოთ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი და გავითვალისწინოთ ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.“
დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში

მეტი ინფორმაცია სოფლის განვითარების კონფერენციის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://ruralconference.ge 

დამატებითი ინფორმაცია

საქართველოს სოფლის განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის მეშვეობით ხორციელდება. 2013 წლიდან, ამ ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაწეულმა დახმარებამ  234.5 მილიონი ევრო შეადგინა.  

გაეროს განვითარების პროგრამა ჩართულია ENPARD პროგრამის განხორციელებაში და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან  და საქართველოს მთავრობასთან სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და პრაქტიკული მიდგომების დანერგვის მიმართულებით.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge 
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu