გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში

გერმანია და გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერენ სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლების დაცვას

30 October 2023
Access to Environmental Justice in Georgia

გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში

თბილისი. 30 ოქტომბერი 2023 – გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომელიც საქართველოში გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების განვითარებას ეხება. კვლევაში განხილულია არსებული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, გამოვლენილია გამოწვევები და წარმოდგენილია რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ.

კვლევის საჯარო წარდგენა 30 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სპეციალური მოხსენება გააკეთა ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტის წევრმა, პროფესორმა თომას შომერუსმა, რომელიც სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული.

„საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანებზე და მთლიანად საზოგადოებაზე. გერმანია მხარს უჭერს სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე ადამიანის ფუნდამენტური უფლების დაცვას საქართველოში. ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართული საკანონმდებლო ჩარჩოს შეფასებას, რათა გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი.“
ლიდია ქრისტმანი, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი გერმანიის საელჩოში
"გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების განმტკიცებისა და მოქალაქეთა გარემოსგან მიყენებული ზიანისგან დაცვის მიმართულებით საქართველოს შეუძლია საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოთი იხელმძღვანელოს. ჩვენი კვლევა წარმოაჩენს გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოში მიღწეულ პროგრესს და ასევე შეისწავლის ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს. კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ, რომელთა მიზანია საქართველოში მიღებულ პრაქტიკასა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს შორის არსებული განსხვავების შემცირება."
დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში

კვლევა ჩატარდა 2023 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ. მისი დასკვნები ეფუძნება საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს სამაგიდო კვლევას და 27 სიღრმისეულ ინტერვიუს როგორც საჯარო მოხელეებთან, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი სამართლებრივი ჩარჩო საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული. ორჰუსის კონვენცია უშუალოდ გამოიყენება, ხოლო კონსტიტუცია განსაზღვრავს ადამიანის უფლებას ჯანსაღ გარემოზე, ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტისას საზოგადოების მონაწილეობას. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ადამიანს აქვს უფლებას მიმართოს სასამართლოს გარემოსდაცვითი დარღვევების შემთხვევაში, ხოლო მოქმედი ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები შესაძლებელს ხდის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების როგორც პროცედურულ, ისე შინაარსობრივ გასაჩივრებას.

კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებობს სხვადასხვა სახის ბარიერი, რომელიც აფერხებს გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას და მოქალაქეებს უქმნის განცდას, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების ეფექტიანი მოგვარება სამართლებრივი გზებით საკმაოდ რთულია. 

აღნიშნული ბარიერები მოიცავს სისტემურ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო განხილვის ზედმეტად გრძელი ვადები, რაც ცალკეულ შემთხვევებში პრაქტიკულად მართლმსაჯულებაზე უარის თქმად შეიძლება ჩაითვალოს, და სპეციფიკურ პრობლემებს, მაგალითად, გარემოსდაცვით საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლეების ნაკლებობას და კანონმდებლობის ვიწრო ინტერპრეტაციას, რაც ხელს უშლის სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლების დაცვას.

კვლევაში განხილულია სხვა ბარიერებიც, მათ შორის, ინფრასტრუქტურული თუ დეველოპერული პროექტების საჯარო განხილვების ინკლუზიურობისა და მისაწვდომობის გამოწვევები და  ინფორმაციის მოთხოვნის იგნორირებისა ან არადამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემის შემთხვევები.

კვლევაში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საკვანძო უწყებების მიმართ, რომლებიც ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესებული აღსრულება, დროული სასამართლო განხილვები და პროცედურები, კანონის უზენაესობის ინსტიტუტებისა და საჯარო უწყებების შესაძლებლობების განვითარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ხარისხიანი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაცია 

UNDP-სა და გერმანიის მხარდაჭერა გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების მიმართ ხორციელდება გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დაუცველი და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მართლმსაჯულებაზე წვდომისა და მედეგობის გაზრდას ემსახურება. 1.62 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. 

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის