ევროკავშირმა და საქართველომ დაიწყეს ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტი 22 მილიონი ევროა (დაახლოებით 60 მილიონი ლარი), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეშვეობით განხორციელდება. პროექტები უშუალო დახმარებას გაუწევს საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში.

15 June 2018

ქრისტიან დანიელსონი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ქრისტიან დანიელსონმა, ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში, მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, და ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ერთობლივად განაცხადეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ფარგლებში დაფინანსებული ორი დიდი პროექტის დაწყების შესახებ.

22 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარის) ღირებულების პროექტები სოფლის მდგრადი განვითარების სხვადასხვა ასპექტს შეეხება.

- პროექტის „FAO-ს ხელშეწყობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ ENPARD-3-ის ფარგლებში“ ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს (დაახლოების 33 მილიონ ლარს) შეადგენს. პროექტი უშუალო დახმარებას გაუწევს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და ფერმერებს და ხელს შეუწყობს საქართველოსა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში. პროექტს განახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

პროოექტის „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა (დაახლოებით 27 მილიონი ლარი). მისი მიზანია სოფლის ეკონომიკის განვითარება, რომელიც სოფლის მეურნეობასა და ფერმერობას არ უკავშირდება, და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების მხარდაჭერა სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებში. პროექტი განხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.

ორივე პროექტი სრულადაა დაფინანსებული ევროკავშირის მიერ და 5 წლის მანძილზე გაგრძელდება. პროექტები განხორციელდება ENPARD პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სოფლის განვითარებას, სიღარიბის შემცირებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდას.

15 ივნისს ქობულეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გაეროსა წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ENPARD-ის პარტნიორები და ბენეფიციარები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები.

„ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები კარს უხსნიან საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირის 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზრისკენ. სოფლის განვითარების შედეგად საქართველოს მოსახლეობა უკეთ შესძლებს ამ პოტენციალის გამოყენებას,“ - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ სოფლის განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაში.

„საქართველო წარმატებით ატარებს სტრუქტურულ და საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს დაახლოვებას ევროპულ კანონმდებლობასთან, პოლიტიკასა და პრაქტიკასთან. ეს თანმიმდევრული და სწრაფი პროცესი ბევრ სექტორს, მათ შორის სოფლის განვითარებას, ეხება,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

„მომავალი ხუთი წლის მანძილზე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას სამ ძირითად სფეროს მივაქცევთ - ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ნილს სკოტმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ხაზი გაუსვა, რომ სოფლის განვითარება ხელს უწყობს თვისებრივ ცვლილებებს საქართველოს განვითარებაში.

„გაერო მოხარულია გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირთან და საქართველოს მთავრობასთან სოფლის მდგრადი განვითარების მისაღწევად. 2013 წლიდან ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ხელშესახები შედეგები, რომლებიც საქართველოს სოფლად მცხოვრებ ათობით ათას ადამიანზე უშუალოდ აისახა. ჩვენ ასევე ხელი შევუწყეთ სოფლის განვითარების პოლიტიკის შექმნას და წარმატებული ევროპული პრაქტიკის პილოტირებას, რაც დადებით შედეგს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნა ნილს სკოტმა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი 2013-2019 წლების ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის ENPARD-ის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com, +995 595 989916
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge, +995 599 502619
  • მიკოლაი ბეკასიაკი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • სოფო ალთუნაშვილი, FAO საქართველო, sophio.altunashvili@fao.org, +995 577 109950

ფოტოები