იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი მხარს უჭერენ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს საქართველოს 12 დაცულ ტერიტორიაზე

2 March 2022

ფოტოს ავტორი: ნიკა მელიქიშვილი/CNF

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, კეთილშობილი ირემი,  ხოხობი, კალმახი, წაბლი, ბატკანძერი, შავი ყარყატი, კასპიური შურთხი, და ცხოველთა და მცენარეთა კიდევ 20 სახეობა მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი საქართველოს თორმეტ უდიდეს დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მონიტორინგი აფასებს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების მიმდინარე მდგომარეობას, იკვლევს არსებულ და პოტენციურ საფრთხეებს და ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფას.

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

მონიტორინგი შეესაბამება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის 10-წლიან გეგმას, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით შეიმუშავა.

2020-2021 წლებში, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შედეგად, შეგროვდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მონაცემები ფრინველების, ძუძუმწოვრებისა და თევზების სხვდასხვა სახეობისა და ასევე ტყეებისა და საძოვრების მდგომარეობის შესახებ. მონიტორინგში ჩართულმა მკვლევარებმა და რეინჯერებმა ასევე შეაგროვეს ინფორმაცია საქართველოს ტყეებში გამოვლენილ მცენარეთა დაავადებებზე.

მონიტორინგის ანგარიშები მუდმივად მიეწოდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს. რაოდენობრივი მონაცემებისა და ანალიზის გარდა, მათში შესულია მოკლე და გრძელვადიანი რეკომენდაციები დაცული ტერიტორიების ადაპტირებული მართვის უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ჩვენ დავნერგეთ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს არსებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი გადაწყვეტილებები მივიღოთ. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების შედეგად, უფრო მეტად ოპერატიული და ეფექტიანი გახდა რეინჯერთა პატრულირება და შესაბამისად დაცული ტერიტორიების მართვა“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების  სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა.

„ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასებას. გარდა ამისა, ბიომრავალფეროვნების მუდმივი კვლევა აუცილებელია იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ ეკონომიკური საქმიანობა, მაგალითად, ტურისტული ან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რათა ეკონომიკური სარგებლის მიღებამ ბიომრავალფეროვნების დანაკარგებამდე არ მიგვიყვანოს“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

UNDP-სა და GEF-ის მიერ მხარდაჭერილი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი 2020 წელს დაიწყო და 2030 წლამდე გაგრძელდება. ეს უმნიშვნელოვანესი კვლევა 12 დაცულ ტერიტორიაზე ვრცელდება - ალგეთის ეროვნულ პარკზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, მაჭახელას ეროვნულ პარკზე, მტირალას ეროვნულ პარკზე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, თუშეთის დაცულ ლანდშაფტზე, ჯავახეთის ეროვნულ პარკზე, ფშავ- ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე და ყაზბეგის ეროვნულ პარკზე.

საკონტაქტო ინფორმაცია