საარჩევნო გენდერული კვოტები ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ მონაწილოებას და გამოავლენს კანონმდებლობასა და პარტიულ წესებში არსებულ ხარვეზებს

დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ხელშეწყობით, NDI და UNDP აქვეყნებენ ანალიტიკური კვლევის შედეგებს სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ

25 October 2022
Photo: Leli Blagonravova/UNDP
ფოტოს ავტორი: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

მას შემდეგ, რაც საქართველომ სავალდებულო საარჩვენო გენდერული კვოტები შემოიღო, მეტი ქალი იყრის კენჭს არჩევნებზე, რაც როგორც საზოგადოებრივ დაკვეთას, ისე პოლიტიკური პარტიების მისწრაფებებს შეესაბამება. თუმცა, ამ საარჩევნო მექანიზმის სრულად ამოქმედება საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას მოითხოვს. ამავდროულად, პოლიტიკურმა პარტიებმა მეტად უნდა იზრუნონ ქალ კანდიდატთა გამოვლენაზე, მოზიდვასა და წახალისებაზე, რისთვისაც მკაცრად გაწერილი შიდა წესები უნდა შემოიღონ.

ეს და სხვა მიგნებები შესულია ანალიტიკურ სამაგიდო კვლევაში, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა/NDI და გაეროს განვითარების პროგრამის/UNDP დაკვეთით და დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ხელშეწყობით განხორციელდა.

კვლევაში გაანალიზებულია საარჩვენო გენდერული კვოტების გავლენა საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებაზე 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩვენების მაგალითზე.

გენდერული საარჩევნო კვოტების ეფექტიანობის შეფასებისთვის, კვლევაში გამოყენებულია 2020 წლის შემდგომ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები და  განხილულია დროის ამავე პერიოდში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები.

კვლევაში ასევე შესულია რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისა და კანონმდებლების მიმართ.

კვლევის საჯარო წარდგენას, რომელიც 25 ოქტომბერს, გაიმართა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კვლევის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა მკვლევართა ჯგუფმა - ირმა პავლიაშვილმა და სალომე მუხურაძემ. მათ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე, გედერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების გაძლიერებაზე და პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებაზე ისაუბრეს.

„გენდერული თანასწორობის მიღწევა მმართველობის ყველა დონეზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხია. ქვეყნის ნიჭისა და გამოცდილების 100 პროცენტით გამოყენება სასიკეთო გავლენას ახდენს განვითარებაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. კვლევა, რომელიც UNDP-მ (გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში) და NDI-მ განახორციელეს, გვეხმარება იმის შეფასებაში, თუ როგორ მუშაობს გენდერული კვოტების მექანიზმი და რა არის საჭირო მისი გაუმჯობესებისთვის. საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს გენდერული თანასწორობის მხრივ, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესით განსაზღვრულ 12 პრიორიტეტსაც შეესაბამება".
ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის ელჩი საქართველოში
„საარჩევნო გენდერული კვოტები პოლიტიკურ კარიერის კარს უღებს ნიჭიერ და მოტივირებულ ქალებს. თუმცა, კვოტების შემოღებამ ის ხარვეზებიც გამოავლინა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში, პარტიულ წესებსა და სოციალურ პრაქტიკაში არსებობს. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ამ გამოწვევების შესწავლასა და განხილვას და იმ გადაწყვეტების გამოვლენას, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას.“
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
„გენდერული კვოტების მიღებამ უპრეცენდენტოდ გაზარდა არჩეულ ქალთა რაოდენობა საქართველოს პოლიტიკაში, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ქალთა რაოდენობა ადგილობრივ თვითმმართველობაში გაორმაგდა 2017 წელთან შედარებით. ამის მიუხედავად, საქართველომ კვლავაც ვერ მიაღწია ეგრეთ წოდებულ „კრიტიკულ მინიმუმს“, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მინიმუმ 30 პროცენტიან წარმომადგენლობის გულისხმობს. რეალური თანასწორობის მისაღწევად, პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ შიდა წესებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, გენდერულად სენსიტიური და ქალებისთვის საინტერესო შიდა პოლიტიკის გატარებას. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ გენდერული კვოტების მიღების შემდეგ, პარტიებმა კანდიდატ ქალთა გამოვლენა საკუთარ რიგებში დაიწყეს და ბევრი საინტერესო და ნიჭიერი კანდიდატი აღმოაჩინეს.“ თეონა ყუფუნიამ, NDI-ის დირექტორის მოადგილემ
თეონა ყუფუნია, NDI-ის დირექტორის მოადგილე

2020 წელს სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების მიღების შემდეგ, ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში 14 პროცენტიდან თითქმის 20 პროცენტამდე, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაში 13.8 პროცენტიდან 24 პროცენტამდე გაიზარდა. 2021 წლის ადგილობრივ არჩვენებში, ქალებმა პროპორციულ სიებში მანდატების 31.4 პროცენტი მიიღეს (სულ 441 მანდატი), რაც საგრძნობლად მეტია 2017 წლის არჩევნების შედეგებთან შედარებით, როდესაც პროპორციულ სიებში ქალთა მანდატების რაოდენობა 19.8 პროცენტს არ აღემატებოდა.

ამ თვალსაჩინო შედეგის მიუხედავად, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ დაბალია - ერთ მეხუთედი პარლამენტში, ერთი მეოთხედი ადგილობრივ თვითმმართველობაში, რაც საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქალებმა რეალური გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის შექმნის პროცესზე.

კვოტირების პოლიტიკის გაფართოება და დახვეწა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას რეალური გენდერული თანასწორობისკენ, ხოლო ქვეყნის პოლიტიკურმა დღის წესრიგმა პერსპექტივების მრავალფეროვნება შეიძინოს.

###

შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამა ხორციელდება გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მირ და ხელს უწყობს საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას.

###

პროექტი „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია