საქართველო ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების ქვეყნების ჯგუფშია

UNDP ადამიანური განვითარების ინდექსს აქვეყნებს

20 September 2022
Photo: UNDP Georgia/Irakli Dzneladze
ფოტოს ავტორი: UNDP /ირაკლი ძნელაძე

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოქვეყნებულ ადამიანური განვითარების ინდექსში/HDI, საქართველო 63-ე ადგილს იკავებს 191 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. მსოფლიოს ქვეყნების 90 პროცენტის მსგავსად, 2019-2021 წლებში, საქართველოს ზოგადი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, 0.810-დან 0.802-მდე. თუმცა საქართველოს HDI კვლავ მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს, რაც „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ მქონე ქვეყნების ჯგუფზე მიუთითებს და კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის წინაპირობას იძლევა.

HDI-ის ზოგადი მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს აზერბაიჯანს (0.745), სომხეთსა (0.759) და მოლდოვას (0.767), თუმცა ჩამორჩება ბელარუსსა (0.808) და თურქეთს (0.838). აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში, საქართველოს HDI ახლოსაა სერბეთის მაჩვენებელთან (0.802), ხოლო გლობალურად - მავრიკთან (0.802), მალაიზიასა (0.802) და პანამასთან (0.805).

გასული ორი ათწლეულის მანძილზე, 2000-დან 2021 წლამდე, საქართველოს ადამიანური განვითარების პარამეტრები მუდმივად უმჯობესდებოდა. მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (GNI per capita) 183.2 პროცენტით გაიზარდა, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობა 2.1 წლით, ხოლო განათლების მოსალოდნელი ხანგრძლიობა 2.4 წლით. შესაბამისად იზრდებოდა ადამიანური განვითარების ინდექსიც/HDI. 2020-2021 წლებში, მისი ზოგადი მაჩვენებელი 14.2 პროცენტით, 0.702-დან 0.802-მდე გაიზარდა.

ამ წარმატების მიუხედავად, UNDP-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობასაც ასახავს. ინდექსის დაკორექტირებისას უთანასწორობის გათვალისწინებით, საქართველოს მაჩვენებელი 12 პროცენტს კარგავს და 0.706-ს უტოლდება. ეს თვალშისაცემი განსხვავება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ჯერ კიდევ თანასწორად ვერ სარგებლობს მათი ქვეყნის ეკონომიკური თუ სხვა სახის მიღწევებით.

„საქართველომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია განვითარების ბევრ სფეროში, თუმცა უთანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უფრო მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს. იმისთვის, რომ არავინ დარჩეს განვითარების მიღმა, საჭიროა მეტი ინვესტიცია და მეტი ძალისხმევა ადამიანური განვითარების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური დაცვა,“- განაცხადა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

UNDP-ის ადამიანური განვითარების ინდექსი/HDI უკვე 32 წელია ითვლება და მსოფლიოს ქვეყნების განვითარებას სამი ძირითადი განზომილების მიხედვით აფასებს: ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე, განათლება და ღირსეული ცხოვრების დონე.

ზოგად მაჩვენებელთან ერთად, HDI ისეთ პარამეტრებსაც აქცევს ყურადღებას, როგორიცაა უთანასწორობა, გენდერული სხვაობები, მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და პლანეტაზე განხორციელებული წნეხი. ამ კომპლექსური შეფასების შედეგად, HDI გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვლებოდა მსოფლიო, ადამიანისა და პლანეტის ინტერესები განვითარების ცენტრში რომ ყოფილიყო.

2021 წლის მონაცემებით, ადამიანური განვითარების შეფერხება მთელს მსოფლიოში აღინიშნება, რაც უმეტესწილად კოვიდ-19-ის პანდემიას უკავშირდება. HDI უკვე მეორე წელია იკლებს, ხოლო მისი გლობალური მაჩვენებლები 2016 წლის ნიშნულს დაუბრუნდა. ქვეყნების 90 პროცენტის შემთხვევაში (10-დან 9 ქვეყანაში), HDI მხოლოდ ერთ წელს, 2020-ში ან 2021-ში შემცირდა, ხოლო 40 პროცენტის შემთხვევაში (10-დან 4 ქვეყანაში), ინდექსის კლება ორივე წელს აღინიშნებოდა. 

ყველა ქვეყნის HDI და შესაბამისი განმარტებები.

2022 წლის ადამიანური განვითარების ანგარიში „გაურკვეველი დრო, გაუმართავი ცხოვრება“.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

ნიუ იორკში:

კაროლინა გივენ სჯოლანდერი, UNDP-ის კომუნიკაციების სპეციალისტი, +1 347 908 4008, carolina.given.sjolander@undp.org

ვიქტორ გარიდო დელგადო, UNDP-ის მედიის სპეციალისტი, +1-917-995-1687, victor.garrido.delgado@undp.org

თბილისში:

სოფო ჭიჭინაძე, UNDP-ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, +995 599196907, sophie.tchitchinadze@undp.org