ნახშირბადით ვაჭრობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის

შვეიცარიის, იაპონიისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, საქართველო ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარს შეუერთდება

27 September 2022
Photo: UNDP Georgia/Leli Blagonravova
ფოტოს ავტორი: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

თბილისში გაიმართა კონფერენცია ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს ნახშირბადით ვაჭრობის უპირატესობებზე, მათ შორის, ემისიების შემცირებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მხრივ. მათ ასევე განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე წვდომისთვის და რა როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა.

კონფერენციის მუშაობაში ჩაერთო სახელმწიფო უწყებების, სამრეწველო ასოციაციების, ბიზნეს კომპანიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 50-ზე მეტი წარმომადგენელი.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, იაპონიის ელჩმა საქართველოში აკირა იმამურამ, შვეიცარიის ელჩის მოადგილემ საქართველოში ურს ბეერმა და გაეროს განვითარების პროგრამის/UNDP მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.  

„საქართველოს აქვს ამბიციური ეროვნული გეგმები კლიმატის ცვლილების შერბილებისა და დაბალემისიიანი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ეს ეროვნული მისწრაფებები გამყარებულია საერთაშორისო შეთანხმებებითა და ვალდებულებებით, მათ შორის პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე წვდომა ხელს შეუწყობს ამ დღის წესრიგის განხორციელებას და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობას“.
სოლომონ პავლიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
„ნახშირბადით ვაჭრობა ყველასთვის მომგებიანია, რადგან ერთის მხრივ, ემისიებს ამცირებს, ხოლო მეორეს მხრივ, მწვანე გარდაქმნისთვის საჭირო დამატებით რესურსებს აძლევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. მივესალმები შვეიცარიისა და იაპონიის მზაობას, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს გზა გაუკვალონ ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ამ შესანიშნავი იდეის პრაქტიკული განხორციელება დავიწყოთ“.
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

პარიზის შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ ამბიციური ვალდებულებები აიღო - ემისიების შემცირება 35 პროცენტით 2030 წლისთვის 1990 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით, რაც საკმაოდ კარგ პერსპექტივას აძლევს ქვეყანას ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე შესასვლელად.

ამ მხრივ, შვეიცარია და იაპონია საქართველოს მხარდამჭერები და სავარაუდოდ, პირველი სავაჭრო პარტნიორებიც არიან. გაეროს განვითარების პროგრამასთან/UNDP თანამშრომლობით, შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო სამდივნომ/SECO ნახშირბადით ვაჭრობისთვის საქართველოს მზაობა შეაფასა, არსებული საკანონმდებლო თუ სხვა სახის ხარვეზები გამოავლინა და ტექნიკური დახმარების პაკეტი შეიმუშავა.

2021 და 2022 წელს, საქართველომ ხელი მოაწერა ნახშირბადით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს შვეიცარიასა და იაპონიასთან, რომლებიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც საქართველო მოსამზადებელ სამუშაოებს დაასრულებს და სრულად მზად იქნება შესაბამისი ტრანზაქციების შესასრულებლად.

ნახშირბადით ვაჭრობის შედეგად მიღებული დაფინანსებით, საქართველო შეძლებს წარმატებით შეასრულოს კლიმატის ცვლილების შერბილებასთან და ადაპტაციასთან დაკავშირებული მიზნები და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას კლიმატგონივრული განვითარების გზაზე.

ნახშირბადის ბაზარი

ნახშირბადის ბაზარი და ემისიებით ვაჭრობის სისტემები საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია ემისიების ტრანსფერი, გაყიდვა ან ყიდვა ქვეყნებსა თუ კომერციულ კომპანიებს შორის. მსგავსი საბაზრო მექანიზმების გამოყენება ასევე დაშვებულია პარიზის შეთანხმებით, მე-6 მუხლის ფარგლებში.

იმისთვის, რომ ქვეყანა ან კომპანია ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარს შეუერთდეს,  მის მიერ წარმოდგენილი ემისიების შემცირება ან ემისიების სრული ამოღება დადასტურებული უნდა სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებითა და სრული გამჭვირვალობის დაცვით. გარდა ამისა, ნახშირბადის ტრანზაქციების განხორციელება მოითხოვს შესაბამისი ინსტიტუციური და ფინანსური მექანიზმების, ისევე როგორც სოციალური და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის არსებობას.

ნახშირბადის ბაზრების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებგვერდზე  Climate Promise.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org