მდიდარ ქვეყნებში ადამიანის განვითარების მაჩვენებლები რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა, ხოლო ღარიბ ქვეყნებში მდგომარეობა უარესდება

მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და უნდობლობა ამწვავებს გლობალურ გამოწვევებს

13 March 2024

ადამიანის განვითარების ანგარიში 2023-24

მსოფლიოს არათანაბარი განვითარება ამძაფრებს უთანასწორობას და აძლიერებს პოლიტიკურ პოლარიზაციას, რაც განსაკუთრებით მძიმედ ღარიბებზე აისახება. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამ პროცესის შედეგად, კაცობრიობა სახიფათო ჩიხში მოექცა, რომლიდანაც გამოსვლა მყისიერ კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს.

2023/24 წლის ადამიანის განვითარების ანგარიში (HDR), სახელწოდებით „თანამშრომლობის ხელახლა გააზრება პოლარიზებულ სამყაროში“, შემაშფოთებელ ტენდენციას ავლენს: ადამიანის განვითარების შემაჯამებელი მაჩვენებლის, გლობალური ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) აღდგენა ნაწილობრივი, არასრული და არათანაბარია, რაც მის ყველა შემადგენელზე აისახება - მთლიანი ეროვნული შემოსავალი (GNI) ერთ სულ მოსახლეზე, განათლება და სიცოცხლის ხანგრძლივობა.

2020 და 2021 წლებში შესამჩნევი კლების შემდეგ, 2023 წელს HDI რეკორდულად მაღალ ნიშნულამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა ეს პროცესი არათანაბარი აღმოჩნდა. მდიდარმა ქვეყნებმა მართლაც მაღალ მაჩვენებლებს მიაღწიეს, ხოლო ღარიბი ქვეყნების ნახევარი პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელსაც კი ვერ დაუბრუნდა.

შექმნილ ვითარებას ეკონომიკური უთანაბრობაც ამწვავებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალური ვაჭრობის თითქმის 40 პროცენტი სამ ქვეყანაშია კონცენტრირებული. 2021 წელს, მსოფლიოს სამი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ქვეყნების 90 პროცენტზე მეტის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) გადააჭარბა.

„ჩვენმა ანგარიშმა გამოავლინა, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებული განვითარების სხვაობა, რომელიც სტაბილურად მცირდებოდა ორი ათწლეულის მანძილზე, ახლა ისევ იზრდება. გლობალურ საზოგადოებაში არსებული ღრმა ურთიერთკავშირის მიუხედავად, ამ საკითხში წარმატებას ვერ ვაღწევთ. ამ საერთო ეგზისტენციალური გამოწვევების გადასაჭრელად,  ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება და შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, რათა ადამიანების მისწრაფებები არ გავაწბილოთ“, - განაცხადა  გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა აჰიმ შტაინერმა. 

„განვითარების ჩიხი საკმაოდ ძვირი გვიჯდება. კოლექტიური ქმედების წარუმატებლობა კლიმატის ცვლილებასთან, დიგიტალიზაციასთან თუ სიღარიბესა და უთანასწორობასთან დაკავშირებით არა მხოლოდ აფერხებს კაცობრიობის განვითარებას, არამედ ზრდის პოლარიზაციას და ამცირებს ნდობას ადამიანებისა და ინსტიტუტების მიმართ მთელ მსოფლიოში.“

ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო კოლექტიური ქმედების წარმატებას „დემოკრატიის პარადოქსიც“ აფერხებს: მაშინ, როდესაც მსოფლიოში 10 ადამიანიდან 9 მხარს უჭერს დემოკრატიას, გლობალურად ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი უპირატესობას ანიჭებს ისეთ ლიდერებს, რომლებმაც შეიძლება ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ პროცესს მისი ფუნდამენტური წესების გვერდის ავლით გზით. 

ანგარიშში გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, მთელ მსოფლიოში გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ საერთოდ არ აქვს ან მხოლოდ ნაწილობრივ აქვს კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, ხოლო ორ მესამედზე მეტი თვლის, რომ გავლენას ვერ ახდენს თავისი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებებზე.

პოლიტიკური პოლარიზაციის გლობალური შედეგები არანაკლებ შემაშფოთებელია. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ უძლურობის განცდა აძლიერებს „შიგნით ჩაბრუნებულ“ პოლიტიკურ მიდგომებს, რომლებიც მხოლოდ შიდა პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული. ასეთი მიდგომები მკვეთრად ეწინააღმდეგება გლობალური თანამშრომლობის იდეას, რომელიც აუცილებელია დღევანდელობის მწვავე გამოწვევებთან გასამკლავებლად - ეკონომიკის დეკარბონიზაცია, ციფრული ტექნოლოგიების არასათანადო გამოყენება, კონფლიქტები. 

ეს განსაკუთრებით საგანგაშოა ისეთი მოვლენების ფონზე, როგორებიცაა 2023 წლის რეკორდული ტემპერატურა, რაც ხაზს უსვამს კლიმატის კრიზისის დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობას, ან ხელოვნური ინტელექტის, როგორც ახალი ტექნოლოგიური ზღურბლის, სწრაფი და ნაკლებად რეგულირებადი განვითარება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დღევანდელ მსოფლიოში გლობალიზაციის შეჩერება არც შესაძლებელია და არც რეალისტური, და რომ ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება კვლავ მაღალია. მსოფლიოს ვერც ერთი რეგიონი ვერ ჩაითვლება თვითკმარად, რადგან ყველა ქვეყნის ეკონომიკა 25 პროცენტით ან მეტით დამოკიდებულია სხვა რეგიონებიდან იმპორტზე სულ მცირე ერთი ძირითადი ტიპის საქონლისა თუ მომსახურების სფეროში.

