საქართველოს კლიმატურ დაპირებაში ახალგაზრდები ერთვებიან

ახალგაზრდა თაობის ხმა მნიშვნელოვანია პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის

22 აპრილი 2025
Youth Climate Forum 2025
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

თბილისში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი „კლიმატური დაპირება: ვალდებულებიდან ხელშესახებ შედეგამდე, NDC 3.0“, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი სტუდენტი და კლიმატის აქტივისტი დაესწრო. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს მიერ პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მესამე თაობის შესახებ, რომელიც ცნობილია, როგორც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი, NDC 3.0. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან საქართველოს კლიმატური მიზნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.  

ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, UNDP-ის გლობალური ინიციატივის ფარგლებში Climate Promise (კლიმატური დაპირება). ეს ფართომასშტაბიანი ინიციატივა ხელს უწყობს 140-ზე მეტი ქვეყნის კლიმატური მიზნების მიღწევას მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.

თავის მისასალმებელ სიტყვაში, ნილს ქრისტენსენმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს კლიმატგონივრული საზოგადოების მშენებლობის საქმეში. 

„NDC 3.0 მხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტი როდია. ეს საქართველოს კლიმატური გზამკვლევია, რომელმაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ტრაექტორია შემდეგი ათწლეულის მანძილზე უნდა განსაზღვროს. ახალგაზრდების აზრის გათვალისწინება არა მხოლოდ მისასალმებელი, არამედ აუცილებელიცაა, რადგან ქვეყნის კლიმატური მიზნები სწორედ ახალგაზრდა თაობის მომავალზე მოახდენს გავლენას“, - განაცხადა ნილს ქრისტენსენმა.

ნინო ტაბატაძემ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა, საქართველოს ახალი კლიმატური დაპირებით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„საქართველოს ახალი კლიმატური დაპირების ფარგლებში, იზრდება ახალგაზრდების როლი კლიმატური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ასევე ფართოვდება გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნინო ტაბატაძემ.

ფორუმის მსვლელობაში გაიმართა პრეზენტაციები, სამოტივაციო სესიები და ჯგუფური მუშაობა. ახალგაზრდებმა ერთად მოიფიქრეს და იქვე წარადგინეს ინოვაციური იდეები კლიმატური ინიციატივების განხორციელებისთვის როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. 

ასევე შედგა ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ვიდეოს ჩვენება, რომელშიც ორი ახალგაზრდა კლიმატის ელჩი - რეზი დგებუაძე და ეთუნა ასანაშვილი განმარტავენ, თუ როგორ აისახება საქართველოს ახალი კლიმატური დაპირება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორსა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

რეზი დგებუაძე, ახალგაზრდა კლიმატის ელჩი და UNDP-ის რეგიონული ახალგაზრდული ქსელის, Generation Nexus-ის აქტიური წევრი, გაუძღვა სამოტივაციო სესიას კლიმატური აქტივიზმის შესახებ.

„ახალგაზრდა კლიმატის ელჩი - ეს პირველ რიგში, შემეცნებითი და საგანმანათლებლო მოგზაურობაა. ეს ნაბიჯია მომავლისკენ, გადაწყვეტების შექმნისა და ნამდვილ ცვლილებაში მონაწილეობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა რეზი დგებუაძემ.

აპრილის ბოლოს, გაიმართება უფრო ბა საქართველოს ახალი კლიმატური მიზნების, NDC 3.0-ის ფართო საზოგადოებრივი განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორების წარმომადგენლები. ამის შემდეგ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს გაეგზავნება. 

აპრილის მდგომარეობით, პარიზის შეთანხმებაზე ხელმომწერი 196 ქვეყნიდან, NDC 3.0 წარდგენა 20-ზე ნაკლებმა ქვეყანამ შეძლო. უახლოეს კვირებში, ამ მცირერიცხოვან ჯგუფს საქართველოც შეუერთდება.

პარიზის შეთანხმება 

პარიზის შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შეზღუდვას არაუმეტეს 2°C და სასურველია 1.5°C ზღვრამდე წინაინდუსტრიულ დონეებთან შედარებით.

2015 წელს, გაეროს ყოველწლიურ გლობალურ კლიმატურ კონფერენციაზე, COP21, პარიზის შეთანხმებას 196-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ მოაწერა ხელი.

პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევა თითოეული მონაწილე ქვეყნისგან მნიშვნელოვან რეფორმებსა და გარდაქმნებს მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, ხუთ წელიწადში ერთხელ, ქვეყნები თავის ახალ კლიმატურ დაპირებებს - ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს (NDCs) წარადგენენ. ამ დოკუმენტებში ასახულია, თუ როგორ შემცირდება თითოეული ქვეყნის ეროვნული ემისიები და რა ნაბიჯები გადაიდგმება კლიმატის მიმართ მდგრადობის განმტკიცებისა და შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებისთვის.

საქართველოს პირველი და მეორე NDC, რომელიც ქვეყანამ 2016 და 2021 წლებში წარადგინა, ითვალისწინებდა 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების უპირობო შემცირებას 35 პროცენტით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით და 50-57 პროცენტით საერთაშორისო ხელშეწყობის პირობებში. 

მოსალოდნელია, რომ ახალი კლიმატური დაპირება, NDC 3.0, კიდევ უფრო ამბიციური იქნება, რაც საქართველოს მწვანე, მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

საკონტაქტო ინფორმაცია