გაეროს განვითარების პროგრამა და ჩეხეთის რესპუბლიკა ხელს უწყობენ ახალი მიდგომების დანერგვას საქართველოს ფსიქიკურ ჯანდაცვაში
თანასწორთა მხარდაჭერა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
10 ოქტომბერი 2025
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და ჩეხეთის საელჩომ საქართველოში შეაჯამეს 2022-2025 წლებში განხორციელებული პროექტის შედეგები, რომელიც საქართველოს ფსიქიკურ ჯანდაცვაში ახალი მდგომებისა და სერვისების დანერგვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით, ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა. მასში ჩართულები იყვნენ ჩეხური ორგანიზაცია „ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის განვითარების ცენტრი” და ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის“.
პროექტის შედეგებზე დაყრდნობით, თანასწორთა მხარდაჭერის სერვისი წარმატებით დაინერგა საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემაში, როგორც მდგრადი და ადამიანზე მორგებული პრაქტიკა.
ეს ახალი მიდგომა ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების მქონე ადამიანთა დასახმარებლად პირადი გამოცდილების გამოყენებას ითვალისწინებს. თანასწორები არიან პირები, რომელთაც თავად აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემით ცხოვრების გამოცდილება და შეუძლიათ სათანადო მხარდაჭერა შესთავაზონ ასეთივე გამოწვევების წინაშე მყოფ ადამიანებს.
10 ოქტომბერს, გაეროს სახლში გამართულ შეხვედრას პროექტში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა თანასწორთა მხარდამჭერებმა, რომელთაც პროექტის ფარგლებში შესაბამისი ტრენინგი გაიარეს და პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგნენ.
„საქართველო წარმატებით იყენებს ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ინოვაციების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი მდგრადობა, სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა და თემების გაძლიერება. 2018 წლიდან, ჩეხეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობის ფარგლებში, ორივე ქვეყნის ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში 40-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რამაც ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან და მდგრად ცვლილებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებს უმკლავდება. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის 2022-2030 წლების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 5 პროცენტს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება.
„ჩვენ საკმაოდ სტრესულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც კლიმატის კრიზისი, კონფლიქტები და ჯანდაცვასთან დაკავშირებული კატასტროფები ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას მუდმივ საფრთხეს უქმნის. თანასწორთა მხარდაჭერას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და გამოჯანმრთელებისა და აღდგენის ხელშეწყობა შეუძლია. გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია ითანამშრომლოს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამედიცინო დაწესებულებებთან ფსიქიკური ჯანდაცვის გაძლიერებისა და ახალი მდგომების დანერგვის ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა დაგლას უებმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
„თანასწორთა მხარდაჭერა მსგავსი ცხოვრებისეული სიტუაციის მქონე ადამიანების ურთიერთთანადგომას ეფუძნება. პირადი გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ნდობის მშენებლობასა და სტიგმის შემცირებას. ამ მიდგომის მეშვეობით, ადამიანები იღებენ მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა ოლგა კალინამ, ორგანიზაციის „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა.
პროექტის ძირითადი მიღწევები
- ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მხარდაჭერა: თანასწორთა მხარდაჭერის დანერგვისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ექვსმა სერვისმა მეთოდოლოგიური დახმარება მიიღო.
- თანასწორთა მხარდამჭერების ტრენინგი: ჯამში 24-მა მონაწილემ თანასწორთა მხარდამჭერის ტრენინგი გაიარა.
- შესაძლებლობების განვითარება: გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებული პრაქტიკის განვითარების მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობის 30-მა სპეციალისტმა ვებინარებში, სემინარებსა და კონფერენციებში მიიღო მონაწილეობა.
- პროფესიული პლატფორმა: თანასწორთა მხარდაჭერის სერვისის სამომავალო განვითარებისთვის, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლშიც 16 გამოცდილი თანასწორთა მხარდამჭერი და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი გაერთიანდა.
- ცოდნის გაზიარება: პროექტის ფარგლებში გაიმართა სასწავლო სესიები, თემატური ვებინარები და ინტერაქტიული სემინარები, ხოლო 2024 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე თემატური კონფერენციით აღინიშნა.
2024 წლის აპრილში პროექტის დასრულების შემდეგ, ჩეხმა და ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ინკლუზიური და ეფექტიანი სისტემის განვითარებას, და კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.
დამატებითი ინფორმაცია
ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის თანამშრომლობის მოქნილი პლატფორმაა, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებასა და ევროპისა და შუა აზიის რეგიონში დანერგვას ემსახურება. მისი ეფექტიანობა ეყრდნობა ინოვაციური გადაწყვეტების მოძიებას ჩეხეთის რესპუბლიკაში შემუშავებული მიდგომების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
დისქლეიმერი
პროექტი „ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში თანასწორთა მხარდაჭერის სერვისის დანერგვისთვის“ ხორცილდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. წინამდებარე პრეს-რელიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ თვალსაზრისს.
საკონტაქტო ინფორმაცია
სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org