აივ, ადამიანის უფლებები და კანონი

აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების მოსამართლეთა ფორუმის მეოთხე კონფერენცია თბილისში გაიმართა

18 November 2022
HIV, Human Rights and the Law: 4th meeting of the Eastern European and Central Asia Regional Judges’ Forum
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ერთობლივად უმასპინძლეს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების მოსამართლეთა ფორუმის მეოთხე კონფერენციას „აივ, ადამიანის უფლებები და კანონი“, რომელიც 17-18 ნოემბერს თბილისში გაიმართა.

ფორუმის ორგანიზებაში ჩართული იყო UNDP-ის რეგიონული ჰაბი სტამბულში და UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობა.

ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ მაღალი რანგის მოსამართლეები აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რვა ქვეყნიდან: ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების დელეგატებმა და საჯარო უწყებებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა. ღონისძიება გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში. მონაწილეთა ნაწილი მას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით შეუერთდა. 

ფორუმზე შეკრებილმა მოსამართლეებმა განიხილეს მეცნიერული, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები და სამართლებრივი რეკომენდაციები, რომლებიც აივ/შიდსთან მიმართებაში არსებულ უფლებრივ და სამართლებრივ ვითარებას უკავშირდება. მსჯელობა შეეხო სოციალურ და სტრუქტურულ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ აივ-ით მცხოვრები ადამიანებისა და ზოგადად მოსახლეობის მოწყვლადობაზე. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს იურიდიულ და სამართლებრივ რეაგირებაზე აივ-თან დაკავშირებულ შემთხვევებზე, ამ მხრივ არსებულ ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო კანონმდებლობაზე და საკუთარ გამოცდილებაზე აივ ინფექციისა და თანმდევი დაავადებების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ. ფორუმის ერთ-ერთი თემა იყო აივ ინფექციის გამჟღავნების, გადაცემისა და დამალვის დეკრიმინალიზაცია.

მოსამართლეთა ფორუმის დღის წესრიგის შედგენისას გათვალისწინებული იყო სამი წინმსწრები შეხვედრის შედეგები და რეკომენდაციები, რომლებიც მოლდოვაში (2019), ტაჯიკეთსა (2020) და უკრაინაში (2021) გაიმართა. მოსამართლეთა საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, მოსამართლეთა მე-4 რეგიონულმა ფორუმმა შემდეგი საკითხები განიხილა:

  • მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა აივ-ითა და ტუბერკულოზით დაავადებული პირებისთვის, მათ შორის, საგანგებო ვითარებისა და კატასტროფის პირობებში.
  • საერთაშორისო სტანდარტები აივ-ის გადაცემის, გამჟღავნებისა და დამალვის დეკრიმინალიზაციასთან მიმართებით.
  • აივ სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში.
  • აივ-ის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებული რისკები.
  • კონფიდენციალურობის უფლების დაცვა აივ ინფექციის მქონე პირებისთვის: აღსრულების მექანიზმები და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა აივ სტატუსის გამჟღავნებისთვის.
  • მორალური ზიანის ანაზღაურება აივ ინფექციით მიყენებული ზიანისთვის.
  • აივ ინფექცია და დასაქმება: შრომითი დავები.
  • მეურვეობა და შვილად აყვანა აივ ინფიცირებულთა მიერ.
  • აივ ინფექცია, როგორც ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება და განქორწინების საფუძველი.

აივ ინფექციასა და ტუბერკულოზთან დაკავშირებული სამართლებრივი გარემო აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში საგრძნობლად გაუმჯობესებულია. თუმცა გარკვეული სამართლებრივი ბარიერები კვლავ აღინიშნება. აივ ინფიცირებულთა, აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და ტუბერკულოზით დაავადებულთა უფლებები სათანადოდ არაა დაცული. საკანონმდებლო, პოლიტიკური და მარეგულირებელი ჩარჩოები, რომლებიც პრევენციას, მკურნალობას, ზრუნვასა და მხარდაჭერას არეგულირებს, მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. ძირითად სამართლებრივ ბარიერებს შორისაა აივ-ის გადაცემის, გამჟღავნებისა და დამალვის კრიმინალიზაცია, სექს-მუშაობის კრიმინალიზაცია ან სექს-მუშაკების მიმართ მზარდი სადამსჯელო ზომები, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და/ან პირადი მოხმარებისთვის შენახვის კრიმინალიზაცია, იძულებითი აივ ტესტირება და სხვა.

ქმედითი და ეფექტიანი მართლმსაჯულება აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ, რეგიონის რიგ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემა საკმაოდ პროგრესულია, რასაც მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებებიც ადასტურებს.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

სტამბულში:

  • ქერენ სირილო, ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი, karen.cirillo@undp.org
  • სეიედ ომერ საადათი, კომუნიკაციების ანალიტიკოსი, sayed.omer@undp.org

საქართველოში:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP-ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org