ენერგოეფექტურობა მდგრადი განვითარებისთვის

გაეროს განვითარების პროგრამამ ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

1 November 2022
Energy Efficiency Awards
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე

75 გამომგონებელი, ბიზნესი, სტარტაპი და საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გასულ ივლისში გამოაცხადა. კონკურსმა გამოავლინა სახალხო გამოგონებები, რომლებიც ხელს უწყობენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ენერგიის დაზოგვასა და მისი მოხმარების მონიტორინგს.

ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსს მხარს უჭერდა გერმანია და ყატარი UNDP-თან მათი უფრო ფართო თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება 1 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ლიდია ქრისთმანი, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების დეპარტამენტის უფროსი, და ნასერ საად ალ-ნუაიმი, საქართველოში კატარის სახელმწიფოს საელჩოს მეორე მდივანი.

მათ გამარჯვებულებსა და მონაწილეებს პრიზები და სერტიფიკატები გადასცეს და მწვანე და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

100,000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი ხუთ გამოგონებას შორის განაწილდა. თითოეულმა ავტორმა ან ავტორთა ჯგუფმა 20,000 ლარი მიიღო, რაც  მათი გამოგონებების სამუშაო პროტოტიპების შექმნას, შემდგომ განვითარებასა და პრაქტიკულ განხორციელებას მოხმარდება:

  • ჰიდრო ტურბინით აღჭურვილი ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა. ავტორი: მერაბ ჭირაქაძე
  • ჭკვიანი მრიცხველი ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარების მონიტორინგისა და ხარჯების რეგულირებისთვის. ავტორი: ლაშა ხუციშვილი
  • ვერტიკალური ფერმა ნიადაგის კონსოლიდირებული სისტემით. ავტორი: იაკობ ბიწაძე
  • მზის ენერგიაზე მომუშავე მაცივრით აღჭურვილი ავტომობილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის. ავტორები: ელისო ღვინიაშვილი, ნიკოლოზ მედულაშვილი, სულხან სალაძე
  • ენერგოეფექტური აგურები. ავტორები: ამირან გრძელიშვილი, მერაბ ბარათაშვილი
„გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება ქართველ გამომგონებელთა კრეატულობასა და შემართებას. მათ მიერ წარმოდგენილი პროექტები მწვანე, კლიმატგონივრული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობის მიზნებს პასუხობს.“
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
„გერმანია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათეულშია განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის დანერგვის მხრივ. მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ საქართველოში განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების გამოყენებას და სახალხო გამოგონებების გამოვლენას.“
ლიდია ქრისთმანი, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების დეპარტამენტის უფროსი

მეტი ინფორმაცია ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსის მონაწილეთა შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე ქართული გამოგონებების მუზეუმი.

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიები მსოფლიოს 116 ქვეყანაში მოქმედებენ. მათი მიზანია თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენება განვითარების გამოწვევების საპასუხოდ. საქართველოში სწრაფი განვითარების ლაბორატორია 2020 წელს გაიხსნა. მისი საქმიანობა რამდენი მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა პოსტ-პანდემიური გამოწვევების დაძლევა, ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა, და კლიმატის ცვლილებასთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლა და საზოგადოებისთვის ახლებურად მიწოდება.

საკონტაქტო ინფორმაცია