საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: წყალზე უფლების რეალიზაცია საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: წყალზე უფლების რეალიზაცია საქართველოში
4 ივნისი 2025
წყალი საზოგადოებრივი სიკეთე და ღირსეული ცხოვრების საფუძველია. ეს ფასდაუდებელი ბუნებრივი რესურსი შეზღუდულია და განსაკუთრებულ გაფრთხილებას საჭიროებს.
წყალზე საკმარისი და უსაფრთხო წვდომა ადამიანის უფლებაა. ყველა ადამიანს, ფიზიკურად თუ ეკონომიკურად, ხელი უნდა მიუწვდებოდეს წყალზე პირადი და საშინაო (საყოფაცხოვრებო) მოხმარებისთვის.
2024 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პრიორიტეტულად სწავლობდა წყლის უფლების რეალიზებას საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა გაეროს სააგენტოების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსისა (GANHRI) და ნორვეგიის მხარდაჭერით განხორციელდა.
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური მეთოდოლოგია შეიმუშავა, რის საფუძველზეც აპარატის წარმომადგენლებმა საქართველოს 5 რეგიონში და 15 მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ვიზიტები განახორციელეს.
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში გაანალიზებულია:
- წყალზე უფლების საერთაშორისო სტანდარტები.
- სახელმწიფოს ვალდებულებები.
- წყალზე უფლების შინაარსობრივი ასპექტები და პრინციპები.
- ეროვნული რეგულაციები.
გარდა ამისა, ანგარიში აღწერს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს:
- ამ დროისათვის საქართველოში მხოლოდ 8 ლიცენზირებული წყალმომარაგების კომპანიაა, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონს სათანადოდ ვერ ფარავენ. ამის შედეგად, წყლის მიწოდების მხრივ, საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.
- არსებულ გამოწვევებს შორისაა წყლის არასაკმარისი რაოდენობა, დიდი მანძილი საცხოვრებელ სახლსა და წყლის მოპოვების ადგილს შორის, დაუცველი ჯგუფების ინტერესების გაუთვალისწინებლობა, წყლის არასათანადო ხარისხი და კონტროლის არარეგულარობა.
- ადგილობრივი მაცხოვრებლები ხშირად არ ფლობენ ინფორმაციას წყლის უსაფრთხოებასა და ხარისხთან დაკავშირებით.
წყლის უფლების განხორციელების მიზნით, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში შესაბამის უწყებებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სთავაზობს.