ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა საქართველოში

იაპონიის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერენ საქართველოს ტყეების დაცვას, ემისიების შემცირებასა და კლიმატისადმი მედეგი გადაწყვეტების დანერგვას

7 April 2022

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

იაპონიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთად იწყებენ 920,000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.

7 აპრილს ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

ერთწლიანი ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეების მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვას - ტყეების დაცვას, ტყის ეკოსისტემის დეგრადაციისა და გაჩეხვის შემცირებას და ტყის ხანძრების პრევენციასა და შესაბამისი რისკების მართვას. ამის შედეგად, ტყე უკეთ შეასრულებს თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, რომელიც ნახშირბადის შთანთქმას და სათბური აირების ემისიების შემცირებას ითვალისწინებს.

იაპონიისა და UNDP-ის ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი განხორციელდება, რომლის ფარგლებში „საქმიანი ეზოები“ შეიქმნება და ხე-ტყის  დამზადების მდგრადი პრაქტიკა დაინერგება.

საქმიანი ეზოების მოწყობა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის ნაწილია,  რომელიც ეგრეთ წოდებული, „სოციალური ჭრების“ ეტაპობრივ გაუქმებასა და შეშის ალტერნატიული პროდუქტების, მაგალითად, ბიომასის მოხმარებაზე გადასვლას ითვალისწინებს. საქმიანი ეზოს მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისთვის კომფორტული გარემოსა და სერვისების შექმნა, განახლებადი ენერგიის წყაროებზე წვდომის გაზრდა და ტყის დაცვა და გაჯანსაღება. 2023 წლიდან, საქმიანი ეზოები მთელ საქართველოში სრული დატვირთვით უნდა ამოქმედდეს.

იაპონიისა და UNDP-ის ხელშეწყობით განხორციელებული საპილოტე პროექტი სწორედ ამ მიდგომის დანერგვას ემსახურება. მცხეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნება და აღიჭურვება სამი საქმიანი ეზო, რომელიც დაახლოებით 43,000 ადგილობრივ მოსახლეს მოემსახურება.

„მდგრადი განვითარება ცხოვრების მდგრად სტილსა და შემოსავლის მდგრად წყაროს ეყრდნობა. სწორედ მდგრადი განვითარება აძლევს ადამიანებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რომელიც საფრთხეს არ უქმნის გარემოს. საქართველო იმ 23 ქვეყნისა და ტერიტორიის რიცხვშია, სადაც იაპონია და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

„იაპონიამ ამბიციური გეგმა დაისახა, რათა 2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალურობას მიაღწიოს. ამ ეროვნული გეგმის განხორციელებასთან ერთად, იაპონია ასევე ხელს უწყობს დაბალემისიანი ეკონომიკის მშენებლობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში, ჩვენი დახმარების შედეგად, 43,000 ადამიანი შეძლებს მწვანე და მდგრადი გადაწყვეტების გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ტყის ფაქიზი ეკოსისტემის დაცვას“, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.

„საქართველოს უნიკალური და მდიდარი ტყეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამავდროულად, ტყე ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. მოხარულები ვართ, საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ისტორიაზე დაყრდნობით, განვაგრძოთ ადამიანური უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერა და ხელი შევუწყოთ ტყის ეკოსისტემის დაცვას. ჩვენი დახმარების შედეგად, 43,000 ადამიანი შეძლებს მწვანე ენერგიის გადაწყვეტების დანერგვასა და შემოსავლის მდგრადი წყაროს გამოყენებას“, - დასძინა მან.

„იმ მექანიზმების დანერგვა, რაც, გარემოს დაცვის პარალელურად, დასაქმების და სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა, გლობალური პრიორიტეტია. მადლობას ვუხდით საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყანაში მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის პროცესში მხარდაჭერისთვის. მისასალმებელია, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც იაპონია და გაეროს განვითარების პროგრამა ერთად უწყობენ ხელს კლიმატის ცვლილების პირობებში ეკოსისტემების დაცვას, მათ შორისაა ტყის მდგრადი მართვის მიმართულებაც. ტყის კოდექსის ეტაპობრივი იმპლემენტაცია რეგიონებში მოსახლეობისთვის საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ამბიციური ვალდებულებები აიღო. ახალი პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების ნაწილში ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას”, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

2021 წელს, საქართველომ მიიღო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის უპირობო ვალდებულებას 2030 წლისთვის 35 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2030 წლის კლიმატის ცვლილების ეროვნულ სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმის 10 პროცენტით გაზრდა სწორედ ამ ამბიციური გეგმის ნაწილია.

2021 წელს, ასევე გაიმართა გაეროს კლიმატის მსოფლიო კონფერენცია (COP26),  რომლის მსვლელობაში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს მსოფლიოს 100 ქვეყანას მათი ეროვნული ვალდებულებების შესრულებაში. UNDP-ის ამ გლობალურ ინიციატივას „კლიმატური დაპირება“ (Climate Promise) მხარს უჭერენ ისეთი დონორები, როგორიცაა გერმანია, შვედეთი, ევროკავშირი, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ისლანდია და პორტუგალია. 2022 წლიდან ამ სიას იაპონიაც შეუერთდა, რომელიც ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ხელშეწყობას უწევს Climate Promise-ის განხორციელებას. საქართველოს ტყის მდგრადი მართვის პროექტი სწორედ ამ გლობალური ძალისხმევის ფარგლებში განხორციელდება.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: climatepromise.undp.org

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907 sophie.tchitchinadze@undp.org
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge