ამბავი წყალდიდობაზე

წყალდიდობის მართვის თანამედროვე პრაქტიკა იცავს რიონისპირა სოფლების 200 ათას მაცხოვრებელს

6 April 2018

ნაპირების გამაგრება ქვის ლოდებით სოფელ საჯავახოს მახლობლად. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

მოულოდნელად მოვარდნილი წყალი, დანგრეული სახლები და გზები, დატბორილი სავარგულები - ალბათ,  რომელიმე ცნობილი რეჟისორის კინოფილმს წარმოიდგენთ, ისეთს, უამრავ ადამიანს კინოთეატრში თავს რომ მოუყრის და საათნახევრის განმავლობაში მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს?

არადა, ეს სრულიად რეალური ამბავია, რომელიც საკმაოდ ხშირად ხდება რიონისპირა სოფლებში, საქართველოს იმ რეგიონში, რომელიც ცნობილია ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების მაღალი რისკით.

მანიჟა ქარდავა, წყალდიდობის ერთ-ერთი თვითმხილველი, იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ საღამოს:

„როდესაც წყალი გადმოხტა, საღამოს 5 საათი იყო. აი ფილმებში რომ ხდება, ისე იყო. მივრბოდით, წყალი უკან მოგვყვებოდა, ძლივს გავასწარით“.

რიონის აუზის ექვსი მუნიციპალიტეტის 200 ათასამდე მაცხოვრებელი წყალდიდობის მუდმივი საფრთხის პირობებში ცხოვრობს. კლიმატის ცვლილების შედეგად, წყალდიდობები და წყალმოვარდნები აქ სულ უფრო ხშირია, საფრთხე ექმნებათ ადამიანებს, მათ ქონებასა და შემოსავლებს.

„ჩემი სოფელი ყოველ წელს იტბორებოდა“, - იხსენებს ოლეგ შანიძე, სოფელ საჯავახოს მკვიდრი.

“მოვარდნილი წყალი ანგრევდა ნაპირებს, ეზოებში გვივარდებოდა, იტაცებდა ჩვენს მიწას.“

კლიმატურ საფრთხეებთან გამკლავება მოითხოვს რეგიონში არსებული ვითარების საფუძვლიან შესწავლას, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის თანამედროვე მეთოდებისა და ადაპტაციის ზომების დანერგვას, და საფრთხის ქვეშ მყოფი რეგიონის  ისეთ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მედეგია კლიმატის ცვლილების მიმართ. სწორედ ამას ისახავს მიზნად ადაპტაციის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა, რომელიც 2012 წლიდან საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ქართველ მეცნიერებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. რიონის აუზში ჩვენ  აქტიურად ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს ვუწყობთ მდინარის ნაპირის გამაგრებას, ამინდისა და წყლის დონის მონიტორინგის ახალი ტექნოლოგიების  დანერგვას“, - ამბობს ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.

პროექტის ხელშესახები შედეგები სასიკეთოდ აისახება რიონისპირა სოფლების 200 ათასი მოსახლის ცხოვრებაზე.   

ნაპირსამაგრმა ჯებირებმა სახნავ-სათესი მიწა დაუბრუნა ადგილობრივ მოსახლეობას მაღალი რისკის შემცველ ათ მონაკვეთზე. რამდენიმე სოფელს დაუბრუნდა ათ მეტრამდე სიგანის მიწის მონაკვეთები. თანამედროვე აღჭურვილობამ და უახლესმა ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართული ფუნქციონირება და წყლის დონის 24-საათიანი დაკვირვება. გარდა ამისა, შემუშავდა წყალდიდობებისაგან დაზღვევის ამინდის ინდექსზე დაფუძნებული სქემა, რომელიც უახლოეს მომავალში მაოქმედდება. 

„გაგვიკეთდა ისეთი გამაგრება, რომ წვიმის დროს სახლებში ვართ და აღარ გავრბივართ, ვართ ძალიან მშვიდად“, - ამბობს მანიჟა ქარდავა.

რიონისპირა სოფლიების მოსახლეობამ, მათ შორის ოლეგ შანიძემ, გაიარა მომზადება ბიო-ინჟინერიის საფუძვლებში და აქტიურად ჩაერთო აგრო-ტყეების გაშენებაში, რომლებიც დაიცავს მდინარისპირა სოფლებს წყალდიდობისაგან.

„ეს პოზიტიური გამოცდილება გავრცელდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც ასევე არსებობს წყალდიდობის მაღალი რისკის ზონები,“ - ამბობს გიგლა აგულაშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

ადაპტაციის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი დასრულდება 2016 წლის ბოლოს, ხოლო რიონის აუზის გამოცდილება დაინერგება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ყველგან, სადაც კლიმატის ცვლილების შედეგად იზრდება წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკი და საფრთხე ექმნება ადგილობრივ მაცხოვრებლებს.