ქუთაისს მიენიჭა საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო ჭკვიანი ეკო-ქალაქის პორტფელისთვის

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, გამოავლენს მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ინიციატივების კონკურსის გამარჯვებულებს

19 December 2022
Kutaisi Smart Eco-City
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთნენ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მიერ გამოცხადებულ კონკურსში საუკეთესო მუნიციპალური პრაქტიკისა და ინიციატივების გამოსავლენად.

კონკურსის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), დანია და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი რამდენიმე მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომლებიც ადგილობრივი და რეგიონული განვითარების მიზნებს ემსახურება - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) და „ინტეგრირებული ტერიტორიული მართვა“ (ITD), და დანიის მიერ დაფინანსებული „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის“ ხელშეწყობის პროგრამა.

წლევანდელ კონკურსში 14 მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა, ხოლო ქუთაისმა, ჭკვიანი ეკო-ქალაქის მიმდინარე ინიციატივისთვის, საუკეთესო პრაქტიკის წოდება დაიმსახურა.

ჭკვიანი ეკო-ქალაქი ქუთაისის მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელია, რომელიც ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის ხელშეწყობით, M4EG პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ამ ინოვაციური პორტფელის განხორციელებისთვის ქუთაისმა  ევროკავშირისგან 225,000 ევრო მიიღო.

„ჩვენი რეგიონული და ადგილობრივი პროგრამების მეშვეობით, ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს მუნიციპალიტეტებს აღმოაჩინონ განვითარების შესაძლებლობები, იკვლიონ ზრდის ახალი ტრაექტორიები და ისარგებლონ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებით“.
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
„გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაზე უშუალოდ აისახება, სწორედ მუნიციპალურ დონეზე მიიღება. აქვე გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები თანასწორი და მდგრადი საზოგადოების მშენებლობისკენ. გაურკვევლობის პირობებში, მხარს ვუჭერთ ტრანსფორმაციულ ინიციატივებს, რომლებსაც განვითარება უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავთ ეკონომიკურ, სოციალურ და კლიმატურ გამოწვევებთან გამკლავებისთვის“.
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

ათეას ეროვნული კონფერენცია და დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება ქმნის სადისკუსიო ფორუმს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლები ისეთ საკითხებზე მსჯელობენ, როგორებიცაა სახელმწიფო სერვისების მიწოდება ადგილობრივ დონეზე,  გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტა, მიღებული გამოცდილება, გაკვეთილები და საუკეთესო პრაქტიკა.

წელს, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა მუნიციპალური განვითარების ტრანსფორმაციულ გზებზე. ბათუმმა, ქუთაისმა და ფოთმა თავისი ტრანსფორმაციული ინიციატივები წარადგინეს, რომელთაც ეს მუნიციპალიტეტები ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, M4EG პროექტის ფარგლებში ახორციელებენ.

გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ადგილობრივ დონეზე. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს  ინკლუზიური მუნიციპალური ბიუჯეტის სახელმძღვანელო, რომელიც ადგილობრივმა ექსპერტებმა ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით შეადგინეს.  

კონფერენცია გახსნა გიორგი ტყემალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ათეას ვიცე-პრეზიდენტმა. კონფერენციის მუშაობაში ჩაერთნენ კახა კახიშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე; მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; და ნიკო თათულაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში.

საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო სულ ათმა მუნიციპალიტეტმა მიიღო:

  1. სენაკი. ნომინაცია: კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე“
  2. ქუთაისი. ორ ნომინაციაში: (1) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა, (2) საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება.
  3. ზუგდიდი. ოთხ ნომინაციაში: (1) ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, (2) ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია, (3) საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება, (4) მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა.
  4. ონი. ნომინაცია: ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.
  5. დუშეთი. ნომინაცია: ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია
  6. ჩოხატაური. ნომინაცია: გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობა.
  7. ქედა. ნომინაცია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება.
  8. ფოთი. ნომინაცია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება.
  9. ხაშური. ორ ნომინაციაში: (1) მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულება, (2) სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები
  10. ბათუმი. ნომინაცია: მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვაში ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი განხორციელდა UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ხელშეწყობით გერმანიის და ყატარის დაფინანსებით.

საკონტაქტო ინფორმაცია: