ჯანსაღი ტყე კლიმატგონივრული საზოგადოების მშენებლობისთვის

UNDP და იაპონია ხელს უწყობენ ტყის მდგრად მართვას საქართველოში

16 March 2023

ფოტოს ავტორი: UNDP Georgia/გიორგი შენგელია

სამი სრულად აღჭურვილი საქმიანი ეზო, სათანადოდ გადამზადებული მეტყევეები და ინფორმირებული საზოგადოება. ტყის დაცვის პროექტი შთამბეჭდავი შედეგებით დასრულდა.

ერთწლიანი ინიციატივა საქართველოს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და იაპონიის მთავრობასთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი, რომლის ღირებულება  920,000 აშშ დოლარს აღემატება, მიზნად ისახავდა სატყეო რეფორმის ხელშეწყობას და საქართველოს ტყის დაცვას უკანონო ჭრისა და ხანძრისგან.

პროექტი ასევე ეხმიანებოდა საქართველოს მიერ პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებას, 2030 წლისთვის, უპირობოდ შეამციროს სათბურის აირების ემისიები 35 პროცენტამდე 1990 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით.

15 მარტს გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტის შედეგები საზოგადოებას გააცნეს.

„ქვეყანაში მიმდინარე სატყეო რეფორმა მიმართულია ტყის სწორი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ ისე, რომ, ერთი მხრივ, დაკმაყოფილებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, მეორე მხრივ, სატყეო სექტორმა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ტყის რეფორმა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ამბიციური ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს, 2030 წლისთვის, სათბურის აირების ემისიები 35 პროცენტამდე შემცირდეს 1990 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით. მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტყის მდგრადი მართვის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების საქმეში".
კახა კაკაბაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
“მცხეთის მუნიციპალიტეტის 43,000-მა მაცხოვრებელმა უშუალოდ ისარგებლა ჩვენი პროექტის შედეგებით, ხოლო სუფთა ენერგიისა და მდგრადი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია მთელს საქართველოში გავრცელდა. მოხარულები ვართ, რომ იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობა ხელს უწყობს დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას და მწვანე ეკონომიკურ ზრდას.”
სუძუკი ტოშიუკი, იაპონიის ელჩის მოადგილე საქართველოში
“მცხეთის მუნიციპალიტეტის მაგალითი ცხადყოფს, რომ ტყის რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას სიკეთე მოაქვს როგორც ადამინებისთვის, ისე ბუნებისა და ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ჩვენი ხელშეწყობით, გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ინიციატივებში.”
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

ტყის დაცვის პროექტი 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე ხორციელდებოდა და შემდეგ შედეგებს მიაღწია:

  • სოფელ ჯიღაურაში აშენდა სრულად აღჭურვილი საქმიანი ეზო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მდგრადი გზით მოპოვებული საშეშე მასალით მოემსახურება, ხოლო ადგილობრივ სოფლებს ტყის ხანძრისგან დაიცავს.
  • ჯიღაურას, ქვემო ლისისა და ძეგვის საქმიანი ეზოები აღიჭურვა ცეცხლმაქრი საშუალებებით, რადიოგადამცემი მოწყობილობებით, სატვირთო მანქანებით, მაღალი გამავლობის ავტომობილებით („კვადროციკლებით“) და ელექტროენერგიის გენერატორებით.
  • სამივე საქმიანი ეზოს მეტყევეებმა გაიარეს შესაბამისი მომზადება ტყის მდგრადი მართვისა და ტყის ხანძართან ბრძოლის საკითხებში.
  • 60 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა ენერგო ეფექტური ღუმლები ყოველდღიური მოხმარებისთვის.
  • საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა იაპონელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს პრაქტიკული რეკომენდაციები  ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების შესახებ.
  • ჩატარდა საინფორმაციო კამპანია „ტყე ჩემი მეგობარია“, რომელის მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის შესახებ. მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ანიმირებული მანგა „ტყე ჩემი მეგობარია“, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანიმაციის ჩვენება სკოლებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე გაიმართა. გაეროს განვითარების პროგრამამ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გამოაცხადა ახალგაზრდული კონკურსი ანიმაციის მე-2 ეპიზოდის საუკეთესო სცენარისთვის, რომელშიც 50-მდე სკოლის მოსწავლე ჩაერთო. კონკურსის სამი გამარჯვებული 15 მარტს, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდა:

  • ბარბარე არაბული, მე-10-ე კლასის მოსწავლე. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლა. 
  • ნია ადეიშვილი და ნუცა ონოფრიშვილი, მე-6-ე კლასის მოსწავლეები. ეკოკლუბი AIA.
  • ლუკა იმერლიშვილი, გიორგი ოდიშელიძე, მარიამ ქაცარავა, ქეთი გულბათაშვილი, ლიზი მრევლიშვილი, მარიამ თვალიაშვილი, მე-9-ე კლასის მოსწავლეები. მცხეთის 1-ელი საჯარო სკოლა, ეკოკლუბი „ქლოროფილი“. 

###

საქართველოს სატყეო რეფორმის ხელშეწყობა ხორციელდება UNDP-ის გლობალური ინიციატივის, Climate Promise, ფარგლებში, რომელიც 120 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს და კლიმატური დაპირების პრაქტიკულ შესრულებას ემსახურება. საქართველო იმ 23 ქვეყნის რიცხვშია, სადაც Climate Promise იაპონიის დაფინანსებით ხორციელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია: