ვსწავლობთ მწვანე გადასვლას
ვსწავლობთ მწვანე გადასვლას
23 თებერვალი 2026
წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები წარმოადგენს საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალას. ის განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი:
- კლიმატის ცვლილებაზე, ჩვენი პლანეტის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე.
- მდგრად სოფლის მეურნეობაზე და თუ როგორ შეუძლია სოფლის მეურნეობას უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება გარემოს დაცვით.
- ენერგიის წყაროებზე, მათ ევოლუციასა და მდგრადი ენერგეტიკის მომავალზე.
- ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებზე, ბუნების დაცვის თანამედროვე მიდგომებსა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე.
- ნარჩენების მართვაზე და ცირკულარულ ეკონომიკაზე, ნარჩენების გონივრულ მართვაზე და მდგრად მოხმარებაზე.
- რესურსების მდგრად მართვაზე, ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასა და მათ შენარჩუნებაზე მომავალი თაობებისთვის.
ბროშურებში კომპლექსური ინფორმაცია გადმოცემულია მარტივი და გასაგები ენით, რათა თითოეულმა მკითხველმა შეძლოს ზემო-აღნიშნული საკითხების გააზრება და საკუთარი როლის გაცნობიერება მათ გადაჭრაში.
ბროშურა კლიმატის ცვლილებაზე: მიზეზები, შედეგები და მათი გადაჭრის გზები
მკითხველი გაეცნობა კლიმატის ცვლილების მიზეზებს - სათბურის აირებს, წიაღისეული საწვავის წვას, ტყეების გაჩეხას, სოფლის მეურნეობის გავლენას და ნარჩენების მართვის პრობლემებს. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული კლიმატის ცვლილების შედეგები სხვადასხვა სფეროზე: ბუნებრივ გარემოზე და ბიომრავალფეროვნებაზე, სოფლის მეურნეობასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე, წყლის რესურსებზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაზე, ასევე ტურიზმსა და ურბანულ ცხოვრებაზე.
პუბლიკაციაში მოცემულია კონკრეტული გადაჭრის გზები - როგორც საზოგადოებრივ (შერბილება და ადაპტაცია), ისე ინდივიდუალურ დონეზე, რომელთა დახმარებითაც თითოეული მკითხველი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლებს საკუთარი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
ბროშურა მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ
მკითხველი გაეცნობა სოფლის მეურნეობის საფუძვლებსა და ევოლუციას - რა როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა სასურსათო უსაფრთხოებაში, ეკონომიკასა და ეკო სისტემებში. დეტალურად არის განხილული თანამედროვე გამოწვევები: მსოფლიოს მზარდი მოსახლეობა, კლიმატის ცვლილება, რესურსების შეზღუდვა და სოციალური უთანასწორობა.
გამოცემა ეხება სოფლის მეურნეობის მომავალს: ურბანული და ვერტიკალური სოფლის მეურნეობა, ცილის ალტერნატიული წყაროები და ცირკულარული ეკონომიკა სურსათის წარმოებაში.
ბროშურა განახლებად და არაგანახლებად ენერგიასა და ენერგოეფექტურობაზე
ბროშურაში მკითხველი გაეცნობა არაგანახლებადი რესურსების არსს - ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბირთვული ენერგია - მათ წარმოქმნას, გამოყენებასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას. გამოცემაში წარმოდგენილია განახლებადი ენერგიის წყაროები როგორც მდგრადი ალტერნატივა, მზის ენერგია, ქარის ენერგია, ჰიდროენერგია, გეოთერმული და ბიომასის ენერგია, მათ პოტენციალი და გამოყენების სფეროები.
გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგოეფექტურობას როგორც ენერგიის გონივრულად გამოყენების პრაქტიკას. მკითხველი გაეცნობა საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო და სამრეწველო ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და ხარჯების შემცირებას.
ბროშურა ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებზე (NbS)
მკითხველი გაეცნობა ბიომრავალფეროვნების არსს - რა არის გენეტიკური, სახეობათა და ეკოსისტემური მრავალფეროვნება.
ბროშურა აღწერს ბიომრავალფეროვნების მთავარ საფრთხეებს: ჰაბიტატების დაკარგვა და ფრაგმენტაცია, კლიმატის ცვლილება, ჭარბი მოხმარება, ინვაზიური სახეობები და დაბინძურება.
მკითხველი გაეცნობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების (NbS) კონცეფციას - როგორც თანამედროვე, ეფექტიან მიდგომას, რომელიც იყენებს ეკოსისტემების ძალას გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.
ბროშურა ნარჩენების მართვასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე
მკითხველი გაეცნობა ნარჩენების ტიპებს და კლასიფიკაციას - არასახიფათო, სახიფათო და ინერტული ნარჩენები, მათი მახასიათებლები და გარემოზე ზემოქმედება. ბროშურაში განხილულია თუ როგორ აბინძურებს ნარჩენები გარემოს და რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნარჩენების მართვის ჯაჭვს - შეგროვება, ტრანსპორტირება, დახარისხება, გადამუშავება და განთავსება, თითოეული ეტაპის როლსა და მნიშვნელობას.
მკითხველი გაეცნობა ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციას - როგორც ალტერნატივას წრფივი ეკონომიკისა ("აიღე-აწარმოე-გამოიყენე-გადააგდე"). ბროშურა აღწერს ცირკულარული აზროვნების სამ ძირითად პრინციპს: ნარჩენების თავიდან აცილება დიზაინის ეტაპიდან, პროდუქტებისა და მასალების ბრუნვაში შენარჩუნება და ბუნებრივი სისტემების აღდგენა.
ბროშურა რესურსების მდგრად მართვაზე
მკითხველი გაეცნობა მდგრადობის კონცეფციას - რა არის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობა და როგორ ურთიერთქმედებს ეს სამი პრინციპი ერთმანეთთან. დეტალურად არის განხილული გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDGs) და მათი კავშირი რესურსების მართვასთან.
ბროშურა აღწერს ეკოსისტემებსა და ბუნებრივ ციკლებს - ეკო სისტემური სერვისების ტიპებს (მომარაგების, მარეგულირებელი, დამხმარე და კულტურული) და საკვები ნივთიერებების ძირითად ციკლებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის ზემოქმედებას გარემოზე - ეკოლოგიურ კვალს, რესურსების არამდგრად გამოყენებას და კლიმატის ცვლილების გავლენას.
მკითხველი ასევე გაეცნობა რესურსების მდგრადი მართვის ძირითად პრინციპებს: ეფექტიანობა, თანასწორობა, განახლებადობა, სიფრთხილე და ადაპტირება.
მასალა მომზადებულია CENN-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.