UNDP-ის ადმინისტრატორის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით - 8 მარტი 2022

თემა: ‘გენდერული თანასწორობა მდგრადი მომავლისთვის’

7 March 2022

ქალთა საერთაშორისო დღე

დღეს მსოფლიოს სურს, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ადამიანთა უდიდესი ტანჯვა უკრაინაში, სადაც ლტოლვილთა რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა. შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ყველა უკრაინელის უსაფრთხოებას. ისევე როგორც სხვა კონფლიქტების დროს, ქალები და გოგოები, განსაკუთრებით ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულები, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის გაზრდილ საფრთხეს განიცდიან.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შეუერთდა გაეროს მყისიერი რეაგირების ინიციატივას, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულთა დახმარებას ემსახურება, როგორც უკრაინაში, ისე ლტოლვილთა მიმღებ მეზობელ ქვეყნებში.

უკრაინაში გასათვალისწინებელია იგივე მიდგომა, რომელიც ყველა სხვა კონფლიქტისა თუ კრიზისული ვითარების კონტექსტში მოქმედებს, ავღანეთიდან, საჰელამდე და მიანმარიდან იემენამდე - ქალთა მონაწილეობის გაზრდა და რეალური თანასწორობა უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი გადაწყვეტების მოსაძებნად მშვიდობის დამყარებისა და კონფლიქტის პრევენციის მიმართულებით.

ამავე მიდგომას უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციასა და კატასტროფათა რისკის შემცირებას - სწორედ ეს შეარჩია გაეროს ქალთა სტატუსის კომიტეტმა თავისი წლევანდელი სესიის თემად.

ქალები საკვანძო როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის სექტორებში და ხშირად ბუნებრივი რესურსების მართვის სტრატეგიების განხორციელებას უძღვებიან. ამ მხრივ, მათ ეფექტიანი და მდგრადი გადაწყვეტების გამოვლენა და განხორციელება შეუძლიათ. თუმცა, გარემოს დეგრადაცია და რესურსების სიმწირის ფონზე გაზრდილი კონკურენცია კიდევ უფრო ამძაფრებს გენდერული ძალადობის რისკს, ხოლო გარემოს დამცველ ქალებს მუქარისა და ძალადობის საშიშროებას უქმნის.

გაეროს განვითარების პროგრამისა და პიტსბურგის უნივერსიტეტის გლობალური ანგარიში „გენდერული თანასწორობა საჯარო მმართველობა“ ცხადყოფს, რომ  კლიმატის ცვლილება და გარემოს კრიზისები ქალებზე არაპროპორციულად მძაფრად აისახება. მიუხედავად ამისა, ქალები კვლავ „შუშის  ჭერს“ აწყდებიან და გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში ხელმძღვანელ პოზიციებს ვერ იკავებენ. მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებში ქალთა მონაწილეობა საშუალოდ 33 პროცენტს შეადგენს. ასევე იშვიათია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვა გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

თუმცა ცვლილება მაინც შესაძლებელია. გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა „კლიმატური დაპირება“ (Climate Promise) ხელს უწყობს მსოფლიოს 120 ქვეყანას შეამცირონ სათბურის აირების ემისიები და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDCs) შეასრულონ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი მნიშვნელოვანი მექანიზმია არა მხოლოდ მდგრადი განვითარებისთვის, არამედ გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ამ დოკუმენტების დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებში მთელ მსოფლიოში 110,000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ქალები ხელმძღვანელობენ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულების პროცესს.

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მეორე თაობის დოკუმენტების 96 პროცენტი შეიცავს მინიშნებას გენდერულ თანასწორობაზე. პირველი თაობის დოკუმენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 48 პროცენტს არ აღემატებოდა.

კიდევ ერთი მაგალითია „ფემინისტური ქმედება კლიმატური სამართლიანობისთვის“ კოალიციის საქმიანობა, რომელსაც UNDP და პარტნიორთა კონსორციუმი ხელმძღვანელობს. კოალიციის მიზანია მომდევნო ხუთი წლის მანძილზე დააჩქაროს კაცობრიობის წინსვლა კლიმატური სამართლიანობისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში.

სწორედ ასეთ ინიციატივებს უნდა დავეყრდნოთ, რათა გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში უფრო ამბიციური და გენდერულად პასუხისმგებლიანი დღის წესრიგი შევიმუშაოთ. ასეთ დღის წესრიგში გათვალისწინებული უნდა იყოს ქალთა უნიკალური საჭიროებები და პერსპექტივები და ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის აქტიური ხელშეწყობა. ასევე, მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს ქალების წვდომას გარემოსდაცვით ფინანსირებაზე.

ასეთი სახის ცვლილებებმა შესაძლოა „დომინოს ეფექტი“ იქონიოს. მაგალითად, კვლევა აჩვენებს, რომ პარლამენტში ქალთა მაღალი წარმომადგენლობის მქონე ქვეყნები უფრო დიდი ალბათობით ახდენენ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების რატიფიცირებას, რაც ესოდენ სჭირდება დღევანდელ მსოფლიოს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელმძღვანელობს მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებით, ჩვენი ახალი 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმით და სამომავლო 2022-2025 წლების სტრატეგიით გენდერული თანასწორობის შესახებ. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, UNDP კიდევ უფრო გააძლიერებს თავის ძალისხმევას გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე. ჩვენი ორგანიზაცია შესაბამისად იცვლება. გენდერული ბალანსი, 50/50, უკვე სრულადაა მიღწეული ჩვენს თანამშრომლებს შორის.

დარწმუნებულები ვართ, რომ მდგრადი, მწვანე და თანასწორი მომავლის შექმნა გენდერული თანასწორობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. პანდემიის დროს შეგროვებული ანალიტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ გარემოზე ორიენტირებული აღდგენის პროცესში თითოეულმა ქვეყანამ ქალებისა და გოგოების საჭიროებები ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად უნდა აქციოს. ეს ითვალისწინებს ახალი პოლიტიკის შემუშავებას ქალებისა და გოგოების ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ისეთი ფაქტორების გათვალისწინებას, როგორიცაა აუნაზღაურებელი შრომა, ზრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა, შრომის ბაზარში ჩართულობა, ქალთა მიმართ ძალადობა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია.  

ერთი რამ ნათელია - თუ დღეს მსოფლიოში უფრო თანასწორი გარემოს შექმნას მოვახერხებთ, ჩვენი მომავალი ბევრად უფრო საიმედო და მდგრადი იქნება.

აჰიმ შტაინერი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი