კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაცია და ეკონომიკის განვითარება - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე დახმარების პროგრამების ქვაკუთხედი

გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიის მთავრობა ხელს უწყობენ წყალდიდობისგან დაცვას და პროფესიული განათლების განვითარებას

15 March 2022

ფოტოს ავტორი: მამუკა ჩხიკვაძე/UNDP

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვივნენ და მიმდინარე ინიციატივებისა და პროექტების წარმატებას გაეცნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბარბარა იაგი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე; ჯონათან რეცონიკო, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული მრჩეველი გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში; დანიელ მევლი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში; და ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში.

სტუმრები ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ და მდინარე აჭყვას ნაპირზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შედეგად, მიმდებარე დასახელებების 8,000-ზე მეტი მაცხოვრებელი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან. აჭყვასა და კინტრიშის შეერთების უბანზე ხორციელდება გაბიონის მოწყობა,  1,929 მეტრის სიგრძის ხელოვნური არხის რეაბილიტაცია და სათავე ნაგებობის მშენებლობა. ამის შედეგად, წყალდიდობის დროს შესაძლებელი იქნება წყლის ნაკადის გადატანა და როგორც ქალაქის, ისე და სავარგულების, დატბორვისგან დაცვა. სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

SDC-ისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ასევე შეიქმნა ან განახლდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შვიდი სახის კატასტროფის რისკის ამსახველი რუკები - წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, გვალვა, ზვავი, სეტყვა და ძლიერი ქარი. ეს ინფორმაცია საფუძვლად დაედება საქართველოში კლიმატგონივრული პოლიტიკის შემუშავებას და აჭარასა და სხვა რეგიონებში შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას.     

ვიზიტი გაგრძელდა კოლეჯში „ახალი ტალღა“, რომელიც 2,000 სტუდენტს 50-ზე მეტი მიმართულების პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამას სთავაზობს. SDC-ისა და UNDP-ის ხელშეწყობა კოლეჯის მართვის გაუმჯობესებას, ხარისხის მართვის სისტემის შემოღებას, მასწავლებლებისა და თანამშრომლების გადამზადებასა და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს.

2021 წელს, ამ ხელშეწყობის ფარგლებში, „ახალი ტალღის“ ქობულეთისა და ხულოს ფილიალებში დაიწყო ოთხი ახალი სასწავლო კურსი ხე-ტყის დამზადების, კულინარიისა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების დიაგნოსტირების დარგებში.

პანდემიის დროს, როდესაც საგანმანათლებლო პროცესმა საკლასო ოთახებიდან ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, SDC და UNDP აქტიურად ეხმარებოდნენ პროფესიული განათლების კოლეჯებსა და ცენტრებს, მათ შორის „ახალ ტალღასაც“, კოვიდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების შემოღებაში, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენაში და ონლაინ განათლების დანერგვაში.

„ადამიანებისა და პლანეტის ინტერესები ჩვენი დახმარების ქვაკუთხედია. ხელს ვუწყობთ საქართველოში ინკლუზიური, თანასწორი, მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადაც ყველა შეძლებს, რომ ისწავლოს დასაქმდეს, წარმატებას მიაღწიოს და ერთად იმოქმედოს მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარებისთვის“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ ორ მიმდინარე პროგრამას ეყრდნობა - SDC-ის მიერ დაფინანსებულ 7.1 მილიონის აშშ დოლარის ღირებულის ინიციატივას, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას ემსახურება, და 78 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოს მედეგობის გაზრდა კლიმატის ცვლილების მიმართ. ეს ფართომასშტაბიანი პროგრამა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით.

საკონტაქტო ინფორმაცია