ქართველი და უკრაინელი ბავშვები შავ ზღვას ხატავენ

მშვიდობა, მხიარული დელფინები, ფერადი სანაპირო, ბიომრავალფეროვნება და მეგობრობა - ბავშვების ნახატები სავსეა მომავლის იმედით

Posted 24 June 2022
Andria Ezieshvili, 8

ანდრია ეზიეშვილი, 8

ბავშვთა ნახატების კონკურსზე „ოცნება შავ ზღვაზე“ ქართველმა და უკრაინელმა ბავშვებმა 130-ზე მეტი ნახატი წარადგინეს.

კონკურსი გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ინიციატივის EU4EMBLAS ფარგლებში, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში ხორციელდება და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და დაცვას ემსახურება.

კონკურსისთვის შექმნილი ნამუშევრების მეშვეობით, ბავშვებმა შავი ზღვის საკუთარი ხედვა გადმოსცეს და მომავლის მოლოდინები და იმედები გამოხატეს.

უკრაინის ომის თემა მწვავედ აისახა როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ბავშვების შემოქმედებაში. უკრაინელი ბავშები ხატავდნენ ომის შედეგად დაცარიელებულ სანაპიროს, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია ნაღმების საფრთხის გამო. მათ ასევე გადმოსცეს თავისი იმედი მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ქართველმა მონაწილეებმა თანადგომა გამოხატეს უკრაინელი თანატოლების მიმართ და თავისი ნახატებით მეგობრობის გზავნილი გადასცეს.

„ზღვა. სიცოცხლე. მშვიდობა.“, „არა ომს!“, „გიგზავნი სიყვარულს, მშვიდობას და ღიმილს“, „ზღვა აგვიხდენს ოცნებებს“ - ამ ემოციური წარწერებით პატარა მხატვრებმა კიდევ უფრო გააძლიერეს მათი ნახატების ვიზუალური შინაარსი.

ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვა და ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნება კიდევ ერთი თემაა, რომელიც კონკურსის შედეგად გამოვლინდა. ბავშვების  შემოქმედებამ აჩვენა, რომ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ახალგაზრდები ზრუნავენ ზღვის გარემოზე, ფიქრობენ მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე და უნდათ, რომ მათი ზღვა ჯანსაღი და სუფთა იყოს.

ბევრ ნახატზე გადმოცემულია შავი ზღვის ბინადართა მრავალფეროვნება და ადამიანისა და ზღვის მცხოვრებელთა ჰარმონიული და მშვიდობიანი თანაცხოვრება. დელფინები და ადამიანები ერთად ცურავენ, თამაშობენ და მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც კი უკრავენ.

EU4EMBLAS-ის გუნდმა უკვე გამოავლინა ათი გამარჯვებული ნახატი (ხუთი საქართველოდან და ხუთი უკრაინიდან), რომელთა ნახვა შესაძლებელია პროექტის ვებგვერდზე: https://emblasproject.org/ 

EU4EMBLAS პროექტის შესახებ:

ევროკავშირისა და UNDP-ის რეგიონული პროექტი „ევროკავშირი შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის“ (EU4EMBLAS) 2014 წლიდან ხორციელდება. ამჟამად ამ რეგიონული ინიციატივის მე-4 ფაზა მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და დაცვას ემსახურება. პროექტის მიმდინარე მეოთხე ფაზა მიზნად ისახავს მონიტორინგის მხრივ არსებული შესაძლებლობების გაღრმავებას და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის სტანდარტებისა და დირექტივების, მათ შორის, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივისა (WDF) შესაბამისად.

საკონტაქტო ინფორმაცია: