ქართველი ხელოვანების თვალით დანახული ადამიანის უფლებები

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას ადამიანის უფლებების შესახებ

9 December 2022
Human Rights Art Exhibition
ფოტოს ავტორი: UNDP/გიორგი (გოგიტა) ბუხაიძე

„რამ შემქმნა ადამიანად?“ თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების გამოფენაა, რომელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს ეძღვნება და ხელოვნებაში ჰუმანიზმის ძიებას წარმოაჩენს.  გამოფენის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში.

ცნობილი ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანის კურატორობით განხორციელებულ გამოფენაზე წარმოდგენილია ოცზე მეტი ქართველი ხელოვანის ფერწერული და შერეული ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები და ფოტო, ვიდეო და აუდიო ინსტალაციები. ნამუშევრების თემატიკა ისეთ საკითხებს ეხმიანება, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, უმცირესობათა უფლებები, გარემოს დაცვა, გამოხატვის თავისუფლება, პირადი სივრცის ხელშეუხებლობა, ომი და სიცოცხლისთვის ბრძოლა. ამ შთამბეჭდავი ექსპოზიციის გამჭოლი იდეაა, რომ ადამიანების, ისევე როგორც ხელოვნების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ შიშის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიისგან თავისუფალ გარემოში.

გამოფენას  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მასპინძლობს, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც სიმბოლურად ეხმიანება საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისკენ, თანასწორობისა და მრავალფეროვნებისკენ.

9 დეკემბერს გამართული საზეიმო გახსნის შემდეგ, ექსპოზიცია 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„ევროკავშირი ხელს უწყობს ქართველ ხელოვანებსა და მთლიანად საზოგადოებას, შექმნან ღია დისკუსიის სივრცე ადამიანის უფლებების შესახებ. ადამიანის უფლებების დღეს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ყველა ადამიანის უფლებები, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, სათანადოდ უნდა იყოს დაცული, და ვადასტურებთ საქართველოს ხელშეწყობას თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის გზაზე“.
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
„მსოფლიო ამჟამად ადამიანის უფლებების მძიმე კრიზისს განიცდის. შეიარაღებული კონფლიქტები, ომი, ძალადობა, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი საფრთხეს უქმნის ათწლეულების მანძილზე მიღწეულ წინსვლას მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის სფეროში. ხელოვანთა უნიკალური ხედვა გვეხმარება, უკეთ გავიაზროთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები, და გადაწყვეტების ძიებისთვის შთაგვაგონებს ”.
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

გამოფენა „რამ შემქმნა ადამიანად?“ ადამიანის უფლებების წლევანდელი კვირეულის საკვანძო ღონისძიებაა. ადამიანის უფლებების დღე საფუძველს ჩაუყრის ერთწლიან კამპანიას, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს ეძღვნება და 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

###

“ადამიანის უფლებები ყველასთვის” (HumanRights4All) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივაა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას და ამ მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება. ინიციატივას გაეროს ორი სააგენტო ახორციელებს - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ოფისი (OHCHR).   

საკონტაქტო ინფორმაცია: