საქართველოს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ. 2019

საქართველოს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ. 2019

28 November 2019

წინამდებარე კვლევაში შესწავლილია საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო სამსახურის, სახელმწიფო სერვისებისა და მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2,400 საქართველოს მოქალაქე, 571 საჯარო მოხელე, ჩატარდა ფოკუსური ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები. შედეგები შედარებულია ანალოგიური კვლევის მიგნებებთან, რომელიც 2016 წელს ჩატარდა.

კვლევა მომზადდა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის "ეი-სი-თი" მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა ((UNDP) და ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით.

ძირითადი მიგნებები:

  • საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ კვლავ მაღალია, 67%, თუმცა 2016 წელთან  შედარებით აქ 4%-იანი კლება შეინიშნება.
  • საჯარო მოხელეთა 80% ამაყობს თავისი საქმიანობით და ეს მონაცემი 2016 წლის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა.
  • საჯარო მოხელეები დადებითად აფასებენ საჯარო მმართველობის ინსტიტუციურ რეფორმებს, მათ შორის მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვას.
  • კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე შემცირდა საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის მიმართ. მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ შემცირდა 74%-დან 2016 წელს 58%-მდე 2019 წელს.
  • გამოკითხულ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკური დაკვეთითაა განპირობებული გაიზარდა 34%-დან 2016 წელს 56%-მდე 2019 წელს.
  • 2016 წელთან შედარებით იკლო იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობამ, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებრივ ინტერესს  ემსახურება - 67% 2016 წელს, 59% 2019 წელს.
  • გამოკითხულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ, შემცირდა 50%-დან 41%-მდე.
  • საქართველოს მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს სახელმწიფო მმართველობის რეფორმაზე და ღია მმართველობაზე (შესაბამისად, 38% და 22%), თუმცა მოქალაქეები დადებითად აფასებენ სახელმწიფო სერვისების ხარისხს, განსაკუთრებით ცენტრალური მთავრობის მიერ მიწოდებული სერვისების შემთხვევაში.
  • გამოკითხულ მოქალაქეთა 49%-მა იცის, რომ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით შეუძლია შენიშვნები მიაწოდოს შესაბამის უწყებას, მაგრამ ამ შესაძლებლობით მხოლოდ 7%-ს უსარგებლია.
  • გამოკითხულ მოქალაქეთა 75%-ს აქვს ელექტრონული ID ბარათი, მაგრამ 84%-ს არასდროს გამოუყენებია ის ელექტრონული სერვისის მისაღებად.