ახალი ტექნოლოგიები ხელოვნური სიცივის სექტორის განვითარებისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა თანამედროვე აღჭურვილობას გადასცემს სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების ტექნიკოსებსა და ინჟინრებს

27 June 2022
ფოტოს ავტორი: UNDP/გელა ბედიანაშვილი

ხელოვნური სიცივის მსოფლიო დღე 26 ივნისს აღინიშნება, რათა კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების ტექნოლოგია თანამედროვე საზოგადოებაში და რატომაა მნიშვნელოვანი გარემოსადმი მეგობრული და ატმოსფერული ოზონის შრისთვის უსაფრთხო მიდგომების დანერგვა ამ დარგში.

წლევანდელი დღის თემა, #ColdChain4Life, #სიცივისჯაჭვისიცოცხლისთვის, ხაზს უსვამს სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების ტექნოლოგიების მნიშვნელობას ადამიანის არსებობისთვის.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელოვნური სიცივის დღე სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების ტექნიკოსებთან და ინჟინრებთან ერთად აღნიშნეს.

ოც სერტიფიცირებულ ტექნიკოსს 23,000 ევროს ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა, რომელიც მათ მაცივარაგენტების გაჟონვის აღმოჩენაში, შესაბამის სისტემებში წნევისა და ტემპერატურის კონტროლში და მაცივარაგენტების შეგროვებასა და შენახვაში დაეხმარება.

აღნიშნულმა სპეციალისტებმა გაირეს ტრენინგისა და სერტიფიცირების პროგრამა UNDP-სა და  საქართველოს მაცივარაგენტების შეგროვებისა და რეციკლირების ცენტრის ხელშეწყობით და ამჯერად აქტიურად მუშაობენ ქართულ ბაზარზე.

აღჭურვილობის გადაცემას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. აქვე გაიმართა საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის წლიური ანგარიშის წარდგენა და სექტორის ღვაწლმოსილი სპეციალისტების საპატიო სიგელებით დაჯილდოება.

„ხელოვნური სიცივე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს საკვების შენახვას და თანამედროვე მედიცინის არსებობას, მაგალითად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინებისა და სხვა სამედიცინო პრეპარატების გაგრილებას. ჩვენი მიზანია, რომ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების ტექნოლოგია ამავდროულად გარემოსადმი მეგობრულიც იყოს, რათა ადამიანის უსაფრთხოებამ და კომფორტმა ჩვენს პლანეტას საფრთხე არ შეუქმნას“
ნინო ანთაძე, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
„საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს მონრეალის ოქმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ბოლო ათწლეულის მანძილზე ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებები მოხმარებიდან ამოგვეღო, შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები შეგვემუშავებინა და საქართველოში არსებული სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემების მოდერნიზება მოგვეხდინა“
ნოე მეგრელიშვილი, მონრეალის ოქმის ეროვნული პასუხისმგებელი პირი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი

UNDP და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ პროგრამას, რომელიც საქართველოში მონრეალის ოქმის შესრულებასა და საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღებას ემსახურება. გასულ წლებში შესრულებულმა სამუშაომ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ხელოვნური სიცივის სექტორის განვითარებას და გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას:

  • 2013 წელს, სრულად შეჩერდა ოზონდამშლელი მაცივარაგენტის, 142-B-ს მოხმარება.
  • 2020 წელს, ოზონდამშლელი მაცივარაგენტის, R-22-ის იმპორტი ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და წელიწადში 15.5 ტონა შეადგინა. 
  • შემუშავდა სხვა ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ათწლიანი გეგმა, რომელიც 2011-2021 წლებში ხორციელდებოდა.
  • დაიხვეწა ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ კანონმდებლობა, შეიქმნა ახალი რეგულაციები, დაინერგა იმპორტის კვოტების სისტემა.
  • 2021 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰაერის კონდიცირების გარემოსთვის თანამედროვე, უსაფრთხო და ამავდროულად ეკონომიურ სისტემაზე გადავიდა. მხოლოდ ამ სადემონსტრაციო პროექტის შედეგად, ხმარებიდან ამოღებულ იქნა 130 კილოგრამამდე საშიში ოზონდამშლელი მაცივარაგენტი R-22.
  • ბევრ ქართულ კომპანიასა და ორგანიზაციაში ჰაერის კონდიცირების თანამედროვე სისტემები დაინერგა.
  • შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი. 20 სამაცივრო სერვის კომპანია აღიჭურვა მაცივარაგენტების აღმდგენი დანადგარით, მრავალჯერადი გამოყენების ცილინდრებითა და ჟონვის დეტექტორებით.
  • უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების ოცი კომპანია.
  • პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა მემაცივრე ტექნიკოსების გადამზადების კურსი.
  • შეიქმნა სასწავლო მასალა მემაცივრე ტექნიკოსების, მებაჟეებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისათვის.
  • 800-მა ტექნიკოსმა და 300-მა მებაჟემ პროფესიული ტრენინგი და გადამზადება გაიარა.
  • შეიქმნა მემაცივრე ტექნიკოსების სერტიფიცირების სისტემა და 150-მა ტექნიკოსმა მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.   
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილესი მაღაზიების კონსულტანტებმა გაიარეს ტრენინგი უსაფრთხო სამაცივრო ტექნოლოგიების გასაცნობად.
  • მემაცივრე ტექნიკოსებს, საბაჟო დეპარტამენტსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადაეცა თანამედროვე აღჭურვილობა, მათ შორის მაცივარაგენტების იდენტიფიკატორები და გაჟონვის დეტექტორები.

UNDP-ის დახმარება 2030 წლამდე გაგრძელდა. მისი მიზანია საქართველოს ხელშეწყობა მონრეალის ოქმის ფარგლებში აღებული ამბიციური ვალდებულების შესრულებაში, რომელიც 2030 წლამდე ოზონდამშლელი ნივთიერებების 97.5 პროცენტის მოხმარებიდან ამოღებას ითვალისწინებს. შემდეგი ათი წლის მანძილზე, 2030-დან 2040 წლამდე, საქართველოში მოხმარებაში დარჩება საბაზისო რაოდენობის ოზონდამშლელი ნივთიერებების მხოლოდ 2.5 პროცენტი, რაც მომსახურების სფეროს მოხმარდება.   

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge