ჩეხეთიდან საქართველომდე: ინოვაციური გადაწყვეტები მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობისთვის

ჩეხეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოში განვითარების ინიციატივები ხორციელდება

10 March 2023
UNDP-Czech Partnership
ფოტოს წყარო: აფხაზინტერკონტი

ჩეხი და ქართველი ინოვატორების, კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად, იქმნება ახალი გადაწყვეტები მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კარგი მმართველობის განვითარებისთვის.

ამ წარმატებულ პარტნიორობას მხარს უჭერს „ჩეხეთის გამოწვევების ფონდი“ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

პროექტების შერჩევა საგრანტო კონკურსის მეშვეობით მიმდინარეობს, ხოლო თითოეული შერჩეული ინიციატივის დაფინანსება 40,000-მდე აშშ დოლარს შეადგენს. მიმდინარე საგრანტო რაუნდის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები 2022 წლის ოქტომბრიდან 2023  წლის ოქტომბრამდე განხორციელდება.

„ჩეხეთის გამოწვევების ფონდი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით შეიქმნა, ყველაზე მეტ პროექტს სწორედ საქართველოში აფინანსებს. ვამაყობთ ჩეხი და ქართველი მონაწილეების ერთობლივი მიღწევებითა და ინოვაციური იდეების ირგვლივ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. მოუთმენლად ველით მიმდინარე პროექტების შედეგებს, რომლებიც 2023 წელს გამოვლინდება“.
პაველ ფაუსი, ჩეხეთ-UNDP-ის პარტნიორობის უფროსი სპეციალისტი UNDP-ის რეგიონულ ჰაბში
„ქვეყნებს შორის ინოვაციისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის სასიკეთო მდგრადი გადაწყვეტების შესაქმნელად. ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობა ახალი ტექნოლოგიებისა და აკადემიური გამოცდილების გამოყენებით ქმნის თანამშრომლობის სივრცეს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის“.
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

2018 წლიდან, ჩეხეთის გამოწვევების ფონდის მხარდაჭერით საქართველოში ოცდაოთხი ინოვაციური პროექტი განხორციელდა. მათ შორის:

ამ ინოვაციური მიდგომის მეშვეობით, ფსიქიკური დარღვევის მკურნალობის პირადი გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ჩაერთონ  ფსიქიატრიული პაციენტების მკურნალობაში და მხარდაჭერა გაუწიონ მათ. პროექტში ჩართულია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების ცენტრი“ და ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა თანაბარი უფლებებისთვის“.

 

ჩეხური კომპანია „Vision Craft“ ადგილობრივ პარტნიორთან შპს „GlobalPort“-თან ერთად ახორციელებს საპილოტე პროექტს, რომელიც მოძრაობის სენსორების საშუალებით რეალურ დროში აგროვებს მონაცემებს საჯარო უწყებების საკუთრებაში არსებული მანქანებიდან. ამ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია გზის სავალი ნაწილის დაზიანებების აღმოჩენა და ინფორმაცის გადაგზავნა შესაბამის უწყებებში.

დასრულებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია:

  • აივ ინფექციის თვით-ტესტირება: საპილოტე ინიციატივამ ხელი შეუწყო საქართველოში აივ ინფექციაზე პრევენციული თვით-ტესტირების განვითარებას. პროექტი განახორციელა ჩეხეთის კარიტასმა  CRRC-საქართველოსთან პარტნიორობით.
  • თემების განვითარება და საზოგადოების ჩართულობა: ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ‘Nesehnuti Brno’ და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „აბხაზინტერკონტი“ ჩამოაყალიბეს დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმა სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რამაც ხელი შეუწყო მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • ენერგო-ეფექტური ღუმელი:  ჩეხურმა ორგანიზაციამ „AGORA CE“ და „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტომ“ ერთად შექმნეს ენერგო-ეფექტური ღუმელი, რომელიც საქართველოსთვის ტრადიციულ დიზაინს ევროპულ ტექნოლოგიებთან აერთიანებს.

###

პროექტების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: undp.cz

###

ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ხელს უწყობს განვითარების პროექტებს ექვს პარტნიორ ქვეყანაში - ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ეთიოპიაში, ზამბიაში, კამბოჯაში, მოლდოვასა და საქართველოში. პროექტების ფინანსური მხარდამჭერია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოში ჩეხეთის გამოწვევის ფონდის ხელშეწყობით 24 პროექტი განხორციელდა.

###

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პაველ ფაუსს, ჩეხეთის გამოწვევის ფონდის პროექტის სპეციალისტს, pavel.faus@undp.org