„მსოფლიოში, სადაც მზარდი პოლარიზაცია და დანაწევრება შეიმჩნევა, ერთმანეთში ინვესტირებაზე უარის თქმა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. პროტექციონისტული მიდგომები ვერ აგვარებს ჩვენს წინაშე არსებულ კომპლექსურ გამოწვევებს, მათ შორის პანდემიის პრევენციას, კლიმატის ცვლილებას და ციფრულ რეგულაციას,“ - აღნიშნა აჰიმ შტაინერმა. 

„ჩვენი პრობლემები გადაჯაჭვულია და შესაბამისად, ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტებს მოითხოვს. შესაძლებლობის გამოყენებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი, რომელიც ხაზს გაუსვამს ენერგეტიკული გადასვლისა და ხელოვნური ინტელექტის სარგებელს ადამიანის განვითარებისთვის, მოგვცემს შანსს, გამოვიდეთ არსებული ჩიხიდან და კვლავ გავააქტიუროთ ერთობლივი მომავლის ვალდებულება.“

ანგარიში განმარტავს, თუ როგორ იცვლება გლობალური ურთიერთდამოკიდებულება, და მოგვიწოდებს გლობალური სიკეთეების ახალი თაობის შესაქმნელად. მასში აღწერილია ოთხი სფერო, რომელიც დაუყოვნებელ მოქმედებას მოითხოვს:

  • პლანეტარული საზოგადოებრივი სიკეთეები კლიმატური სტაბილურობისთვის ანთროპოცენის ერის უპრეცედენტო გამოწვევების გათვალისწინებით;
  • ციფრული გლობალური საზოგადოებრივი სიკეთეები ტექნოლოგიების გამოყენების თანასწორობისთვის და ადამიანის სამართლიანი განვითარებისთვის;
  • ახალი გაფართოებული ფინანსური მექანიზმები, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი გზები, რომლებიც შეავსებს უკვე არსებულ ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების ხელშეწყობას დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის; და
  • პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება მმართველობის ახალი მიდგომების მეშვეობით, რომლებიც ხალხის აზრის გათვალისწინებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას დაეფუძნება.

ამ კონტექსტში მრავალმხრივობა საკვანძო როლს ასრულებს, ნათქვამია ანგარიშში, რადგან ორმხრივი ურთიერთობებში ამ საზოგადოებრივი სიკეთეების გლობალური ხასიათი ვერ იქნება გათვალისწინებული.

სხვა მონაცემები 2023/24 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშიდან:
  • 2023 წელს, ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) გაიზარდა 2019 წელთან შედარებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 38-ვე წევრ ქვეყანაში.
  • 35 ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას შორის, სადაც HDI 2020 და/ან 2021 წელს კლებას განიცდიდა, ნახევარზე მეტი (18 ქვეყანა) ჯერაც არ დაბრუნებულა ადამიანის განვითარების 2019 წლის მაჩვენებელზე.
  • ვერც ერთმა განვითარებადმა რეგიონმა ვერ მიაღწია ადამიანის განვითარების მოსალოდნელ დონეს 2019 წლამდე გაკეთებული პროგნოზის შესაბამისად. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყნები გადავიდნენ ადამიანის განვითარების უფრო დაბალ ტრაექტორიაზე, რაც ადამიანის განვითარების პოტენციურ მუდმივ უკუსვლაზე მიუთითებს.
  • ავღანეთსა და უკრაინაში ადამიანის განვითარების დანაკარგები განსაკუთრებით მძაფრია. ავღანეთის HDI ათი წლის წინანდელ დონემდე დაეცა, ხოლო უკრაინის HDI დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 2004 წლის შემდეგ.
  • ანგარიშში მოყვანილი კვლევის მიხედვით, პოპულისტური მთავრობების მქონე ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი შედარებით დაბალია. პოპულისტური მთავრობის ძალაუფლებაში მოსვლიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 პროცენტით დაბალია, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო არაპოპულისტური მთავრობის სცენარით.

სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://hdr.undp.org/

###

საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის: 

ნიუ იორკში: stanislav.saling@undp.org, +1 347 653 1980 ან victor.garrido.delgado@undp.org, +1 917 995 1687 

ჟენევაში: sarah.bel@undp.org, +41 79 934 11 17 

საქართველოში: sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 

გაეროს განვითარების პროგრამის შესახებ: 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაეროს წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც იბრძვის სიღარიბით, უთანასწორობითა და კლიმატის ცვლილებით განპირობებული უსამართლობის აღმოსაფხვრელად. მსოფლიოს 170 ქვეყანაში, ექსპერტთა და პარტნიორთა ქსელის მეშვეობით, UNDP ხელს უწყობს ინტეგრირებული, გრძელვადიანი გადაწყვეტების შექმნას ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ. 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს, ან გამოგვყევით სოციალურ მედიაში @UNDP.

ადამიანის განვითარების ანგარიშის ოფისი: 

ადამიანის განვითარების ანგარიშის ოფისის (HDRO) მიზანია ადამიანის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით მისაღწევად, ადამიანის განვითარების ანგარიშის ოფისი მხარს უჭერს ინოვაციურ იდეებს, ახდენს შესაბამისი პრაქტიკული პოლიტიკური მიდგომების პოპულარიზაციას და კონსტრუქციულად აკრიტიკებს პოლიტიკასა და მიდგომებს, რომლებიც ზღუდავს ადამიანურ განვითარებას. ადამიანის განვითარების ანგარიშის ოფისი ატარებს კვლევებს, ამუშავებს მონაცემებს, ამზადებს და აქვეყნებს ანგარიშებს. გარდა ამისა,  HDRO ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული მონაცემების ანალიზს და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას.