ინკლუზიური სერვისების განვითარება

დიდი ბრიტანეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტიან მომსახურებას გაუწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს

25 May 2022

ფოტოს ავტორი: UNDP/გელა ბედიანაშვილი

დიდი ბრიტანეთის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ საქართველოში ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სახელმწიფო სერვისების განვითარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.

GEC Consulting-თან და ინოვაციების და რეფორმების ცენტრთან თანამშრომლობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) კომპლექსური დახმარება გაუწიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ორ უწყებას - მომსახურების სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს. გაწეული დახმარება შემდეგ საკითხებს მოიცავდა:

  • სხვადასხვა სერვისის რეფორმირება და გაუმჯობესება.
  • ქოლ ცენტრის ადაპტაცია სმენადაქვეითებული ადამიანების საჭიროებებზე.
  • 150-ზე მეტი პოლიციელისა და სამინისტროს თანამშრომლის ტრენინგი შშმ პირების მომსახურებასა და კომუნიკაციაში.

შშმ პირებმა თავად შეაფასეს ერთიანი მომსახურების ცენტრის სერვისები და მომსახურების მიწოდების ხარვეზები გამოავლინეს. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრმა დანერგა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და მომსახურების ხარისხის მონიტორინგის განახლებული სისტემა, მოამზადა შიდა სერვისისა და კომუნიკაციების სახელმძღვანელო წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლებისთვის, შეიმუშავა მისაწვდომობის გეგმა და ცენტრის შენობა დაქვეითებული მხედველობის მქონე ადამიანების საჭიროებებს მოარგო.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ერთიანი მომსახურების ცენტრში დაინერგა ერთიანი შეფასების სისტემა (CAF), რომელიც წარმატებით გამოიყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4,500-მდე საჯარო უწყებაში.

„მოქალაქეთა მომსახურების მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი საკვანძო უწყებაა. მიმდინარე რეფორმა სერვისების ინკლუზიურ და ეფექტიან მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც გააძლიერებს საზოგადოების ნდობას საჯარო ინსტიტუტების მიმართ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

“გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი მოხარულია, მხარი დაუჭიროს მისაწვდომი სახელმწიფო სერვისების განვითარებას საქართველოში. ამ მხრივ, ხელს ვუწყობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მივესალმებით მიღწეულ წარმატებას”, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა ელენ ვიხმანმა.

„ხარისხიანი სერვისი მისაწვდომი უნდა იყოს თითოეული ადამიანისთვის. ეს სახელმძღვანელო პრინციპია იმ უწყებებისთვის, რომელთაც მოქალაქეთა დაცვა და მომსახურება ევალებათ. ჩვენი მხარდაჭერა  იმ მიდგომებსა და საშუალებებს უზრუნველყოფს, რომლებიც  შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მიერ დაფინანსებული 10.4 მილიონი აშშ დოლარის (GBP7.9 მილიონი) ღირებულების პროგრამის (ფაზა 1 და 2) ფარგლებში, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია