საქართველოს უძველეს დაცულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის თანამედროვე SMART ტექნოლოგია დაინერგა

გაეროს განვითარება პროგრამისა და კავკასიის ბუნების ფონდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის

7 July 2022
Lagodekhi Protected Areas

ფოტოს ავტორი: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

ლაგოდეხი საქართველოს უძველესი დაცული ტერიტორიაა, რომელიც 110 წლის წინ, 1912 წელს დაარსდა. 25,000 ჰექტარზეა გაშლილი ნაკრძალი და აღკვეთილი  ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზითა და ტურისტული სანახაობებით და ასევე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების მრავალფეროვნებით, რომელთა შორისაა ნიამორი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, კავკასიური როჭო და კავკასიური მუხა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მართვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს, რომელსაც ბუნებრივი სიმდიდრის შენარჩუნება, ბიომრავალფეროვნების კვლევა და ფასდაუდებელი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება ევალება. 20 პროფესიული რეინჯერი მუდმივად ახდენს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების პატრულირებას, აგროვებს და აღრიცხავს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მონაცემებს და რეაგირებას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევებზე, მაგალითად უკანონო ნადირობასა თუ ხის ჭრაზე.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) ხელს უწყობენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამ უმნიშვნელოვანეს საქმიანობას და ეხმარებიან როგორც რეინჯერთა მომზადებაში, ისე დაცულ ტერიტორიებზე დაკვირვებისა და კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვაში.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს 12 დაცულ ტერიტორიაზე, მათ შორის ლაგოდეხშიც, SMART ტექნოლოგია დაინერგა, რომელიც ბიომრავალფეროვნების სივრცული მონიტორინგისა და ანგარიშგების თანამედროვე სისტემას წარმოადგენს. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით, რეინჯერები ინფორმაციას სმარტფონებისა და ტაბლეტების გამოყენებით აგროვებენ და რეალურ დროში აღრიცხავენ კანონდარღვევებსა და ველურ ბუნებაზე დაკვირვების შედეგებს, მაგალითად, ბრაკონიერობას, ხის ჭრას, მავნებლების მიერ მიყენებულ დაზიანებებსა და მცენარეთა დაავადების შემთხვევებს.

პატრულირების დროს შეგროვებული მონაცემები მუშავდება ერთიან ბაზაში, რაც ხელს უწყობს საპატრულო მარშრუტების შერჩევასა და მათი სიხშირის განსაზღვრას.

2023 წლიდან, საპილოტე პერიოდის დასრულების შემდეგ, SMART ტექნოლოგია საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე დაინერგება.

UNDP-სა და CNF-ის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ შეიძინა SMART მოწყობილობები და გადაამზადა 260-ზე მეტი ოფიცერი და რეინჯერი. ტრენინგი მიმდინარეობდა როგორც პირისპირ, ისე ელექტრონული სწავლების პორტალის მეშვეობით, რომელიც ორგანიზაციამ „გარემო და განვითარება“ UNDP-ის კორპორატიული ტრენინგ-სისტემის მოდელზე დაყრდნობით შეიმუშავა. სასწავლო პორტალზე განთავსებულია SMART ტექნოლოგიის სახელმძღვანელოები და ასევე 10 სხვა სასწავლო პროგრამა, რომელიც რეინჯერებისთვისაა განკუთვნილი. სასწავლო კურსების მეშვეობით, რეინჯერები ეცნობიან ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სხვადასხვა ტექნიკას, სწავლობენ ფიტოპათოლოგიის საფუძვლებს და იღებენ ინფორმაციას ბილიკების მოწყობისა და ვიზიტორთა მომსახურებისა და კანონდარღვევების მართვის შესახებ.

5 ივლისს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ეწვივნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და CNF-ის აღმასრულებელი დირექტორი ტობიას მიუნხმაიერი.

„დაცული ტერიტორიების მართვისა და განვითარების მხრივ, საქართველოს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. საქართველოსა და კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია 110 წლის წინ შეიქმნა. ეს ლაგოდეხის ნაკრძალი იყო, რომლის ფართობი მაშინ დაახლოებით 3 500 ჰექტარს შეადგენდა. დღეს კი, საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 800,000 ჰექტარია. თანამედროვე SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულსა და ეფექტიანს გახდის რეინჯერთა პატრულირებას და, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვას. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა თავს მოუყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიან მონაცემებს. რეინჯერების სოციალური თუ ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზრუნვის საგანია, რაშიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს დონორი ორგანიზაციების დამსახურება“
იური ნოზაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
„გაეროს განვითარების პროგრამა 110 წლის იუბილეს ულოცავს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების. ჩვენთვის პატივია ამ ულამაზესი პარკის ხელშეწყობა და მის განვითარებაში მონაწილეობის მიღება. დაცული ტერიტორიები აუცილებელია ადამიანებისა და პლანეტისთვის, რათა ძვირფასი ეკოსისტემები და ბუნებრივი რესურსები შევინარჩუნოთ, კლიმატის ცვლილებას გავუმკლავდეთ და სურსათის უსაფრთხოება და წყლის ხარისხი უზრუნველვყოთ“
ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

UNDP-ის ხელშეწყობა ეყრდნობა 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და CNF-თან პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიების მოდერნიზებასა და მართვის გაუმჯობესებას.

პროგრამის საქმიანობა 12 დაცულ ტერიტორიაზე ვრცელდება - ალგეთის ეროვნულ პარკზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, მაჭახელას ეროვნულ პარკზე, მტირალას ეროვნულ პარკზე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, თუშეთის დაცულ ლანდშაფტზე, ჯავახეთის ეროვნულ პარკზე, ფშავ- ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე და ყაზბეგის ეროვნულ პარკზე.  

საკონტაქტო ინფორმაცია